რამდენიმე დღეა, ყარაბაღში კვლავ დაიწყო საომარი მოქმედებები და აზერბაიჯანი კვლავ ცდილობს თავისი გავლენის დაბრუნებას. ბევრი ადამიანი თვლის, რომ აზერბაიჯანმა დრო იხელთა და გამოიყენა სიტუაცია, რადგან იქ რუსეთმა ჯარის ნაწილები შეასუსტა. თუმცა ასე არ ფიქრობს ექსპერტი მამუკა არეშიძე და თვლის, რომ უფრო სერიოზული პროცესები მიდის მსოფლიოში.
- ბატონო მამუკა, უკრაინის ომის პარალელურად, ყარაბაღშიც დაიწყო საომარი მოქმედებები, ამ პროცესებზე რას იტყვით?
- ადრე, თქვენთან ერთ-ერთ ინტერვიუშიც ვამბობდი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შედეგების მიუხედავად, ყარაბაღის ომი დამთავრებული არ იყო. ჯერ ერთი, ყარაბაღი მთლიანად დაკავებული არ იყო, მეორე, მხარეები ამ შედეგებში თავს თვლიდნენ წარმატება მიღწეულად და არა გამარჯვებულად. ამიტომ ვიცოდი, აუცილებლად გაგრძელდებოდა ეს პროცესი. დღეს ბევრი რამ, რაც მსოფლიოში ხდება, ერთმანეთთან დაკავშირებულია და გარკვეული დიდი გეგმის ნაწილია. მე თუ მკითხავთ, ერთმანეთთან დაკავშირებულია ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გასვლა, ყარაბაღის მოვლენები, ასევე, ყაზახეთში სამოქალაქო პროტესტის გადაზრდა უფრო სხვა პროტესტში, უკრაინის მოვლენები... რომელი ერთი ჩამოვთვალო, ეს ერთი დიდი სქემის სხვადასხვა ნაწილია.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ვინ გეგმავდა ამას? ვერ გეტყვით, ერთი ავტორი ჰყავდა თუ არა, მაგრამ მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთმა სერიოზული ხაფანგი დაუგო რუსეთს, იცოდა რა, მისი სურვილები უკრაინასთან და საერთოდ, პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით. ამ ხაფანგში თავი გააყოფინა, მაგრამ მანამდე გარკვეული ნაბიჯები გადადგა... არც ის არის გამორიცხული, რომ რუსეთი აპირებდა აგრესიული ნაბიჯების გადადგმას უკრაინასთან მიმართებით და აზერბაიჯანთან და თურქეთთან თავიდანვე მორიგება მოინდომა. ის, რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, ან მხარეები შექმნილ ვითარებას სათავისოდ იყენებენ, ფაქტია.
- ყარაბაღის ამბები შეთანხმებაა, თუ სიტუაციის გამოყენება?
- ეს მომენტის გამოყენებაც არის, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ წინასწარი გეგმის ნაწილია. გავიხსენოთ, 22 თებერვალს, უკრაინის ომის დაწყებამდე აზერბაიჯანის ლიდერი მოსკოვში იყო ჩასული და სამოკავშირეო შეთანხმებას მოაწერა ხელი. არადა, წლებია რუსეთი ცდილობდა აზერბაიჯანი როგორმე თავისი გავლენის სივრცეში მოექცია, მაგრამ ეს ვერაფრით მოახერხა. რაღა მაინც და მაინც უკრაინაში შეჭრის წინა დღეებში მოხდა ეს ყველაფერი? ეს შეკითხვები ჩნდება და პასუხი ასეთია, ეს არ არის იმ მომენტში მიღებული გადაწყვეტილება.
ვიღაცას ალბათ ჰგონია, აზერბაიჯანმა დაინახა, რომ რუსეთი დაკავებულია უკრაინის მოვლენებით, სამშვიდობო ძალები შეასუსტა ყარაბაღში და ამიტომ წამოიწყო ასკერანის რაიონზე შეტევა. ასე არ არის. მე მაინც მგონია, რომ ეს წინასწარ მოფიქრებული და გააზრებული, ნაწილობრივ, წინასწარ შეთანხმებული იყო. ისიც მგონია, რომ ყარაბაღის მოვლენების განვითარება ადრე სომხურ პოლიტიკურ ელიტასთანაც იყო შეთანხმებული. თუ ეს ასეა, ეს არის ყველაზე მეტად ცინიკური. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხურმა ელიტამ გაწირა დაახლოებით 5000 კაცი მაინც, რომ მსხვერპლი ჰყოლოდა და თითი მათკენ არ გაეშვირათ. ამ ლოგიკის ირიბი დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს, თუნდაც ის, რომ ყაზარმები სავსე იყო სომხეთში გადამზადებული ჯარისკაცებით და ისინი ყარაბაღის კონფლიქტში არ ჩაურთავთ. ასევე იყო სხვა ფაქტებიც.
- როგორია თქვენი ვარაუდი, როგორ დამთავრდება ყარაბაღის ამბები?
- აზერბაიჯანი არ ჩქარობს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ. ასკერანში ახლა განსაკუთრებული მსხვერპლი არ არის. ჯერ ხმამაღალი გამაფრთხილებლით მოსთხოვა იქაურ მოსახლეობას დაეცალათ სოფლები, მერე დაიწყო გზის მშენებლობა, ტრაქტორები და სამშვიდობო პროფესიის ხალხი შეიყვანა. მერე მივიდნენ რუსი "სამშვიდობოები" და მოსთხოვეს ნოემბრის ხელშეკრულება შეესრულებინა, აზერბაიჯანელები გაჩერდნენ, მაგრამ ისინი რომ წავიდნენ, ამათმა გააგრძელეს სამუშაოები. მოლაპარაკება ვითომ შედგა, მაგრამ აზერბაიჯანი იმ ახალი დაკავებული ტერიტორიებიდან არ გასულა. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, აზერბაიჯანი არ მოეშვება ყარაბაღს, ვიდრე პრაქტიკულად არ დაიკავებს მთლიანად. შეიძლება ერთადერთი ნაწილი დარჩეს ჯერჯერობით სომხეთს, ეს არის ქალაქი სტეფანაკერტი. გავითვალისწინოთ, აზერბაიჯანი ამას იმით ხსნის, რომ სომხეთი არ ასრულებს სამშვიდობო ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც "ზანგეზურის დერეფნის" ვალდებულებას ეხება. სომხეთის ლოგიკაც გასაგებია, მას არ უნდა თავის ტერიტორიაზე ტვირთებმა იმოძრაოს ბაქოსა და ანკარას შორის. მეორე მხრივ, აზერბაიჯანმა გადადგა ის ნაბიჯიც, რომლითაც ამ დერეფნის საჭიროება ნულამდე დაჰყავს... ირანთან მოაწერა ხელი, მისი ტერიტორიის გამოყენებით, თურქეთში ტვირთის გადატანის საკითხზე. სხვათა შორის, თურქეთის მთავრობას მაინც და მაინც არ გახარებია ეს, რადგან არ უნდა ირანზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ ირანისთვის ძალიან კარგი პროექტია, ტრანს-აზიური სავაჭრო კორიდორი ირანზე რომ გადის.
- ფიქრობთ, რომ რუსეთი თავს დაანებებს ყარაბაღს?
- არა მგონია. ეს მისთვის სახის დაკარგვა იქნება სამხრეთ კავკასიაში. ალბათ იქ ჯარს გააძლიერებს, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთი აპირებს მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმოს აზერბაიჯანს. თუ მთლიანად დაუთმო ყარაბაღი, მაშინ იქ საერთოდ არ იქნება სამშვიდობო ჯარის დაყენების საჭიროება, ამიტომ რუსეთი ამ ნაბიჯს მთლიანად არ გადადგამს, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია გაყინული კონფლიქტები, ამ ვითარების შენარჩუნება აწყობს, რომ თავისი წარმომადგენლობა ჰქონდეს სომხეთში და ყველა ქვეყანაში - აზერბაიჯანში ამ სახით, სომხეთში თავისთავად ჰყავს, საქართველოში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჰყავს და რასაკვირველია, არ გავა. ახლა ბრძოლა მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. დასავლეთმა, როგორც იქნა, გადაწყვიტა რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქროს, ამას აკეთებს უკრაინის ხელით, მაგრამ უკრაინის გარდა, სხვა ძალებიც ჩაერთვებიან. დასავლეთში არიან გარკვეული ძალები, რომლებმაც კბილი მოუსინჯეს საქართველოს და მოლდოვას, ჩაერთვებოდნენ თუ არა ამ ომში. განსაკუთრებით ძლიერი ზეწოლა იყო ომის პირველ ნახევარში, მოლდოვაზე და ირიბი ზეწოლა საქართველოზეც იყო. მოლდოვამ თქვა კიდეც, რუსეთის ჯარი უნდა გავიდესო, მაგრამ მეორე წუთას შეცვალა ეს პოზიცია და გაზის მოწოდებაზე უარი არ თქვა. გასაგებია, რომ მოლდოვის ხელისუფლებამ ეს განცხადება სხვისი კარნახით გააკეთა. რასაკვირველია, მოლდოვის ხელისუფლებასაც და ჩვენს ხელისუფლებსაც სურს გავიდეს რუსის ჯარები, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი მომენტი და არა სხვისი კარნახი და ფაფხური. რაც შეეხება სხვა გარემოებებს, დასავლეთში თუ არის ისეთი ძალები, რომლებსაც კონფლიქტში საქართველოს და მოლდოვას ჩართვა უნდათ, ასეთივე ძალები არის რუსეთშიც. პატრუშევის გუნდის ნააზრევი ასეთია, რადგან დისკრედიტირებული ვართ, ბარემ მოვასუფთაოთ პოსტსაბჭოთა სივრცე და მივხედოთ საქართველოსაც და მოლდოვასაც. ასე რომ პარადოქსულია, მაგრამ დაპირისპირებული მხარეების აზრები ამ ნაწილში ემთხვევა ერთმანეთს. ეს არის საერთო მოცემულობა.
