უფასო განცხადებების გაზეთს თუ გადაშლით ან იგივე მიმართულების ვებ-გვერდზე თუ შეიხედავთ, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში ის განცხადებები, რომლებიც გვამცნობენ, რომ იყიდება აგარაკი მხატვრებში, ვილა კომპოზიტორებში, ნაკვეთი ფეხბურთელებში, მწერლებში, მსახიობებში და ა. შ. და აუცილებლად არის ხოლმე ხაზგასმული, რომ ეს არის პრესტიჟული და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში პრესტიჟული, პირველ რიგში, ნიშნავს კარგ სამეზობლოს, ხოლო კარგი სამეზობლო, ასევე პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ თუ აგარაკს შეიძენ, არც თუ იშვიათად გექნება შესაძლებლობა, საკუთარი თვალით იხილო და საკუთარი ყურით მოისმინო, რა ლამაზად თვრებიან და შემდეგ რა ლამაზად გამოდიან პახმელიაზე მუზების მსახურნი.
რა ვიცი, რა ვიცი... რასაც მე ვუყურებ, ამ ქვეყანაში კარგა ხანია აღარაფერი შექმნილა ღირებული, თუმცა, ჩართავ თუ არა ტელევიზორს, აუცილებლად მხატვარს, მწერალს, პოეტს და კომპოზიტორს მოკრავ თვალს.
ტიტრებში წერია ხოლმე, რომ მწერალია, მხატვარია და კომპოზიტორია. ტიტრებში წერია, თორემ არც სახელი გვეუბნება რამეს, არც გვარი და არც თვითკმაყოფილი ფიზიონომია. ყველაზე საინტერესო ის არის, რესპონდენტის წარმდგენი ჟურნალისტი რომ გვიხსნის, ცნობილი მწერალიაო, ცნობილი მხატვარიაო და ცნობილი კომპოზიტორიაო.
რაღაც არ მახსოვს, რომ ჭაბუა ამირეჯიბი და გურამ დოჩანაშვილი „ცნობილ მწერლებად“ წარედგინოთ, ან გია ყანჩელზე ეთქვათ, ცნობილი კომპოზიტორიაო და ფიროსმანის ტილოს ჩვენებისას აღენიშნოთ, რომ იგი ცნობილი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის ფუნჯს ეკუთვნის.
ჭაბუა ამირეჯიბი და, მორჩა!
გურამ დოჩანაშვილი და, მორჩა!
გია ყანჩელი და, მორჩა!
შოთა, ილია აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი და, მორჩა!
ნიკო ფიროსმანი და, ამით ყველაფერია ნათქვამი!
ყველას აქვს წაკითხული (ნანახი მაინც) „დათა თუთაშხია“; ყველას აქვს წაკითხული (გაუგია მაინც) „სამოსელი პირველი“ და „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“; ყველას, ერთხელ მაინც წაუღიღინია „ჩიტო-გვრიტო“ და „ტაია, ტაია...“ და სულაც არ არის აუცილებელი, ფიროსმანის ქუჩაზე ცხოვრობდე და ყოველ დილით ნიკალას ხვდებოდე, იმისათვის, რომ იცოდე, ვინ იყო ფიროსმანი... ალა პუგაჩოვას „მილიონი ვარდი“ ხომ მაინც ყველას ექნება მოსმენილი!
აბა, ამათ და, საბედნიეროდ, კიდევ უამრავ სხვას, რაში ჭირდება სახელისა და გვარის შემდეგ, სანამ პროფესიას იტყოდე, სიტყვა „ცნობილის“ ჩაკვეხება?
აი, დავით გოგიბედაშვილი არის ცნობილი ქართველი მწერალი, უფრო ცნობილი კი მას შემდეგ გახდა, რაც ყველა საინფორმაციო სააგენტომ სრულიად საქართველოს და ყველა ქართულ დიასპორას ერთ დღესაც ამცნო, დღეის ამას იქით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ცნობილი ქართველი მწერალი (ხოლო მას შემდეგ, რაც 19 აპრილის ჭირიან მიტინგს დაესწრო, ცნობილი საზოგადო მოღვაწის სტატუსიც შეიძინა) დავით გოგიბედაშვილი გვარს იცვლის და დეფი ხდებაო.
დეფლორაციასთან გვაქვს საქმე, გაუპატიურებასთან. აი, „ნატვრის ხეში“ ბორის წიფურიას გმირი თამარ ქალს რომ დასტირის.
