უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, გაძლიერებულმა ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების ფლოტებიდან სპეციალურად ჩამოყვანილი დიდი სადესანტო ხომალდებით, რომ ვერ მოახერხა ოდესასთან საზღვაო დესანტის გადასხმა, ეს იმ საზღვაო ნაღმების დამსახურებაცაა, რომლებიც უკრაინელებმა სანაპიროს დესანტსაშიშ მონაკვეთებთან, ზღვის ფსკერზე განათავსეს.
რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდას რომ არ დაეჯერება, არ ახალია, მაგრამ მის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან - უკრაინელების დაყენებული ნაღმები შტორმმა ღუზებიდან მოწყვიტა და ბოსფორის სრუტისკენ წაიღოო - ორიოდე დღეში მართლაც, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სანაპიროებთან რამდენიმე საბჭოთა წარმოების მოტივტივე საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს და გაანადგურეს...
მე არ გამოვრიცხავ კიდევ ერთ ვარიანტს - შტორმმა მართლაც მოწყვიტა ღუზებს რამდენიმე საზღვაო ნაღმი, რომელიც ტალღებმა ოდესის სანაპიროზე გარიყა და იქ აფეთქდა (რისი დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც არსებობს), თუმცა რუსეთის სპეცსამსახურებმა თავისი სპეცპროპაგანდის საშუალებით სცადეს ამ სიტუაციის სათავისოდ გამოყენება - მათ ხომალდიდან თავად ჩაუშვეს რამდენიმე, ასეთივე ძველი, საბჭოთა ნაღმი რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სანაპიროებთან, რომ ისინი ოდესის სანაპიროდან მოწყვეტილ უკრაინელების საზღვაო ნაღმებად გაესაღებინათ და ამით ანტიუკრაინული განწყობა შეექმნათ...
სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს ამაზე უფრო ჩახლართული საიდუმლო ოპერაციებიც კი ჩაუტარებიათ და გასაკვირი არაფერი იქნება, მაგრამ თუკი მართლაც უკრაინელების მიერ ოდესის სანაპიროსთან დაყენებული საზღვაო ნაღმები შტორმმა მასობრივად მოწყვიტა ღუზებს, მაშინ, შავი ზღვის დინებების მიმართულებების გათვალისწინებით (რაზეც დაწვრილებით ვყვებოდი 23 მარტის ჩემს ბლოგში -„ოდესასთან ჩაყრილი „შაქრიანი“ საზღვაო ნაღმები შეიძლება ბათუმისა და ფოთის პორტებთან „ჩამოგვიცურდეს“?!), ამ მოტივტივე ხიფათს ადრე თუ გვიან ჯერ აჭარის სანაპიროსთან, შემდეგ კი ფოთის პორტთანაც უნდა ველოდოთ... რუსული მხარის განცხადებით ღუზებს თითქმის 420-მდე საზღვაო ნაღმი მოსწყდა და ისინი დინებას შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით მოაქვს.
თუ ეს მტკიცება სიმართლეს შეესაბამება, მაშინ, წესით, აქამდე რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სანაპიროსთან თითო-ოროლა კი არა, არამედ - ათობით მოტივტივე საზღვაო ნაღმი მაინც უნდა აღმოეჩინათ, რაც ძალაუნებურად ამაგრებს ეჭვს რუსულ სპეცოპერაციაზე...
ზოგიერთი მკითხველი ირონიულად უდგება თავისუფლად მოტივტივე საზღვაო ნაღმებისგან წამოსულ საფრთხეს - ერთი მაგათ ქართული ატომური ავიამზიდი არ ჩაგვიძირონო...
ავიამზიდზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ბათუმისა და ფოთის პორტები საქართველოს მთავარ საზღვაო კარიბჭეს წარმოადგენენ და მათი გავლით შემოდის ქვეყანაში პროდუქტებისა თუ საწვავის ლომის წილი, ისევე, როგორც ამ პორტებიდან გადის აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირებული ნავთობი.
როგორ მიგაჩნიათ, როდესაც ტანკერისა თუ მშრალტვირთმზიდის კაპიტანს, როდესაც მისი გემის ბორტის სიახლოვეს სახიფათოდ მოტივტივე „ეშვებიან“ საზღვაო ნაღმს დალანდავს, რისი სურვილი გაუჩნდება - გააგრძელოს მარშრუტი ქართულ პორტებისკენ თუ თავს და გემსაც უშველოს და უკან გაბრუნდეს?
სხვათა შორის, სანაპიროსთან მოტივტივე საზღვაო ნაღმის აღმოჩენისთანავე თურქეთის ხელისუფლებამ სასწრაფოდ შეაჩერა თევზის რეწვა და თევზსაჭერი სეინერების კერძო ფლოტილიებს აუკრძალა ზღვაში გასვლა, სანამ გაუვნებელყოფილი არ იქნა ის ერთი ნაღმი...
მაგრამ თუკი „გზააბნეული“ მოტივტივე საზღვაო ნაღმების რიცხვი მოიმატებს და რამდენიმე ათეულს მიაღწევს, ეს, გვინდა თუ არა, სერიოზულად შეაფერხებს სავაჭრო საზღვაო მიმოსვლას შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის ჩრდილოეთ პორტებზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს - რუსეთის თავდასხმამ ისედაც უკვე ჩაკეტა ოდესისა თუ ნიკოლაევის საზღვაო პორტები...