„ამჟამად, უკრაინის არმია, ისევე როგორც უკრაინელი ხალხი, იცავს თავის ქვეყანას, მიწას, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, მაგრამ ყველაფერი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის განხორციელების მცდელობა ევროპის ტერიტორიებზე - ყველაფერს იმავე მეთოდებით აკეთებს, როგორც ეს იყო 2008 წელს, საქართველოში. რუსები ურცხვად იყენებენ წინა სცენარებს“, - განაცხადა უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა Al Jazeera-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, უკრაინამ უკვე გაანადგურა რუსეთის მთელი სამხედრო პოტენციალის მესამედი.
„უკრაინელი ხალხი არასოდეს დანებდება და ყოველთვის წინააღმდეგობას გაუწევს. მტერს კიევის 2-3 დღეში დაკავების გეგმა უკვე ჩავუშალეთ. ჩვენ სრულად მზად ვართ დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არის გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთას არ დავუშვებთ. ეს, ძირითადად, ეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხებს“, - აღნიშნა რადას თავმჯდომარემ.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის ცის დახურვის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ომის დასრულებამდე არ უნდა მოიხსნას.
„უბრალოდ, არ მესმის მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების შესახებ უწყვეტი დისკურსები. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ომი უკვე ზღვარზეა. რუსეთი ახორციელებს ოპერაციებს ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგ. გაიხსენეთ ის თვითმფრინავები და დრონები, რომლებიც რუმინეთში გაუჩინარდნენ და ხორვატიაში ჩამოცვივდნენ“, - აღნიშნა რუსლან სტეფანჩუკმა.
მისივე თქმით, უკრაინა სთხოვს დასავლეთს, მათ შორის აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ამ ომის დასრულებასა და ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობას.