სულ სხვა გრანტი

სულ სხვა გრანტი

აი, რას წერს ოთარ ჩიჯავაძე თავის რომანში „თვითმკვლელები“: „როგორც იქნა, პირველად დავდგი ფეხი საფრანგეთის მიწაზე. პირველადაო?.. ამას რას ვამბობ?! განა ზეიმით არ მივლია მე ამ მიწაზე მუშკეტერის ტანსაცმელში გამოწყობილს, დაშნით არ განმიგმირავს ყველა ჩემი მოწინააღმდეგე... აქ ვყვინთავდი მე ოკეანის მრისხანე ტალღებში ჩაძრულ ხომალდისკენ და ბნელ მღვიმეში ვებრძოდი ვეებერთელა რვაფეხას... ეს მე, ვეება ზარების რეკვით სმენადაკარგულს, ყოვლად მახინჯ კუზიანს, ისე ნაზად მიყვარდა მშვენიერი ესმერალდა... მე ვიყავი იფის ციხე-სიმაგრის პატიმარი, და მონტე-კრისტოს კუნძულზე აურაცხელი განძეულის მპოვნელი... ეს მე, და არა სხვას, მიყვარდა პროვინციელი ექიმი ბოვარის ცოლი...“

ახლა, გურამ დოჩანაშვილს მივმართოთ და გავიხსენოთ „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“: „ბევრი, ბევრი სიცოცხლე გვინდოდა, ბევრნაირი, სხვადასხვა და ჩვენ-ჩვენს ოთახებში, მაგიდისაკენ თავდახრილნი, ათასნაირი სიკვდილით მოვმკვდარვართ, - ზღვაში ჩავძირულვართ, ქუსლში დავჭრილვართ, გილიოტინაზე ავსულვართ, ფათერაკგადახდილნი, საწოლში მშვიდად გარდავცვლილვართ, დავღუპულვართ გარშემორტყმულნი, კატისთვალება ვაჟკაცის - ელ სორდოს გვერდით, სხვაც მოგვიკლავს და მერე გვინანია, ოოო, რა უცნაურად... როგორ... მიწისთვის გვიკოცნია და მისი წმიდათაწმინდა ნამცეცები აგვყოლია ტუჩებზე, შურის საძიებლად ავმხედრებულვართ, გვივლია, გვივლია, გვიწანწალნია დაკლაკნილ გზებზე...“.

შემდეგ, მოცალეობის ჟამს ან წაიკითხეთ და ანაც მოისმინეთ ვლადიმირ ვისოცკის „ბალადა ბრძოლაზე“.

წიგნების სერია გამოიცა, საერთო სახელწოდებით „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ და აზრად მომივიდა, გავაკეთო სერია „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, როგორც კი გარდაიცვლები“.

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

სერიოზულად კი, სიამოვნებით გავაკეთებდი და აუცილებლად გავაკეთებ ჩამონათვალს „50 წიგნი, რომელიც უნდა წავაკითხოთ ბავშვებს, რათა მათ წიგნის კითხვა შეუყვარდეთ“.

უკვე იყო ასეთი - „სათავგადასავლო ბიბლიოთეკა“, რომლის გამოცემაც 50-იან წლებში დაიწყო და 60-იან წლებში დასრულდა. ლამაზი ყდებით, გემრიელი წინა და ბოლოსიტყვაობებით, გემოვნებიანი ილუსტრაციებით და მათზე მინაწერებით: „ეს იყო სამხრეთული ვეშაპი“, „ის იყო გაისმა ფოლადის წკარუნი, რომ მონასტრის კუთხესთან მისი ყოვლადუწმინდესობის რაზმელები გამოჩნდნენ“... ბოლოში იყო შენიშვნები, რომელთა წაკითხვის შემდეგაც ბევრს რამეს ახალს გაიგებდი. მაგრამ, ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ გადაშლიდი და ეგრევე რუკა, გლობუსი, ციხე-სიმაგრე, თოფი, დაშნა და ტომაჰავკი რომ დაგხვდებოდა.

