"ხელისუფლების გამოზომილი განცხადებები მაფიქრებინებს, რომ ძალიან კარგად იციან, რაც შეიძლება მოხდეს, თუ რუსეთი უკრაინიდან გამარჯვებული დაბრუნდება...“
"ბანალური გახდა ფრაზა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს დასავლეთ-რუსეთის ბრძოლა და ეს ასეა - დიახ, რუსეთს უნდა მსოფლიო პოლიტიკაში ახალი დღის წესრიგის შექმნა და ამ საქმეში მოკავშირედ ჰყავს ჩინეთი", - ამბობს სამხედრო საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე. მისი თქმით, ჩინეთი და რუსეთი ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროკავშირისა და ნატოს გავლენა მაქსიმალურად შეასუსტონ. "რუსეთისთვის ნატოა მთავარი სამიზნე, ჩინეთისთვის - მხოლოდ ამერიკა. ჩინეთს სურს პოლიტიკურ-ეკონომიკური ლიდერი გახდეს, რუსეთს კი - სამხედრო. ბრძოლის ველად კი ამჯერად უკრაინა იქცა".
- ახლა ყველაფერი უკრაინის გამძლეობაზეა დამოკიდებული. დასავლეთი, როგორც ყოველთვის, უფრთხილდება საკუთარ კეთილდღეობას და ნელ-ნელა ცდილობს შედეგის მიღწევას. მისი სანქციური პოლიტიკა შედეგს მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღებს, უკრაინელი ხალხი კი თავს მიტოვებულად გრძნობს... სანქციების დადება მანამდეც შეიძლებოდა, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. რუსეთში ახლა საინტერესო რამე ხდება - 2 მარტამდე აკრძალულია შიდა ფრენები სამხრეთის მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ 2 მარტს აპირებდნენ რუსები ამ ომის დამთავრებას. პუტინს ბლიცკრიგი აქვს დაგეგმილი და ახლა მთავარია, უკრაინამ 2 მარტამდეც გაძლოს და იმის იქითაც. მაგრამ თუ რუსები მასირებულ დაბომბვას დაიწყებენ, უკრაინის საჰაერო თავდაცვა რუსულ არმადას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.
- გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას უფრო მეტ იარაღს მიაწვდიან...
- დიახ, მაგრამ ვერ იქნება იმდენი, რომ მასირებულ შტურმს გაუძლოს. რუსეთი ახლა ცდილობს მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი ნაკლებად იყოს, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ამაზე ხელი აიღოს. ვიცით რუსეთის ბუნება და გვახსოვს, ჩეჩნეთში რა გააკეთა...
- მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლს როგორ ერიდება, როდესაც დაბომბილი საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები ვნახეთ?
- ეს არ იყო მიზანმიმართული ღონისძიება. დაბომბილი საავადმყოფო რომ გვანახეს, იქ ჩანდა, რომ შენობა ჭურვის ნამსხვრევებით იყო დაზიანებული.
- მასირებული დაბომბვის შემდეგ დასავლეთი ისევ სანქციებით შემოიფარგლება?
- დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა არ მიიღოს, სრულიად დარწმუნებით გეუბნებით. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეყნის მოხალისეები გამოჩნდნენ. არც ის არის გამორიცხული, მოხალისეების საფარქვეშ სამხედრო კონტინგენტიც შევიდეს, მათ შორის, სავარაუდოდ, იქნებიან საზენიტო, უახლესი იარაღის სპეციალისტები.
- როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ ამ ომში სხვა ქვეყნის ჩარევის შემთხვევაში რუსეთი გააკეთებდა იმას, რაც არასდროს გაუკეთებია, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ეს ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარად აღიქვა.
