თითქმის ყოველ დღე, უკრაინული და დასავლური მედია "ძლევამოსილი რუსული არმიის" ე.წ. ელიტური დანაყოფების უმოწყალოდ განადგურების პარალელურად, იტყობინებიან, სად, რომელ რაიონში გაანადგურეს ჩეჩენთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ გაპიარებული სამხედროები, რომელთა სამხედრო მომზადებაშიც, მისივე თქმით, მილიარდობით რუბლია ჩადებული.
მართალია, პუტინისა და მისი ფავორიტის პროპაგანდისტული მანქანები კვლავაც იმ ხაზს მიჰყვებიან, რომ მათი არმია უძლეველია და რუს სამხედროებს "უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა სიხარულით იღებს", თუმცა რუსეთშიც საკმაოდ ბევრს აქვს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თანამედროვე სტანდარტების მქონე უკრაინის შეირაღებული ძალებისა და სხვადასხვა ქვეყნის მოხალისეების პირისპირ, ისინი ერთადერთ რამეს ფლობენ - რაოდენობრივი უპირატესობა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, არც ეს არის ეფექტიანი.
ინტერნეტში მუდმივად ვრცელდება "კადიროვცების" დამწვარი და განადგურებული სამხედრო ტექნიკისა და გაქცეული ჩეჩნური ბატალიონების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მათი "მაღალი დონის სამხედრო წვრთნა და მომზადება" სინამდვილეში მითია. როგორც ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლები სხვადასხვა ფსევდონიმებით წერდნენ, "კადიროვცები" მხოლოდ მშვიდობიანი, უიარაღო ადამიანების, პუტინისა და კადიროვის პოლიტიკის წინააღმდეგ განწყობილი სამოქალაქო აქტივისტებისა და სექსუალური უმცირესობების პირისპირ არიან ძლიერები"
რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში დაიღუპა კადიროვის "მარჯვენა ხელი", მაგომედ ტუშაევი, რომელიც გავრცელებული ცნობებით, უკრაინელმა სნაიპერმა ქალმა მოკლა. ის 141-ე მოტოზირებული პოლკის მეთაური იყო. რამზან კადიროვმა რამდენიმე მედალიც გადასცა და რაც მთავარია, მუდმივად აცხადებდა, რომ "ტუშაევი, მისი ნდობით აღჭურვილი, რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტის დასაცავად, სამხედრო სამსახურში მყოფი პირი იყო."
ცნობისთვის, მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას კარგა ხანს მალავდა ჩეჩნეთის ლიდერი და მხოლოდ გვიან აღიარა. კადიროვი მუდმივად აცხადებს, რომ "უკრაინაში საომრად და უკრაინელი ხალხის გასათავისუფლებლად ათობით ათასი მოხალისე მზადყოფნას გამოთქვამს." რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა მისი მიმართვა, სადაც პუტინს ჰპირდება, რომ მისი ყველა ბრძანება შესრულებული იქნება.
ტუშაევის შემდეგ, ჩეჩნეთის ლიდერი ამბობს, რომ ამჯერად, უკრაინაში კიდევ ერთი "მარჯვენა ხელი" ანზორ ბისაევი გაუშვა, რომელიც ჩეჩნეთსა და ზოგადად, რუსეთში კარგად ცნობილი ОМОН -ის დაქვემდებარებაში არსებული ბატალიონ "ახმატ-გროზნის" მეთაურია.
ინტერნეტმომხმარებლები, რომელთათვისაც სოციალური ქსელები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, სხვადასხვა პუბლიკაციებს აქვეყნებენ. ერთ-ერთი მათგანი წერს:
"რუსეთის ბოუჯეტიდან ე.წ. სამხედრო რეფორმებსა და შეიარაღებული ძალების სათანადოდ მომზადებაში გამოყოფილი უზარმაზარი თანხები, სინამდვილეში, პუტინის გარემოცვის, სამხედრო გენერალიტეტის, კადიროვისა და მისი ნდობით აღჭურვილი პირების ჯიბეში მიდიოდა, მოსახლეობას კი უტიფრად ატყუებდნენ, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჯარი გვყავს და მათი მომზადებისთვის უამრავი თანხა იხარჯება, თუმცა, ასეთი შედეგი დადგა..."
"კადიროვის ხელქვეითები, მაგომედ ტუშაევი, ჰუსეინ მეჯიდოვი, ანზორ ბისაევი და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფები, რომლებიც რუსეთის ნაციონალური გვარდიაში ირიცხებიან, სინამდვილეში კი, კადიროვის ბრძანების შემსრულებლები არიან, აქამდე საჩვენებელი იყო, პუტინსა და მის გარემოცვას სანერვიულო არაფერი აქვს. მათ გზავნიდნენ ისეთ საქმეებზე, სადაც სამხედრო წინააღმდეგობის შანსი ნაკლები იყო, ასევე გაწაფულნი არიან აქციების დარბევაში, არასასურველი პირების აყვანაში, კერძო პირებზე ნადირობაში, თუმცა, ეს არ არის არმიის სახე", - წერს სამოქალაქო აქტივისტი ანატოლი პასტუხოვი.
ბისაევი, რომელიც წლების განმავლობაში, როსგვარდიის სწრაფი რეაგირების დანაყოფში ირიცხებოდა, თავად კადიროვმა 2019 წელს, განსაკუთრებული სიმამაცისთვის უმაღლესი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ადილობრივები წერენ, - "როდესაც საქმე პუტნის ერთგულებას ეხება, კადიროვი უახლოეს გარემოცვასაც ადვილად წირავს, ასე რომ ტუშაევის შემდეგ, რომლის გარდაცვალებასაც კადიროვი კარგა ხანს მალავდა, ახლა ბისაევის ჯერი დადგა", - წერს ინტერნეტმომხმარებელი ტატიანა პონომარევა.
რუსი სამხედრო ექსპერტების თქმით, ჩეჩენ მეომრებს უკრაინაში დამხმარე ძალის ფუნქცია აქვთ.
"ჩეჩენი სამხედროები იქ მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ნაწილების მიერ აღებულ ობიექტებს იცავენ, შეძლებისდაგვარად და არ მონაწილეობენ შეტევით სამხედრო ოპერაციებში. შესაძლოა, გარკვეული სახის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ფრონტის წინა ხაზი", - ამბობს ალექსანდრე პერენჯიევი.
საინფორმაციო-ანალიტიკური მიმართულების ექსპერტის, აზად ისაზადეს მოსაზრებით, ჩეჩენ სამხედროებს, უკრაინის ქალაქებში უფრო დივერსიული და სადაზვერვო დანიშნულება აქვთ და არა თავდასხმის.
"არსებულ რეალობაში მათ შეუძლიათ დააზიანონ, ან გაწყვიტონ კომუნიკაცია, გამოიწვიონ პანიკა მოწინააღმდეგე მხარეში და თუ მიზანს მიაღწიეს, ამის შემდეგ, მოქმედებას იწყებენ და შტურმზე გადადიან სხვა სამხედროები, ამ შემთხვევაში, ნაციონალური გვარდია. მათ ასევე ევალებათ, არ მისცენ ადგილობრივ მოქალაქეებს საპროტესტო აქციის გამართვის უფლება, რასაც ასევე ვერ აკეთებენ. რაც შეეხება იმ ნაწილს, ვინც მსახურობს ОМОН -ში, ცხადია, მოუწევს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, მაგრამ ასეთი ბევრი არ არის", - ამბობს ისაზადე kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში.