ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მას ესმის ნატოს მიმართ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუების, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილება.
გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას.
„ჩვენ გავზარდეთ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა. გერმანია მნისვნელოვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში. რუსეთმა დიდი ფასი უნდა გადაიხადოს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისთვის“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო და მოკავშირეები უკრაინის არმიას, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ წვრთნიან.
„მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუების. ისინი პრეზიდენტ პუტინის სასტიკი უაზრო ომის მსხვერპლნი არიან. მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
15 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას უკვე მიახვედრეს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უკრაინაზე არ ვრცელდება.
„გასაგებია, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის. ჩვენ ეს გვესმის, ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმის ღია კარის შესახებ, თუმცა ახლა ასევე მოვისმინეთ, რომ იქ ვერ შევალთ და ეს უნდა ვაღიაროთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.