17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ლგბტ იდენტობის უფლების დამცველებსა და მართლმადიდებელ მრევლს შორის, საჯარო სივრცისთვის, საეტაპო ბრძოლა შედგა. გამარჯვება რაოდენობრივად რამდენიმე ათასჯერ უპირატეს აგრესიულ სამწყოს დარჩა, რომელმაც მღვდლების მეთაურობით, ძველი პარლამენტის მიმდაბარე ტერიტორია „წაბილწვისგან“ დაიცვა.
ამ დაპირისპირებით, სასულიერო პირებმა მკაფიოდ დაანახეს საქართველოს ხელისუფლებას, თუ ვინ მართავს ქვეყანში „პარადს“. მსოფლიო საზოგადოებას კი აჩვენეს, რომ მოწყვლადი სექსუალური უმცირესობები, საქართველოში მართლაც დასაცავია ბრბოს ძალმომრეობისგან (რაც, ლგბტ იდენტობის დამცველთა მთავარი მიზანი იყო).
„უმრავლესობის“ მობილიზება წინა დღით, საპატრიარქოსა და საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების ერთობლივ განცხადებას მოჰყვა. ეს ბუნდოვანი დოკუმენტი გამოხატვის თავისუფლებაზე, მისი უზრუნველყოფის აუცილებლობაზე აკეთებდა აპელირებას, ხაზს უსვამდა თავისუფლების, როგორც ინდივიდის თვითრეალიზების საშუალებას და საზოგადოებას მოუწოდებდა დებატების გზით გადაეწყვიტათ ფასეულობებს შორის წარმოშობილი კონფლიქტები.
დებატებში ჩართვას არავინ აპირებდა: ძველი პარლამენტის წინ ორმა მოქალაქემ - გრიგოლ ბოგვერაძემ და ბესარიონ მიქავამ, შიმშილობა გამოაცხადეს; ოდნავ მოგვიანებით, აქციას ბეისბოლის ჯოხებით აღჭურვილი სასულიერო პირები შეუერთდნენ. მათი თქმით, 9 აპრილის ტრაგედიის წმინდა ადგილი, ჰომოსექსუალთა მსვლელობით არ უნდა შებღალულიყო.
დილის 10 საათიდან, აღშფოთებულ საზოგადოებას უკვე დაკავებული ჰქონდა საბრძოლო პოზიციები: ქაშვეთსა და ძველ პარლამენტს შორის სამანქანო გზის მონაკვეთის ერთ მხარეს ევგენი მიქელაძის „ევრონული ფრონტის“ აქტივისტები იყვნენ გამაგრებულნი. თავისუფლების მოედნის მიმდებარე მონაკვეთს კი მამა გიორგი ყიფშიძის „კვირიკეს“ ურიცხვი „სპა“ იცავდა. სპეცრაზმელის სტილში გამოწყობილი ხრიდოლის მიმდევარი ევგენი მიქელაძე რუპორით ხელში რაზმავდა სამწყსოს. ნიღაბაფარებულ აქტივს ტრანსპარანტები ჰქონდა გაშლილი: „ჩვენ ადამიანს არ ვებრძვით. ჩვენ ვებრძვით ცოდვას“, „ჰომოსექსუალიზმი სულიერი და ფსიქოლოგიური სიმახინჯეა. არა - გაუკუღმართებულ ურთიერთობების პროპაგანდას!“
ევგენი მიქელაძის რიტორიკა ერთი ერთზე იმეორებდა სასულიერო პირების პოზიციას: „ჩვენი ქვეყნისთვის დაუშვებელია უმცირესობის პარადი იმ ადგილას, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში იუნკერები დაეცნენ, სადაც თავის დროზე ტაძარი იდგა... იყონ თავისთვის, საჯაროდ ნუ გამოვლენ“, - განაცხადა მან.