ახლაც მახსოვს, როგორ დაიბარა სკოლის ბიბლიოთკის გამგემ, ქალბატონმა ცუცა სვანაძემ, დედაჩემი - მეორეკლასელისთვის „კაპიტან გრანტის შვილების“ წაკითხვა ჯერ ადრეაო, მაგრამ „დუნკანზე“ უკვე დაეჭირათ უზარმაზარი ნათელთევზა, უკვე ვიცოდი, რომ დაღუპული სამანძიანი ბრიგის, „ბრიტანიას“ ორი მეზღვაური და კაპიტანი გრანტი შველას ითხოვდნენ და ვიცოდი ისიც, რომ ლორდი გლენარვანი არაფერს დაიშურებდა გრანტის მოსაძებნად.

ისიც მახსოვს, იმ დღეებში როგორ წაგვიყვანეს მეორეკლასელები პლეხანოვზე, თოჯინების თეატრში, იხვის ჭუკის თუ ბატის ჭუკის სანახავად და დარბაზში ყიჟინა რომ ატყდა - „მანანა, მანანა“ - დავკარი ფეხი და მასწავლებლის უკითხავად სახლში წავედი (იქვე, ახლოს, ოქროსუბანში ვცხოვრობდი). რა დროს იხვი და მანანა იყო, როცა თაბორის კუნძულამდე ათიოდე გვერდი რჩებოდა და იქ იყო გრანტი.

30 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიგე ეს სიტყვა - გრანტი. მას შემდეგ სულ მესმის, მესმის, მესმის და... ვერ გამიგია.

სადღაც 90-იანი წლების შუაში გავიგე, რომ ნაცნობებმა შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი“. ჯერ მარტო ის რად ღირს - თავისუფლება, და მერე უკვე ამის ინსტიტუტს რომ აკეთებ და საძულველ მთავრობას ემიჯნები, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?

მეგონა, შეიკრიბნენ ბიჭები, ვიღაცამ ბინა გაიმეტა ოფისად, ვიღაცეებმა ავეჯი მოიტანეს, ერთმა კომპიუტერი შეწირა საერთო საქმეს, მეორემ საკანცელარიო ნივთები, ჯიბეები ამოიტრიალეს, სახელოები დაიკაპიწეს და შეუდგნენ საქმეს. მოგეხსენებათ, ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე. წესი კი ის იყო, მარადიულ ფასეულობებს რომ იტყვიან - ძმობა, ერთობა, თავისუფლება, თანადგომა, სიყვარული... ოღონდ - ყველაფერი გულწრფელი და ყველაფერი გულწრფელად.

ჯერ კიდევ ცოცხალი იყო (ახლაც ცოცხალია) ეროვნული მოძრაობის მოგონებები და განა კლასიკური არასამთავრობო ორგანიზაციები არ ვიყავით „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“, „ეროვნული სამართლიანობის კავშირი“, „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“, „დასი“ და სხვები? თუნდაც, ეროვნული გვარდია ავიღოთ - მთავრობისგან მიტოვებული არაორგანიზებული ჯარი, მაგრამ სახელმწიფოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის შინაგანად ორგანიზებული ბიჭები... და გოგოებიც.

ამიტომაც იყო, „თავისუფლების ინსტიტუტის“ შექმნას რომ მივესალმე, რადგან ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ პროგრესის მთავარ მამოძრავებელ ძალას გულწრფელობა და ენთუზიაზმი წარმოადგენს, ხოლო პროგრესი ის კი არ არის - აიფონი, აიპოდი და მეხუთე თაობის გაზის აპარატურა... პროგრესი არის თავისუფლება და თანადგომა. თანადგომა თავისუფლებისთვის და თავისუფლება თანადგომისთვის.

თავისუფლებისთვის ბრძოლაში ფული როგორ უნდა იშოვნო? ადამიანის უფლებების დაცვაზე როგორ უნდა გამდიდრდე?

