უკრაინის პოლიცია: მარიუპოლში, სამშობიაროზე საჰაერო იერიშისას დაღუპულთა შორის ერთი პატარა გოგონაა - დაშავდნენ ორსული ქალები და სამედიცინო პერსონალი

უკრაინის პოლიცია: მარიუპოლში, სამშობიაროზე საჰაერო იერიშისას დაღუპულთა შორის ერთი პატარა გოგონაა - დაშავდნენ ორსული ქალები და სამედიცინო პერსონალი

„ურთულესი მდგომარეობაა ალყაში მოქცეულ მარიუპოლში, ვოლნოვახასა და მიმდებარე სოფლებში, რომლებსაც მტერი რაკეტებით, თვითმფრინავებითა და არტილერიით ანადგურებს. ქალაქებში ჰუმანიტარული კატასტროფაა. ასევე, თავდასხმის ქვეშაა კრამატორსკის რაიონი და სვეტლოდარსკის მიმართულება. ახალი მონაცემებით, სამშობიაროზე საჰაერო იერიშის შედეგად, მარიუპოლში, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - ერთი პატარა გოგონა. დაშავდა 17 ადამიანი - ორსული ქალები, მედდები, ექიმები“, - აღნიშნულია უკრაინის ნაციონალური პოლიციის ახალ განცხადებაში.

პოლიციის ცნობით, დილით მტერმა კიდევ ორი ​​დარტყმა მიაყენა მარიუპოლს - 8:00 და დაახლოებით 9:20 საათებზე.

„ამ დროისთვის, ცნობილია ერთი მსხვერპლის შესახებ. მონაცემები ზუსტდება. განუწყვეტელი დაბომბვის გამო, შესაბამის სამსახურებს დრო არ აქვთ ხალხის დასამარხად. მტერმა განზრახ გაწყვიტა ყველანაირი კომუნიკაცია, რის გამოც ქალაქი სიცივეში - ელექტროენერგიის, წყლის, გაზისა და სხვა კომუნიკაციების გარეშე დატოვა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 27 მოქალაქე დაშავდა. დაზიანდა 34 ობიექტი - ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო საავადმყოფო, ორი სკოლა, აზოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზია, ეკლესია, სოფლის საკრებულოს შენობა, სარკინიგზო ხაზი, გაზსადენი და კომუნალური გაყვანილობები“, - აღნიშნულია უკრაინის ნაციონალური პოლიციის განცხადებაში.