ამქვეყნად არსებობს ხელოვნების ნიმუშები, რომელთა შესახებაც საერთო აზრია შექმნილი - „გემოვნებაზე რომ დაობენ“ და ყველა ერთად აღიარებს, რომ ეს არის შედევრი და ყველა დროის ერთ–ერთი გამოჩეული ნაწარმოები, არ აქვს მნიშვნელობა, ლიტერატურული იქნება იგი, მხატვრული, თუ მუსიკალური...
ალბათ ჯიმი ჰენდრიქსის სადებიუტო ალბომმა “Are You Experienced” სამივე ზემოთქმული მიმართულება დააკმაყოფილა, რადგან გარდა მუსიკოსებისა, იგი ლიტერატორებისა და მხატვრებისთვისაც შთაგონების წყაროდ იქცა. ხოლო თეთრი ბლიუზის მამად წოდებულ ჯონ მეიალს ისიც კი ათქმევინა, რომ ჯიმი ჰენდრიქსი მე-20 საუკუნის უმნიშველოვანესი მუსიკოსია.
1967 წლის 12 მაისს მსოფლიოს მოევლინა როკ-შედევრი, რომელმაც ძირეულად შეცვალა ზოგადად მიდგომა პოპ მუსიკასთან, გახადა რა იგი გაცილებით ძნელად აღსაქმელი როკ’ნ’როლის ჟანრის თაყვანისმცემელი ახალგაზრდობისათვის. ჰენდრიქსმა, გარდა იმისა, რომ იყო გიტარაზე დაკვრის ვირტუოზი, სცენური იმიჯითაც გამოიჩინა თავი.1967 წლის მარტში ჰენდრიქსმა გიტარა დაწვა სცენაზე, ხოლო ინსტრუმენტის ნარჩენები კი ფრენკ ზაპას ხელში აღმოჩნდა...
ლეგენდარულმა მუსიკოსმა იგი საგულდაგულოდ შეინახა, ხელახლა ააწყობინა და 20 წლის შემდეგ ჯიმის პირველი გიტარით ხელში, სცენაზე მისი შვილი – დუიზილ ზაპა გამოჩნდა.
გიტარის მტვრევა, მასზე ენით დაკვრა, თუ დაწვა, ჯიმი ჰენდრიქსის სასცენო მოღვაწეობის განუშორებელ ელემენტად იმთავითვე იქცა. ამას ჰენდრიქსისაგან The Who–ს და Track Records-ის მენეჯერი კიტ ლამბერტი, ასევე მისი აღმომჩენი პროდიუსერი ბრაინ ჩაზ ჩენდლერი ითხოვდნენ. მიუხედავად ამისა, ჯიმი თუნდაც The Doors-ის რეი მანზარეკის თქმით, არასოდეს ყოფილა შოუმენი და იგი სცენაზე უფრო ფსიქოდელიური თეატრის განმასახიერებელ შამანს წარმოადგენდა...
მუსიკოსი ყველაფერს ასწრებდა, საოცარი ნაყოფიერებით გამოირჩეოდა და გასული საუკუნის 60–ელთა სენსაც თამამად ეზიარებოდა, რაც ვინძლო ეხმარებოდა კიდევაც Third Stone From The Sun –ის მსგავსი შედევრების შექმნაში...
The Jimi Hendrix Experience ლონდონში ჩამოყალიბდა. Cream–თან ერთად, ეს იყო მსოფლიოში პირველი როკ–ტრიო, რომელმაც ბლიუზი გაცილებით მძიმე ჟღერადობისკენ მიმართა, რის ამ თვალსაზრისით გვირგვინადაც Led Zeppelin–ის სადებიუტო ალბომი იქცა.