ამიტომაც მივესალმე „თავისუფლების ინსტიტუტის“ შექმნას.

საერთოდ კი, ამ საქმეში ვერ ვერკვევი. ასე მგონია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნიან რომელიმე კეთილშობილური იდეის გარშემო შეკრებილი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამ კეთილშობილური მიზნის მისაღწევად უფრო ეფექტური ნაბიჯები სწორედ ორგანიზებულობით გადადგან. ყველა სადღაც მუშაობს, ყველა რაღაცას საქმიანობს, არჩენენ ოჯახებს, იკვებებიან, იმოსებიან, ყიდულობენ წიგნებს... მოკლედ, ყველას თავის საქმე აქვს, მაგრამ აქვთ საერთო იდეა, იკრიბებიან, იღწვიან და აზრადაც არ მოსდით ფულის კეთება.

ასე უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. შესაძლოა, არის სადღაც სხვაგან, თუმცა პირადად მე დიდი და გონივრული ეჭვი მეპარება. ალბათ, იქნებოდა გარიჟრაჟზე და ამ საღამოხანს კიდევ შემორჩა თითო-ოროლა, გამონაკლისის სახით, მაგრამ გამონაკლისი წესს ადასტურებს, ეს წესი კი ის წესია, რომელიც არ არის საქმე. უფრო, უსაქმურობაა.

როცა „თავისუფლების ინსტიტუტის“ შექმნას მივესალმე, რას წარმოვიდგენდი, რომ გაივლიდა რამდენიმე წელი და უკვე მთავრობაში მყოფი ეს ადამიანები საკუთარ დროშაზე „ნულოვან ტოლერანტობას“ დააწერდნენ და ციხეებს უდანაშაულო ადამიანებით აავსებდნენ!

თავისუფლება არა, კვახი! ინსტიტუტი არა, ტოროლა!

თურმე, სად ვბანაობდი...

ახლა უკვე დავბრძენდი და დავჭკვიანდი. უკვე ზუსტად ვიცი, რატომაც იქმნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები; ზუსტად ვიცი რომელი ფონდი რისთვის აცხადებს კონკურსს, ვიცი რომელი ორგანიზაცია მოიპოვებს დაფინანსებას და რას მოხმარდება გამოყოფილი ფინანსები.

ერთ მაგალითს მოვიყვან: რამდენიმე წლის წინ ერთმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ ერთი ტყე-პარკის გადასარჩენად ერთ-ერთი საელჩოდან მიიღო დაფინანსება, სერიოზული თანხა. თუ იცით, რას მოხმარდა ფული? რას და - დაამზადეს რამდენიმე ათეული სამკერდე ნიშანი წარწერით „გადავარჩინოთ ტყე-პარკი“ და იმავე ტყე-პარკში დამფინანსებელი საელჩოს ჭამაში უპრეტენზიო თანამშრომლებისათვის გაშალეს მოკრძალებული სუფრა. მგონი, ნარჩენები არც გაუტანიათ, ისე მიატოვეს იქაურობა.

მეორე, სულ ცხელი მაგალითი: სატელევიზიო თოქ-შოუში ომბუდსმენობის კანდიდატებს განიხილავდნენ. ერთ-ერთი კანდიდატის (არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია) შესახებ ითქვა, მეზობელმა დახმარება თხოვა და არ დაეხმარაო. მას გამოექომაგა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, არგუმენტი კი ასეთი იყო - იმ დროს ასეთ პროექტს არ ახორციელებდნენ და რატომ უნდა დახმარებოდაო?

ზემოთ რომ ვთქვი, დავბრძნდი და დავჭკვიანდი მეთქი, საქმე იმაშია, რომ სწორედ ასეთ პასუხს ველოდი, რადგან საკმაოდ კარგად შევისწავლე მათი მორალი და ინტელექტი.

