ასე შეიძლება დავახასიათოთ 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენები, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ეს იყო გლობალისტური ძალების და მათი საყრდენების (როგორც ნაციონალურ მოძრაობაში, ისე ხელისუფლებაში) რევანშისტული გამოხდომა და პროვოკაცია პირადად ბიძინა ივანიშვილისა და პატრიარქის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა მათი ავტორიტეტის დაცემას “დემოკრატიული” მსოფლიოს თვალში, მათ გამოყვანას ბნელ და მოძალადე მხარედ. ვინაიდან გლობალური ძალები მთელ მსოფლიოში და ნაწილობრივ საქართველოშიც აკონტროლებენ მასმედიას, მათ შექმნეს დასავლეთში ისეთი სურათი, რომ ველურმა და უკულტურო ქართველებმა კიდევ ერთხელ შეირცხვინეს თავი, ვერ ჩააბარეს დემოკრატიის ტესტიო. ასეთი სურათის შექმნას ხელი შეუწყო იმანაც, რომ აქციის მონაწილე ზოგიერთმა რადიკალმა მართლაც გადააჭარბა დადგენილ ნორმას და აგრესიულად მოიქცა. რა მოხდა სინამდვილეში, რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს 17 მაისის მოვლენებიდან, საით უნდა წავიდეს საქართველო?
სინამდვილეში ეს იყო დასავლური (ამერიკული) ცხოვრების წესის შეჯახება ქართული ცხოვრების წესთან. ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა ამერიკელებს ესმით როგორც თავისუფლების გამოვლინება, ქართული ცხოვრების წესისათვის, ჩვენი ფსიქოლოგიისთვის კი ეს სრულიად მიუღებელია. ჩვენ თავისუფლება სხვაგვარად გვესმის, თავისუფლების სხვა იდეალები გვაქვს. ამიტომ არის, რომ ასეთი სტერეოტიპების დანერგვა ჩვენში აწყდება და ყოველთვის წააწყდება მომავალში დიდ წინააღმდეგობას. ჩვენ გვაქვს უფლება გადმოვიღოთ დასავლეთიდან ის, რაც ჩვენ მოგვწონს და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი ეკონომიკური თუ კულტურის განვითარებისათვის, მაგრამ როცა ამას ძალადობრივი ხასიათი აქვს და უკავშირდება ჩვენთვის მიუღებელ და უცხო წესების ძალით დანერგვას ან ფულით წახალისებას, ის აუცილებლად დამარცხდება.
ქართველობას მთელი თავისი ისტორია ძალადობასთან ბრძოლაში აქვს გატარებული და შინაგანად იგი ძალადობის მოწინააღმდეგეა, განსაკუთრებით ე.წ. “უსუსური” უმცირესობების მიმართ. ცალკე აღებულ ასეთ ადამიანებს არავინ ერჩის, სახლში არავინ უვარდება. ტელევიზიებიც პირველ რიგში მათ იწვევენ, არ უჭირთ მატერიალურად (ჩვენგან განსხვავებით), თავისუფლად გამოთქვამენ თავის აზრს (ასევე ჩვენგან განსხვავებით), მაგრამ ისინი ამას არ ჯერდებიან და უკვე ლიდერობას ცდილობენ, ლამის მისაბაძ ადამიანებად წარმოგვიდგნენ თავს და დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენენ მოზარდებზე (თუ პროტესტი უნდოდათ მხოლოდ, რატომ დარბაზში არ გამოხატეს ან რუსთავი-2-ში შეკრებილიყვნენ ყველა ერთად?) ყველაზე ცუდი კი ის გახლავთ, რომ ყოველივე ამას ისინი დიდი გრანტებისა და ფულისათვის აკეთებენ, სასიამოვნოსა და სასარგებლოს ერთმანეთს უთავსებენ და ჩვენს გაღარიბებულ და დამცირებულ მოსახლეობას იწვევენ და აბუჩად იგდებენ. შესაბამისად, მათმა რეაქციამაც არ დააყოვნა და 50 ათასზე მეტი კაცის მრისხანე პროტესტად იჩინა თავი.
ეს იყო ქართული, ეროვნული ძალების ყველაზე ხმამაღალი პროტესტი XXI საუკუნეში ჩვენთვის მიუღებელი და უცხო “ღირებულებების” ძალით და ფულით დამკვიდრების წინააღმდეგ. ეს იყო ასევე გარკვეული მინიშნება ახალი ხელისუფლების მიმართაც, რომ თუ ისინი ნაციონალებივით ფულზე გაიყიდებიან და უცხოურ, მიუღებელ წესების დამკვიდრებას შეეცდებიან, მათაც იგივე დაემართებათ, ხალხი არც მათ აპატიებს და განაჩენს გამოუტანს. 17 მაისის მოვლენებმა კარგად აჩვენა ისიც, რომ ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა საძირკველის გარეშე ბაბილონის კოშკის ბედს გაიზიარებს. ეს საძირკველი კი არის ეროვნული იდეოლოგია თავისი 10 პარამეტრით, ქართული ცხოვრების წესი, ღირებული და პრაგმატული მამაპაპური ტრადიციები, ზნეობა და რწმენა.
თუ ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს ამ ნათელი გზით სიარულს (მისი ბიოგრაფია იძლევა ამაში დარწმუნების საშუალებას), მას უზარმაზარი მხარდამჭერები ეყოლება ამ ძნელ ბრძოლაში – მთელი ქართველობა მას მხარში დაუდგება. ამ გზაზე კი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რომლითაც იგი მოიცილებს საბოლოოდ ნაციონალებს და იმ ბალასტს, რომელიც მას კოალიციაში დაუგროვდა.