ამერიკაში ჰენდრიქსი სოულ მუსიკოსად ყალიბდებოდა და რომ არა ბრაინ ჩაზ ჩენდლერის მიერ მისი აღმოჩენა და მუსიკალურ–ინსტრუმენტულ–ტექნიკური პროგრესისაკენ არამარტო მიმართვა, არამედ ჰენდრიქსის მიერ ზოგადად მუსიკის განვითარების კარნახი, ძნელია წარმოვიდგინოთ, თუ რა გზით წავიდოდა მუსიკა და რა სახეცვლილებებს განიცდიდა როკ მუსიკოსების მომავალი თაობები, რადგან საკუთარი მუსიკალური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე უდიდესი ზეგავლენის მქონედ ჯიმი ჰენდრიქსს, არამარტო მსოფლიოს წამყვანი ჯაზ, თუ როკ გიტარისტები, არამედ მომღერლები და სხვა ინსტრუმენტებზე დამკვრელებიც აღიარებენ. მათ შორის უცებ შეგვიძლია მოგვაგონდეს ფრედი მერკური და სლეში, რობინ ტრაუერი და როჯერ ტეილორი, კიტ ემერსონი და ერიკ კლაპტონი, ზემოთხსენებული რეი მანზარეკი და სტივ რეი ვოუგენი.
ალბომ “Are You Experienced”–მა გარდა იმისა, რომ ნოვატორული თვალსაზრისით უდიდესი როლი შეასრულა, მან იდეურადაც გამოათავისუფლა The Beatles–ისა თუ The Rolling Stones–ის წნეხისაგან როკ მუსიკოსები (განსაკუთრებით ინგლისელი), მომართა რა ახალგაზრდა შემსრულებლები გაცილებით დიდი სითამამისაკენ როგორც ბლიუზისა, თუ ჯაზის ელემენტების ფართო დანერგვის, ასევე გიტარის შესაძლებლობების გამოვლენის თვალსაზრისით.
“Are You Experienced”–მა იმავე წელს ჩაწერილ „Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band”–თან და ერთი წლით ადრე გამოსულ“Bluesbreakers With Eric Clapton”–თან ერთად, გარდა იმისა, რომ საბოლოოდ მოსპო „ჟღარუნა“ გიტარ საუნდი როკ მუსიკაში, განავითარა ხმის ჩამწერი სტუდიის შესაძლებლობები, დიდი როლი ითამაშა რა ისეთი დიდი ხმის ინჟინრების სკოლის განვითარებაში, როგორიც მაგალითად დღემდე მოქმედი უხუცესი ედი კრამერისაა...
ალბომის ინგლისური და ამერიკული ვერსიები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება, რადგან 2–2 სხვადასხვა სიმღერის გარდა (ინგლისურ ვერსიაში შევიდა Red House და Can You see Me, ხოლო ამერიკულში კი Hey Joe და Purple Haze, რომლებიც ინგლისში ცალკე სინგლად გამოვიდნენ), სიმღერათა წყობაა განსხვავებული, რაც მოსმენის განწყობას აბსოლუტურად ცვლის. ასევე, ამერიკულ ვერსიაში ინსტრუმენტები უფრო გაშლილია არხებში, რაც ზოგჯერ აღარიბებს საუნდს, განსაკუთრებით დამახინჯებულს კომპაქტ დისკზე.
ინგლისური ვერსიის დასაწყისი მკვეთრად გამოხატული ჰარდ–როკულია. ალბომში პირველ ორ სიმღერად Foxy Lady–ისა და Manic Depression–ის განთავსება გვაფიქრებინებს, რომ ამ ჟანრის დაარსებაც კი ჯიმი ჰენდრიქსს შეიძლება მიეწერებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჰარდ როკის მიმართულებით წიაღსვლები, ჯერ კიდევ The Beatles–ის Please Please Me–ში შეიმჩნეოდა...
Red House უკიდეგანო იმპროვიზაციული გაქანების ბლიუზია. თავად განსაჯეთ – მუდმივად განსხვავებული სოლოებით დამშვენებული სტუდიური 4 წუთიანი სიმღერა, კონცერტებზე 12 წუთს აღწევდა ხოლმე.
