ბრიტანული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ჯარი უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრში იმყოფება.
მათივე ცნობით, ამჟამად ბრძოლები კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით მიმდინარეობს. ბრიტანულ დაზვერვაში აცხადებენ, რომ კიევის ჩრდილოეთით დისლოცირებული დიდი რუსული სამხედრო კოლონის ნაწილები გაიფანტა, რაც შეიძლება ქალაქის ალყაში მოქცევისთვის მზადებას ნიშნავდეს.
ამასთანავე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, ამჟამად კიევი ალყაში არაა მოქცეული, ყველა საჭირო პროდუქტის, მედიკამენტისა და საწვავის მიწოდება უზრუნველყოფილია. კიევის მერია, სამხედროებთან და ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან ერთად ქალაქის გამაგრებაზე მუშაობენ.