უკრაინაში საბანკო ანგარიშებიდან თანხის განაღდებაზე დღიური ლიმიტი დაწესდა, შეჩერებულია სავალუტო ბაზრის მუშაობაც

უკრაინაში საბანკო ანგარიშებიდან თანხის განაღდებაზე დღიური ლიმიტი დაწესდა, შეჩერებულია სავალუტო ბაზრის მუშაობაც

უკრაინის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საბანკო ანგარიშებიდან თანხის განაღდებაზე დღიური ლიმიტი დაწესდა.

„დღეში მხოლოდ 100 000 გრივნას განაღდება იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება უნაღდო ოპერაციებს, ამ მიმართულებით არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა. ბანკები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ“, - აცხადებს უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კირილ შევჩენკო.

მისივე თქმით, ქვეყანაში შეჩერებულია სავალუტო ბაზრის მუშაობაც, გამონაკლისს მხოლოდ უცხოური ვალუტის გაყიდვა წარმოადგენს.

„უცხოური ვალუტების კურსი 24 თებერვლის ოფიციალური კურსის დონეზეა დაფიქსირებული. 1 აშშ დოლარი - 29,25 გრივნა, 1 ევრო - 33,17 გრივნა“, - ამბობს შევჩენკო.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე რუსული რუბლის კურსი რეკორდულად გაუფასურდა. დღეს დილით 1 ევროს ღირებულება 100,8 რუბლი, 1 დოლარის კი 89,5 რუბლი იყო. ამჟამად 1 ევროს ფასი 98,03 რუბლია, 1 დოლარის კი 87,18 რუბლი.