ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსული ქვედანაყოფები, რომლებმაც უკრაინაში დიდი დანაკარგი განიცადეს, იძულებულნი გახდნენ რუსეთსა და ბელარუსში დაბრუნებულიყვნენ

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსული ქვედანაყოფები, რომლებმაც უკრაინაში დიდი დანაკარგი განიცადეს, იძულებულნი გახდნენ რუსეთსა და ბელარუსში დაბრუნებულიყვნენ

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, რუსული ქვედანაყოფები, რომლებმაც უკრაინაში დიდი დანაკარგი განიცადეს, იძულებულნი გახდნენ რუსეთსა და ბელარუსში დაბრუნებულიყვნენ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მძიმე დანაკარგები და ჯარების ნაწილის გაყვანა გავლენას ახდენს რუსეთის სამხედრო აქტივობაზე.

„ასეთი აქტივობა კიდევ უფრო მეტ ზეწოლას ახდენს რუსეთის ისედაც მძიმე ლოგისტიკურ მდგომარეობაზე და მეტყველებს იმაზე, თუ რა სირთულეებს აწყდება რუსეთი უკრაინის შიგნით თავისი ქვედანაყოფების რეორგანიზების კუთხით“, - აღნიშნავენ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაში.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს სახმელეთო მანევრირების შესაძლებლობის კომპენსირებას მასობრივი საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებით.

29 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობის შემცირება გადაწყვიტეს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ კიევის მახლობლად რუსეთის ჯარების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაჯგუფებაა და არა ჯარების რეალური გაყვანა.