ბოლოს და ბოლოს, მოხდა დასავლეთის კონსოლიდაცია, რომ რუსეთი განადგურდეს, როგორც დასავლეთის მოწინააღმდეგე ქვეყანა. რუსეთი აუცილებლად უნდა დაეცეს ეკონომიკურად, აღარ უნდა ჰქონდეს ავტონომიური პოლიტიკის გატარების საშუალება და ასე შემდეგ. ახლა ახალი საფრთხე ელის რუსეთს, ყაზახეთი კბილის მოსინჯვა იყო და აპრილის მეორე ნახევარში არის ვარაუდი, რომ ტაჯიკეთში შეიჭრებიან თალიბები. ტაჯიკეთში არის ყველაზე დიდი რუსული ბაზა ცენტრალურ აზიაში და წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდება. იმიტომ, რომ ტაჯიკი მოსახლეობის სერიოზული ნაწილი გულშემატკივრობს თალიბებს, რადგან მთავარი დამრტყმელი ძალა, რომელიც მიმართულია ჩრდილოეთისაკენ, ზუსტად ტაჯიკებით არის დაკომპლექტებული, ოღონდ ავღანელი ტაჯიკებით და უზბეკებით. ამიტომ, ასეთი ინფორმაციაც კი არსებობს, რომ ამას აპირებენ.
წარმოიდგინეთ, ტაჯიკეთშიც თუ პრობლემები შეექმნა რუსეთს, კიდევ რა მდგომარეობაში ჩავარდება. თუ თალიბები შეიჭრებიან, მაშინ გასაგები იქნება, რატომ გამოვარდა ამერიკა ავღანეთიდან და მიატოვა იქ მთელი იარაღიც. გამოდის, რომ ეს იყო მაშინ სპეციალურად გაკეთებული იმისთვის, რომ გაქცევის სახე ჰქონოდა და სინამდვილეში ეს იყო არა გაქცევა, არამედ ამერიკული ჯარის ტაქტიკური გამოსვლა, რათა რუსეთს შეჰქმნოდა იმის ილუზია, რომ ამერიკული ჯარი დასუსტებულია და ყოველგვარი გარიგების გარეშე, თალიბებს მიეღოთ იარაღი და უამრავი მძიმე ტექნიკა, რაც იქ დატოვეს ამერიკელებმა. თუ ეს ასე მოხდა, რუსეთისთვის უფრო მძიმე დღეები დადგება, ვიდრე დღეს არის.
- უკრაინის ომსაც შევეხოთ, რა მოლოდინი გაქვთ ამ კუთხით?
- მე უახლოეს მომავალში უკრაინის ომის დამთავრებას არ ველოდები. ამას მოლაპარაკებები არ უშველის, ნატოზე უარის გარდა, სხვა საკითხებია და ვფიქრობ, აქ ვერ შეთანხმებიან. ეკონომიკური სანქციები უნდა გაგრძელდეს და რუსეთს დეფოლტი ხელში უჭირავს. ყველაფერი დროის საკითხია, მაგრამ უკრაინელებისთვისაც მუშაობს დრო, უამრავი ადამიანი იხოცება. რუსებმა ტაქტიკა შეცვალეს და მაინც აპირებენ ძირითადი ზღუდის შექმნას დონეცკში და ლუგანსკში, ამიტომაც იკლავენ თავს მარიუპოლისთვის, მიხვდნენ, უნდა შეინარჩუნონ ის, რაც აქვთ...