- თავდაპირველად მეც ასე აღვიქვი, მაგრამ რუსეთს ბირთვული იარაღის გარდა სხვა ტიპის დამანგრეველი იარაღიც აქვს. მათგან ერთ-ერთი "ისკანდერი", ქართველებმა საკუთარ თავზეც გამოვცადეთ. მსგავსი და კიდევ უფრო მძლავრი იარაღი ბევრია რუსულ შეიარაღებაში. დასავლეთს კი აქვს ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ რუსეთი კარგად იცნობს დასავლეთის ბუნებას, იცის, რამდენად მძიმედ აღიქვამს საკუთარი მოქალაქეებისთვის მშვიდობის დარღვევას. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, რუსეთმა ევროპის რომელიმე დიდი ქალაქი რაკეტით რომ დაბომბოს. ვფიქრობ, პუტინი ამას გულისხმობდა და არა ბირთვულ დარტყმას. ბირთვულ დარტყმაზე საპასუხო დარტყმას რომ მიიღებს, კარგად იცის.
- სამხედრო ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თუ რუსეთმა უკრაინაში მიაღწია მიზანს, შემდეგ შეიძლება ნატოს მეხუთე მუხლის ეფექტიანობა შეამოწმოს და ლიეტუვას, ლატვიას ან ესტონეთს შეუტიოს.
- კაცმა არ იცის, გაცოფებული რუსეთი რას იზამს. თუ მიხვდა, რომ უკრაინაში თავის ამოცანას ვერ ასრულებს, აფექტურ მდგომარეობაში მყოფი სახედაკარგული კრემლის ხელმძღვანელობისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ეს ხომ არაპროგნოზირებადი ხალხია.
- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. თავდაცვისა და შს სამინისტროებს დაავალა, გამოაცხადონ საბრძოლო განგაში... რამდენად სწორია, როდესაც ამგვარ განცხადებებს ჩვენ ბოდვად აღვიქვამთ?
- თავის დროზე, კრემლის უკრაინაზე გაკეთებულ განცხადებებსაც ბოდვად ვაფასებდით. ვერც წარმოვიდგენდით, რომ ასეთ მასშტაბურ შეტევას დაიწყებდა. როდესაც ამერიკული დაზვერვა ამაზე ლაპარაკობდა, გვეგონა, დასავლეთი მიზანმიმართულად აბუქებდა სიტუაციას. მართალია დარწმუნებული ვარ, ეს მათი ძალის დემონსტრირების სურვილი იყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე ორივე ე.წ. ლიდერი მოსკოვში იყო და ინსტრუქციები მიიღეს, უნდა ვიფიქროთ, რომ ცვლილებებს აპირებენ თავდაცვაში, რა ჯარი ჰყავთ, მაგრამ მაინც. უახლოეს მომავალში მათგან აქტიურობას არ ველი, თუმცა ვფიქრობ, შემაკავებელი ღონისძიების ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს. ამ ეტაპზე მოსკოვმა საქართველო შეაშინა, ზედმეტი არაფერი გაბედოო. მაგრამ თუ უკრაინაში წარმატებას მიაღწევენ, მერე ძნელი სათქმელია, რას იზამს.
- ჩვენს ხელისუფლებას რამდენად აქვს გათვლილი საფრთხეები?
- ხელისუფლების გამოზომილი განცხადებები მაფიქრებინებს, რომ ძალიან კარგად იციან, რაც შეიძლება მოხდეს, თუ რუსეთი უკრაინიდან გამარჯვებული დაბრუნდება. ღარიბაშვილს შეიძლებოდა განცხადება ცოტა სხვაგვარად გაეკეთებინა... ზელენსკის საპასუხო განცხადება არ იყო სასიამოვნო მოსასმენი. თუმცა ღარიბაშვილმა ეს განცხადება მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ საქართველოში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნებულიყო. მაგრამ საქმე ის არის, რომ თუ რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვა, ეს განცხადება ფარად ნამდვილად ვერ გამოგვადგება. გამარჯვებული რუსეთისთვის მნიშვნელობა არ ექნება, ვინ რა განცხადებას გააკეთებს თბილისში, მოსკოვი მიზანს მაინც მიაღწევს.