წინასწარი მონაცემებით, უკრაინის აღსადგენად 500 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება საჭირო, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პოლონელ, ჩეხ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს, დაეხმაროს უკრაინას ამ ომის დასრულებაში, შემდეგ კი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის აღდგენაში. მადლობას ვუხდით ყველას იმ დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ათობით ქვეყანა და მილიონობით ადამიანი გვიწევს, - აღნიშნა შმიგალმა.
მისივე თქმით, უკრაინის მთავრობაში უკვე შექმნილია და მუშაობს შესაბამისი ჯგუფი, რომელიც ეკონომიკის დანაკარგებს აფასებს.
„წინასწარი გათვლები გვიჩვენებს, რომ ამ დროისთვის უკრაინის პირდაპირი დანაკარგები 565 მილიონ დოლარს აჭარბებს. ეს თანხა დაგვჭირდება ჩვენი ქვეყნის აღსადგენად - როგორც რუსეთისგან რეპარაციის სახით, ისე პარტნიორებისგან მიღებული დახმარებით“, - ამბობს უკრაინის პრემიერი.