დასავლეთი აუცილებლად გააძლიერებს უკრაინას იმისათვის, რომ რუსეთის არმია ამ ომიდან წარმატებული ვერ გამოვიდეს, დღეს რუსეთი ცდილობს სახე შეინარჩუნოს და თქვას, დონეცკი და ლუგანსკი ჩვენიაო, მაგრამ მას ამის საშუალება არ უნდა დაუტოვონ. რუსული საზოგადოების დიდი ნაწილის ტვინი მოწამლულია და კონსოლიდირებულია ხელისუფლების გარშემო.
ოფიცრები ურეკავენ რუსი ტყვე შვილის დედას, მისი შვილიც იქ ზის და ისმენს, დედა როგორ ეუბნება მათ, მე არ მინდა თქვენთან ლაპარაკი, მე ვიცი, რომ ის ტყვედ ჩავარდა, მაგის გარდა კიდევ სამი შვილი მყავს და მაგას რაც გინდათ, ის უქენითო. წარმოიდგინეთ, ადამიანს ტვინი როგორ აქვს მოწამლული. ფაქტია, პროპაგანდამ რუსული საზოგადოების დიდ ნაწილზე გადასარევად იმუშავა, რასაკვირველია, ყველა ასე არ ფიქრობს, მაგრამ ამ ფაქტიდან გამომდინარე, ხვდებიან დასავლეთიც და უკრაინაც, რომ მთავარი სამხედრო და ეკონომიკური წარმატებაც კი არ არის, ეს პროპაგანდისტული წარმატებაც არის. ამასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. მასაც მუშაობა სჭირდება. პროპაგანდისტული წარმატება ვერ დადგება, თუ ეს "ობივატელი" არ შეწუხდა, რომელიც თავის შვილს სწირავს, იმიტომ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს. სენატორი კატონი რომის სენატში გამოდიოდა ყოველდღე და იძახდა კართაგენი უნდა დაინგრესო, თავიდან არ უსმენდნენ, მერე ყური დაუგდეს და საბოლოოდ, ის გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც ის იძახდა. ახლა ზუსტად ამ პოზიციაზეა ზელენსკი, დასავლეთი მივა საბოლოოდ იმ დასკვნამდე, რომ ბოლომდე უნდა მიიყვანონ ეს, ან აზრი არ აქვს. ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა არის მილიარდში ერთი პროცენტი, რუსეთის მოქმედების ლოგიკიდან გამომდინარე. სხვა დანარჩენი, დასავლეთისთვის პრობლემა არ არის, არც ქიმიური და არც ბიოლოგიური იარაღის გამოყენება. ამიტომ, ბოლომდე უნდა მიიყვანონ საქმე და რუსეთი უნდა განადგურდეს. არა პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურად, რადგან პოლიტიკურად განადგურებული რუსეთი პრობლემურია არამხოლოდ დასავლეთისთვის, ჩვენთვისაც.
- "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს მთელი ოპოზიცია და თვლის, რომ ხელისუფლებას უფრო მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს უკრაინის ომზე, თქვენ რას იტყვით ამაზე?
- ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ქართული ხასიათის მაქსიმალისტურ დემონსტრირებას ახდენენ. ხელისუფლების პოზიცია, რომ მაქსიმალურად მოერიდოს კონფლიქტში ჩართვას, აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ამ ყველაფერს მოქნილობა აკლია. რადიკალური ოპოზიციის პოზიცია მაქსიმალისტური ხასიათის "საუკეთესო" ნიმუშია, იმ თვალსაზრისით, რომ გინდა თუ არა, ჩვენც ჩავერთოთ და ავანგარდში ვიყოთო. ომზე არ არის აქ ლაპარაკი, უბრალოდ პროცესებში ვიყოთ მაქსიმალურად ჩართულებიო. ეს აქსიომაა, მაგრამ მოქნილობის თვალსაზრისით, ძალიან იშვიათია ქართულ ისტორიაში მოვიყვანოთ მაგალითები, რომ მეფემ, ხელისუფლებამ მოახერხა მოქნილად ჩართულიყო საერთაშორისო პოლიტიკაში ისე, რომ ქვეყნის ინტერესები მინიმალურად დაეზიანებინა და შედეგი მიეღო. ასეთი მეფე საქართველოს ისტორიაში იყო გიორგი ბრწყინვალე და ამიტომ დაარქვა ხალხმა მას ბრწყინვალე. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული საბრძოლო აქტივობები არ ჰქონია, მაინც მიაღწია ქვეყნის მშენებლობას და წარმატებას. ხალხიც შეინარჩუნა, ქვეყანაც შეინარჩუნა და აღმშენებლობის საოცარი პროცესი წამოიწყო.