როცა რომელიმე ასეთი „ცნობილი“ გეტყვის, მთელი ღამე მუზასთან გავატარე და ჩვენი სიყვარულის ნაყოფი მალე ქვეყნიერებას მოევლინებაო, უნდა იგულისხმო, რომ სატელეფონო სექსით იყო დაკავებული ქალთან, რომელსაც ბავშვი არ ეყოლება.
სანამ მუზა ვინმესთან დამეგობრებას გადაწყვეტს, „მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“-ს გათვალისწინებით, ჯერ იმ ვინმეს მეგობრებს აკვირდება და არა მგონია, რომ სააკაშვილების, ახალაიებისა და გაბაშვილების მეგობრებთან რაიმე სახის ურთიერთობის აწყობა სცადოს. თავშიც არ გაივლებს, აზრადაც არ მოუვა, უმალ ტამბოველ მგელთან გააგზავნის და ტოლის ნახვას და კოჭის გაგორებას შეთავაზებს. წოპიანი ბერეტით, მოხერის შარფით და ჭკვიანური გამოხედვით მუზას ვერ მოატყუებ. მუზა გულში იხედება, გულის კუნჭულებს იკვლევს და, თუ მოეწონება, ტვინის ნაოჭებს მხოლოდ ამის შემდეგ სტუმრობს.
თუ მთელ დროს კომპოზიტორთა დასასვენებელი სახლის სტატუსის გარკვევას ანდომებ, თუ შენი არსება მხატვრის სახლის ტერიტორიის დაბრუნებით და იქ სასტუმროს წამოჭიმვით არის მოცული, შენ არც კომპოზიტორი ხარ და არც მხატვარი, მუზასთან არაფერი გაქვს საერთო. საერთო გაქვს ჯერ იურისტთან, შემდეგ მშენებელთან და ბოლოს ტუროპერატორის მენეჯერთან, რომელიც ხელოვნების განვითარების ლოზუნგით წამოწყებული ბიზნესის განვითარებას უზრუნველყოფს. ნურც მთავარ ბუღალტერს დავივიწყებთ, მაგრამ მთავარი ბუღალტერი კი არის მთავარი ბურალტერი, მაგრამ საბანკო ანგარიში უფრო მთავარია.
ამ საბანკო ანგარიშების გამოა წერა-კითხვის უცოდინარი მწერლების მომრავლება, სპილოს წიხლით დაზარალებული კომპოზიტორებისა და მომღერლების გნიასი და უსაჯდომო მესაჯდომე ექსპერტების ფუთფუთი. ისინი ცნობილები არიან, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ცნობილები იყვნენ - ყველამ უნდა იცოდეს, რა ფერის ტრუსებს ატარებს, მკერდი ხელოვნური აქვს თუ სილიკონის, ტუჩები მშობლებმა აჩუქეს თუ პლასტიკურმა ქირურგმა უსახსოვრა, ვერ იტანს ყოფილ მეუღლეს თუ მასთან და მის ახალ მეუღლესთან ერთად, არაყგარეული, მაგრამ შეუჯანჯღარებელი „მარტინით“ ხელში, ბუხრის პირას ატარებს ზამთრის გრძელ საღამოებს...
ყოველთვის აქვს გადანახული ბინძური თეთრეულის რომელიმე დეტალი, რომელსაც ქვეყანას მოსდებს რომელიმე ჟურნალი, იმუქრება რომელიმე სასამართლოში ჩივილით, მაგრამ არ ჩივის.
თვეობით დადის ფოტოგრაფთან, საათობით პოზირებს, რათა ფოტო იყოს რაც შეიძლება პაპარაცული, ხოლო მუქარა - „გიჩივლებთ“ - იყოს რაც შეიძლება დამაჯერებელი. არ იჩივლებს.
მარტო ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში ასე ხდება - სილიკონის ქალები ტუალეტის ქაღალდისგან დამზადებულ ძეხვეულს მიირთმევენ, „ზეპელინები“ დაიშალა, რეიგანი მოკვდა, ჰელმუტ კოლი აღარავის ახსოვს, ხოლო გერჰარდ შროდერი, გერმანიის ყოფილი კანცლერი, „გაზპრომში“ რიგით კლერკად მუშაობს.
კატლეტი ემულგატორმა იმსხვერპლა, ქალი - სილიკონმა, სიმღერა - ფონოგრამამ, ფეხბურთი - ტოტალიზატორმა, ვენახი - თხამ...
ყალბი, მხოლოდ ფულია აკრძალული. მთაწმინდის პანთეონში ბუმბერაზთა საფლავებს შორის დააბიჯებ და ყალბ სინამდვილეზე ფიქრობ - ვის ხარჯზე და ვისთვის გაათავისუფლებენ ადგილს პანთეონში?