11 საათისთვის რუსთაველის პროსპექტზე ლოცვის ხმა გაისმა, რომელიც მეტისმეტად წააგავდა სოფლის მუეძინის მოხმობას მინარეთიდან. ცოტა ხანში „მუეძინის“ სიტყვები გასაგებად გაისმა: „წმინდანებო, ილოცეთ ბრძოლაში დარუპული გმირებისთვის“, - ეს გახლდათ მამა ბასილ მკალავიშვილი, რომელსაც მრევლი ისე შეეგება, როგორც იერუსალიმში შესულ მაცხოვარს. პალმის რტოების ნაცვლად, მათ ჭინჭრის კონები ეკავათ ხელში, „ოსანას“ ნაცვლად კი სკანდირებდნენ: „არა - ჰომოსექსუალებს!“. ამის შემდგომ, მრევლმა ერთმანეთს აღდგომა მიულოცა და ტროპარიც იგალობა: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“
მამა ბასილის მოსვლიდან რამდენიმე წუთში, პროსპექტზე მიცუბიშის მარკის შავი „ჯიპი“ გამოჩნდა, რომლის ძარაზე მიკრული ბანერი 19 მაისს ხალხს სპორტის სასახლეში დაგეგმილ შეკრებაზე მოუწოდებდა. ლოზუნგები იუწყებოდა: „სამართლიანობა უნდა აღდგეს“, „რეჟიმი უნდა გასამართლდეს“. მანქანიდან გადმოსული ჩასუქებული ქალბატონი ტაატით დაიძრა სასტუმრო „თბილისი მარიოტისკენ“ და მანიფესტანტთა ახალ ნაკადს მიეგება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, ყველაზე რიცხვმრავალი იყო 17 მაისის რალიზე. პროცესიას პატრულის სამი მანქანა მიუძღოდა. ავანგარდში სასულიერო პირები იყვნენ გამწკრივებული. ეს იყო ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი“, რომელსაც მოჰქონდა ტრანსპარანტები წარწერით „უფალი მეფობს“. ყველაზე მქუხარე ტაში სწორედ მათ მიაგებეს.
ნაშუადღევს, რუსთაველის პროსპექტის მონაკვეთი თავისუფლების მოედნიდან სასტუმრო „თბილისი მარიოტამდე“, ჰომოფობია - ტრასფობიის ადეპტებით გაისვსო. ისმოდა შეძახილები: „გაუმარჯოს საქართველოს!, „ჩვენი ერი ვერ შეეგუება უზნეობას!“. მანიფესტანტებს შორის უამრავი ახალგაზრდა და ბავშვი იყო. ზურგჩანთიანი მოწაფეების ინდოქტრინაციას მოძღვრების პარალელურად პედაგოგები ახდენდნენ: „ბავშვებო, ჩვენ არ უნდა დავუშვათ ჰომოსექსუალების პარადი. არ გვჭირდება ეს თუთიყუშებივით გადაპრანჭული ხალხი!“. ამის შემდეგ, თინეიჯერები აფთიქებს შეესივნენ და მავანთა რჩევით სამედიცინო ნიღბები შეიძინეს. ისინი სპეცრაზმელების დარად, სახეს იფარავდნენ და ერთმანეთს კუნთების სიმაგრეს უმოწმებდნენ. ხალხს შორის მიმოდიოდა ხელიხალგადახვეული მამაკაცის წყვილი, რომელთაგან ერთს პერანგი ჰქონდა ჩახსნილი, ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა და ჩახლეილი ხმით ახლებური ინტერპრეტაციას უკეთებდა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ჰიმნის სიტყვებს: „მაგრად დაჰკარით! პიდერასტებს დაჰკარით!“
საგულისხმოა - დემონსტრაციაზე გამოსული უამრავი ადამიანი აცხადებდა, რომ უფლებისდამცველია. კითხვაზე, თუ ვის უფლებებს იცავდნენ ისინი, ყველა მათგანი მპასუხობდა - უმრავლესობის! მათთვის სრულიად მიუღებელი იყო ჩემი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ დაცვა, როგორც წესი, უმცირესობას სჭირდება... იქვე შეკრებილი სკოლის მოწაფე ბიჭები კი აცხადებდნენ, რომ ჰომოსექსუალთა უფლებისდამცველებს არსად არ უნდა მიეცეთ საჯაროდ გამოსვლისა და პოზიციის დაფიქსირების საშუალება: „საქართველოში ისტორიულად ჰომოსექსუალები არ ყოფილან. სწორედ ბოლოდროინდელი პროპაგანდის შედეგია მათი მომრავლება“, - მითხრა ერთმა ახალგაზრდამ და ამ სიტყვებზე პლანის ფოთლების ორნამენტით მოჩითული „ბენდენა“ აიფარა ცხვირზე. ჩემს შეკითხვაზე, ხომ არ იყო ის მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მომხრე, მან დადებითად მიპასუხა: „რატომაც არა! იყოს მარიხუანა, მაგრამ ნუ იქნებიან ჰომოსექსუალები!“
მანიფესტაციაზე 90-იანი წლების ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლისა და სამოქალაქო დაპირისპირების გმირები - ირაკლი წერეთელი და დოდო გუგეშაშვილიც გამოჩნდნენ: ნატოში ინტეგრაციის დიდი ადვოკატი, ირაკლი წერეთელი ამტკიცებდა, რომ ლგბტ უფლებებების დაცვა სულაც არ არის საჭირო. ჩემს შეკითხვაზე, „ისინიც ხომ ქართველები არიან“, მან მიპასუხა: „პედერასტს ეროვნება არ აქვთ!“
„უეროვნებო უმცირესობის“ დამცველები არ ჩანდნენ. სასულიერო პირებმა ხალხს შესაბამისი მითითებები მისცეს და ჯგუფებად დანაწილდნენ. ზოგი მზესუმზირას შეექცეოდა, ზოგიც მონარქიის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობდა. ერთმა მათგანმა განაცხადა: „თუ ახალი ხელისუფლება ამ უწმინდურებს აქ ჩავლის საშუალებას მისცემს, მათი საქმე წასულია. ჩვენ დიდი ძალა გვაქვს“. ჩემს კითხვაზე, რა მიზნით იყო გამოსული ამდენი მღვდელი აქციაზე, მან მიპასუხა: „იმიტომ, რომ არ დავუშვათ ძალადობა“.