წაქცეული კაცი რომ ნახონ, ხელს კი არ გაუწვდიან, კი არ წამოაყენებენ, გაიქცევიან, დაწერენ პროექტს, მოითხოვენ გრანტს, შექმნიან ბიუჯეტს (ოფისი, ტექნიკა, სამივლინებო, საკანცელარიო და კომუნალური ხარჯები, თანამშრომელთა და მოწვეულ ექსპერტთა ხელფასები) და თუ დაფინანსდებიან, წავლენ, წაქცეულს წამოაყენებენ და გაპიარდებიან. თუ არა და - არა.

ეგეც შენი გრანტი!

უფრო ცხელი ამბავი, სულ რამდენიმე დღისა და ერთი-ორი საათის წინ რომ მოხდა - ორი აქცია და რამდენიმე ცემა-ტყეპა, იდენტობა. არავითარი იდენტობა! სულ რომ არაფერი ვთქვა, ვლადიმირ ბუკოვსკიმ უკვე რამდენიმე წლის წინ თქვა: „რაც უფრო მეტად დაირღვევა სექსუალური უმცირესობების უფლებები, მით უკეთ იქნებიან ამ უფლებების დამცველები“.

დარწმუნებული ვარ, „იდენტობის“ წარმომადგენლებს ვინმემ ფული რომ გადაუხადოს და იმ ლგბტ თუ რაღაც ჯანდაბაზე საცემად რომ მიუშვას, სისასტიკის უპრეცედენტო მაგალითებს ვიხილავთ. გააჩნია, საიდან აიღებენ გრანტს, გააჩნია ვინ და რა მუსიკას შეუკვეთავს. თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოვა, გრანტი იყოს და ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოება“ ნებისმიერ დაკრულზე იცეკვებს, ვაგნერის მარშზე ივლიან ნაცისტურად ხელგაშვერილები.

წყალნი წავლენ და წამოვლენ... ობლის კვერი ცხვა, ცხვა... სამართალი ურმით დადის... ბოროტსა სძლია კეთილმან...

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ქვიშანი ბუნების ძალების გავლენით რჩებიან, ცეცხლი თუ არ იქნა, კვერი ვერ გამოცხვება და სამართალსაც, რომელიც ურმით დადის, გზის გაკვალვა ჭირდება.

ამასობაში, თაობები იზრდებიან და იზრდებიან მაგალითებზე.

პირს დააღებ, ყმუილს ამოუშვებ, კომპიუტერი ყველაფერს გაასწორებს და ესტრადის ვარსკვლავი ხარ.

მამას კავშირები გააჩნია, ფილმში მთავარ როლს შეასრულებ და ცნობილი მსახიობი გქვია.

მთავარია, გარეგნობამ შეგიწყოს ხელი. არა? არც ეს არის ტრაგედია. შექმენი არასამთავრობო ორგანიზაცია, შეეკარი ფონდს, მიიღე გრანტი, ფული - ფულად, მსოფლიოს მოივლი და ცნობადი სახეც გახდები - ექსპერტი, უფლებადამცველი, გარემოსდამცველი...

მთავარია, არ გქონდეს პრინციპები, არ გქონდეს მორალი, არ გქონდეს ეთიკა და გექნება ბევრი ფული და დიდი გავლენა.

არასამთავრობოს დაირქმევენ და გრანტებით იწყებენ, შემდეგ მთავრობაში მიდიან და რომელი გრანტი შეედრება მშრომელი, დაღლილი ადამიანების მიერ გაჭირვებით შეკოწიწებულ ბიუჯეტს?

.........

კი, ბოლო-ბოლო, კეთილი აუცილებლად ძლევს ბოროტს, ოღონდ ჯერ შვილებს უნდა ავუხსნათ, რა არის სიკეთე, რა არის ბოროტება და, რაც მთავარია - რა არის ძლევა.

ჰო, ისიც, რომ ის სხვა გრანტი იყო და რომ მისი შვილები წესიერი ადამიანები იყვნენ.