Can You See Me, Love or Confusion და I Don't Live Today ალბომის პირველ გვერდს ასრულებენ. საინტერესოა, მაგრამ განსხვავებულობის მიუხედავად, გონებაში ისინი მსგავსი ტიპის სიმღერებად შეიძლება დავახარისხოთ, რაც ალბომის შეკრულობის კონცეპციაზე მეტყველებს. May This Be Love მსმენელს ჯიმი ჰენდრიქსის უცნაურობათა სამყაროში მიაფრენს იმ დროისათვის გაუგონარი გიტარ ეფექტების თანხლებით, ხოლო ორწუთიან ეიფორიას კი მისი მუდმივი სასცენო ჰიტი – როკ’ნ’როლი Fire არღვევს, გამოჰყავს რა მსმენელი მუსიკოსის იდუმალი სამყაროდან...
მხნე Fire–ს, May This Be Love –თან შედარებით, გაცილებით ღრმად ჩამთრევი და დამაფიქრებელი, ჯიმის ბოდვის ფონზე განვითარებული კლასიკური როკ ინსტრუმენტული კომპოზიცია – Third Stone From The Sun მოსდევს, რომელიც იმდენად ფართო სპექტრისაა, რომ მაგალითად გამოხატული ბლიუზმენის, ჯიმის „სულიერი შვილის“ – სტივ რეი ვოუგენის, განუყრელ საკონცერტო ჰიტად იქცა. Remember, ალბათ ჯიმის შემოქმედებაში ერთ–ერთი ყველაზე პრიმიტიული ნაწარმოებია, გამიზნული როგორც ჩანს მსმენელთა ფართო სპექტრის დასაკმაყოფილებლად და თანაც იმის შესამზადებლად, რომ „ექსპერიმენტი შედგა“...
ალბომის დასკვნით Are You Experienced?–ში უკუღმა დატრიალებული ფირის ჟღერადობაც კი გვესმის, გარდა იმისა, რომ კომპოზიცია ძალზედ ოსტატურადაა აწყობილი The Beatles–ის ეპოქალური Strawberry Fields Forever–ის დამაბოლოვებელი ნაწილის რიტმულ მონახაზსა და საუნდზეც კი.
და აქაც The Beatles... მის გარეშე ხომ წარმოუდგენელია. Are You Experienced კიდევ ერთი რამითაა საინტერესო. აქ ვერ ვხვდებით ჯიმი ჰენდრიქსის განუყრელ vah vah guitar ეფექტს. ჯონ მეიალის თქმით მე–20 საუკუნის უმნიშვნელოვანესმა მუსიკოსმა, იგი ფრენკ ზაპასაგან მოსმენილი, უკვე მეორე ალბომ “Axis: Bold As Love” -დან დანერგა. ამ ალბომის ჩაწერის ისტორია ბურუსითაა მოცული. ფაქტია, რომ ჯიმიმ უეცრად გადაწყვიტა წვეულების მიტოვება, სადაც ბრაინ ჩაზ ჩენდლერი და მუსიკოსები ახალ ალბომს ზეიმობდნენ, ჩასაწერად გამზადებული ფირი სტუდიაში წაიღო და მისი ნაწილი თავიდან გადაწერა. საწყისი ფირი კი ტაქსიში დარჩა... ამგვარად “Axis: Bold As Love” -ის თავდაპირველი ვერსია დაიკარგა და მას ვეღარც მიაგნეს. vah vah guitar ეფექტი კი სწორედ ამ ნამუშევრიდან გახდა მასობრივად პოპულარული, შემდგომში რომ არაერთმა ცნობილმა გიტარისტმა მრავალგზის გამოიყენა. Are You Experienced -ის ქავერებს კი დღემდე განსაკუთრებით ეტანებიან სრულიად განსხვავებული ჟანრის მუსიკოსები, რაც მით უფრო ზრდის ალბომის აქტუალობას.