რუსეთის სახელმწიფო კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიამ, რუსულ მედიას, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩაწერილი ინტერვიუს გამოქვეყნება აუკრძალა. უწყების თქმით, დაწყებულია გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებლობის დონე და ის, თუ რა რეაგირება მოჰყვება ამას იმ მედიასაშუალებების მიმართ, რომლებმაც აღნიშნული ინტერვიუ ჩაწერეს. რუსეთის ამ პოზიციას თავად ზელენსკი გამოეხმაურა და ამ ქმედებას დაშინება უწოდა.
„უფრო და უფრო ვრწმუნდები, თუ რა შორს ვართ რუსეთის ფედერაციისგან. წარმოიდგინეთ, მოსკოვს შეეშინდა ჩემი ინტერვიუსი რუს ჟურნალისტებთან. მათ სიმართლის თქმის უფლებას არ აძლევენ. როცა ისინი ჩემი ინტერვიუს გაშვებას აპირებდნენ, მათ რუსული ცენზურა დაემუქრა. ეს სასაცილო კი არა, ტრაგიკულია. მათ სიტყვის თავისუფლება გაანადგურეს, ახლა კი, მეზობელი ქვეყნის განადგურებას ცდილობენ. შესაძლებელია, მათ დაინახეს, რომ რუსეთის მოქალაქეებს სულ უფრო მეტი კითხვები უჩნდებათ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. წინ მოლაპარაკების ახალი რაუნდი გვაქვს. ჩვენ მშვიდობისკენ მივილტვით. შემატყობინეს, რომ არსებობს თურქეთის ტერიტორიაზე პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა. ეს ცუდი არ არის, ვნახოთ, რა შედეგი იქნება. ჩვენი პრიორიტეტები მოლაპარაკებისთვის ცნობილია - უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ეჭვგარეშეა. ასევე, აუცილებელია უსაფრთხოების გარანტია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მიზანი ნათელია - ეს არის მშვიდობა და უკრაინაში ნორმალური ცხოვრების დროული აღდგენა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.