რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში საზღვარგარეთიდან მოხალისეების ჩართვის წინადადებას დათანხმდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო TASS-ი იუწყება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.
„თუ ხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მოხალისეობრივად, ანაზღაურების გარეშე სურთ ჩასვლა და დონბასში მცხოვრები ადამიანების დახმარება, უნდა გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები და დავეხმაროთ საბრძოლო მოქმედებების ზონამდე მიღწევაში,“ - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
აღნიშნული წინადადებით რუსეთის პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან 16 ათასამდე განაცხადი მიიღეს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეობრივად ჩართვის შესახებ.
8 მარტს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ პენტაგონი მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსული ძალების სახელით საბრძოლველად უცხოელი მებრძოლების დაქირავებას ცდილობს, სიმართლეა.
„ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომელიც ადასტურებს ამ ამბავს, რომ რეალურად ისინი ცდილობენ უცხოელი მებრძოლების დაქირავებას, რაც საყურადღებოა. უკრაინაში 150 000-ზე მეტი ჯარისკაცით, შეჩერებული სამხედრო წინსვლის პირობებში, პუტინმა საჭიროდ მიიჩნია, რომ ამ ომისთვის აუცილებელია უცხოელი მებრძოლების დაქირავება“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.