ამასობაში, მამა ბასილის მიმდევრებმა ძველი პარლამენტის წინ ტრიბუნების ადგილები დაიკავეს და ხალხს ამხნევებდნენ: „გაუძელით! გადავრჩებით, თუ აპოკალიფსის შემოტევას მოვიგერიებთ! გამაგრდით!“
... და აპოკალიფსის შემოტევაც დაიწყო: პუშკინის სკვერში ლგბტ იდენტობის რემდენიმე უფლებისდამცველი გამოჩნდა. მავანთა მოწოდებით მრევლის ათასობით წევრი თავისუფლების მოედნისკენ გაიქცა შეძახილებით: „დაარტყით, არ მოუშვათ!“ კოლმეურნეობის მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმს აგრესიული ბრბოს ალაგმვა გაუჭირდა; იდენტობის წევრებმა გაასწრეს, რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა. მე-9 არხის კორესპოდენტებმა შეცდომით გაავრცელეს ცნობა ცრემლსადენის გაზის გამოყენებაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. პოლიციამ ლგბტ-ს აქტივისტებს სამარშრუტო ავტობუსში შესვლის საშუალება მისცა და სასიშროებას გაარიდა. ძლევამოსლი მრევლი საწყის პოზიციებს დაუბრუნდა.
აქციაზე ჩამოსული რუსი ჟურნალისტი გაოცებული იყო საქართველოში „მართლმადიდებელი ბოევიკების“ რაოდენობით: „ლგბტ უფლების დამცველებს რუსეთშიც ესხმიან თავს“ - თქვა მან - „მაგრამ ასეთი მასშტაბის გამოსვლები არ გვქონია. ამას საქართველოში ნაღდად არ ველოდი. თქვენი სამღვდელოება მეტისმეტად ცდილობს პროცესები რუსული სცენარით წაიყვანოს და ჩვენს სასულიერო პირებთან იმეგობრობს. მსგავსი მეგობრობიდან კი ვერაფერ სასიკეთოს ვერ მიიღებთ, მხოლოდ დასავლურ სამყაროს ჩამოშორდებით და რუსეთის გავლენიდან ვეღარ გახვალთ“ – „это пиздец“- მითხრა მან.
მართლაც, 17 მაისის მოვლენები მეტისმეტად დაემსგავსა მოსკოვურ ვარიანტს. როგორც ცნობილია, რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ მთელ რიგ ოლქებში გეი-პროპაგანდის ამკრძალველი კანონი შემოიღო, თუმცა, ვერ დააკონკრეტა, რა იგულისხმებოდა პროპაგანდაში. კანონპროექტის განხილვა მართლმადიდებელი მისიონერებისა და ლგბტ აქტივისტების შეხლა-შემოხლის თანხლებით მიმდინარეობდა. რუსეთის მედიაში სპეკულაციებიც გაჩნდა. ბევრმა ეს ინიციატივა პუტინის რეჟიმის დასასუტებლად გამიზნულ ტაქტიკურ სვლად მიიჩნია, რაც ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის გამოწვევას ისახავდა მნიზნად - „მსგავსი მანიფესტაციები საქართველოშიც იგივე შედეგს მოიტანს - სახელმწიფო ძალაუფლებას შეარყევს. მოსკოვსაც ეს უნდა“ - მითხრა რუსმა ჟურნალისტმა.