პოპ პორტრეტები: Now What?! - შესანიშნავი ხუთეულის ბრწყინვალე ალბომი

პოპ პორტრეტები: Now What?! - შესანიშნავი ხუთეულის ბრწყინვალე ალბომი

Deep Purple-ს და, აქედან გამომდინარე, ზოგადად როკ მუსიკის მსმენელებმა, საოცარი საჩუქარი მივიღეთ. რვაწლიანი პაუზის შემდეგ, სამყაროს მოევლინა ლეგენდარული ჯგუფის 45 წლის მოღვაწეობის აღსანიშნავი სტუდიური ალბომი Now What?!.

თუკი ამ 40 წლის წინათ ჩაწერილი ალბომის სახელწოდება ითარგმნება „რას ვფიქრობთ, ვინ ვართ“. ამჟამად ჯგუფის წევრები ამაყად აცხადებენ „ახლა რაღა?!“. მათ ხომ ცოდნის, სიყვარულისა და ფანტაზიის  უმდიდრესი საუნჯით გაავსეს როკ საგანძური; ხოლო, რაც მსმენელებისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა, სინამდვილეში მხოლოდ გენიოსებს თუ ხელეწიფებათ. ამგვარ გენიოსებად კი სწორედ რომ Deep Purple იქცა, რომლის 60 თუ 70 წელს მიღწეულ მუსიკოსებს არც ენერგია, არც ფანტაზია ელევათ ახალი შედევრების შესაქმნელად, რაშიც ალბომმა Now What?! საბოლოოდ დაგვარწმუნა!

Now What?!, როგორც არცერთი სხვა ალბომი, მშვიდად და აუჩქარებლად იწყება. ან კი სად გვეჩქარება? ყველაფერი წინ არის... შესავლის ოსტატად სტივ მორსი გვევლინება. იგი თავად ავითარებს გადამყვან ღერძს გილანის სიღმისეული ვოკალის პარტიაზე, რომელიც თითქოს Deep Purple-ს მთელი არსებობის პერიოდს აღწერს... შემდეგ კი უკვე ინსტრუმენტული ანსამბლი მთელი სიმძლავრით იჭრება დონ ეირის ჰამონდის წინამძღოლობით. ლეგენდარულ ჯგუფში უკვე ათი წლის დაკვრის სტაჟის მქონე დიდებული პიანისტი ალბომის პირველ სოლოს თავად უკრავს. ინსტრუმენტული ანსამბლის პარალელურად „გაცოცხლებული“გილანის ვოკალი კი ბოლოს კვლავ მშვიდდება, A Simple Song-იც საწყის მოტივს უბრუნდება და საბოლოოდ Deep Purple -ს 45 წლიანი არსებობის მანძილზე, ალბომის გამხსნელი კომპოზიცია მეორედ (გამონაკლისია Fireball), გიტარ სოლოს გარეშე რჩება.

ალბომის მეორე სიმღერა Weirdistan დასაწყისიდანვე იდუმალ განწყობას გვიქმნის. იან პეისის შემყვანი რიტმი, კლავიშების ულამაზესი დანართების ფონზე გილანს ვოკალური თემის ორიგინალური განვითარების საშუალებას უქმნის, რასაც თავის მხრივ დონ ეირის მუგ სინთეზატორული სოლო მოჰყვება. ასეთი სამი შემთხვევა არსებობს ლეგენდარული ჯგუფის ისტორიაში A 200, You Can’t Do It Right და Love Child. ანუ გილანის პერიოდში ჩვენ ვერ ვიხსენებთ მუგის სინთეზატორზე  დაკრულ სოლოს. ეირის  სოლოს მორსი ეფექტურად აიტაცებს და Weirdistan მომდევნო, თითქოს სიმძაფრით დამუხტული თანამედროვე ეპოქის ყოველდღიური ჟღერადობის გამომხატველ Out Of Hand-ის ინტროში გადადის. თემის განვითარება Deep Purple-ის სახასიათო კლასიკურ ჰარდ როკს განასახიერებს, რომელშიც საოცრად ეფექტურად ჟღერს იან გილანის ვოკალის პარტია შესანიშნავი მისამღერით. თემის განმეორების შემდეგ, მორსის სახასიათო სოლოს ვისმენთ, რომლის აკომპანემენტი აღძრავს მსმენელის ინტერესს, რადგან აქ გამოსჭვივის Perfect Strangers-ის, Rapture Of The Deep-ისა, თუ ზოგადად რიჩი ბლეკმორის დანატოვარი აღმოსავლური წიაღსვლები.

Hell To Pay -ის რადიო (შემოკლებული) ვერსია, ჯერ კიდევ ალბომის გამოსვლამდე გავრცელდა. თავიდანვე თითქოს ენერგიული როკ’ნ’როლი უფრო 80-იანი წლების ამერიკული ჯგუფებისათვის დამახასიათებელი მისამღერით, მალევე სცდება ტრადიციული როკ’ნ’როლის ზღვრებს და სტივ მორსის ეფექტური სოლო, დონ ეირის ზღაპრულ მუსიკალურ თვალსაწიერში მიგვაფრენს. საქმე ისაა, რომ მუსიკოსი იჭრება Deep Purple-ს საკრალურ და მსმენელისათვის აგრერიგად მივიწყებულ 1969-1970 -იანი წლების ტიპურ საკონცერტო იმპროვიზაციაში, რომელსაც ხუთეული ჯერ Mandrake Root-ის, ხოლო შემდგომში კი Space Truckin-ის ვრცელ იმპროვიზაციებში იყენებდა. ალბომის ეს ნაწილი, ჯონ ლორდის პერიოდის ამსახველი რეპერტუარის ერთ მშვენიერ ეპიზოდად იქცა.

Body Line -ში მუსიკოსები თითქოს როგორც საკუთარი, ასევე მსმენელის განტვირთვით არიან დაკავებულნი. იან პეისის შემოთავაზებულ მკაფიო და ენერგიულ რიტმს როჯერ გლოვერი მსუყე და ძარღვიანი ბგერით გასდევს მთელი სიმღერა. გილანი ხალისიანია, მორსი კი მისთვის სახასიათო Dixie Dregs – Deep Purple შუალედურ მოტივს, ზედვე დასმული სოლოთი აგვირგვინებს, რასაც დონ ეირის ჰამონდ შემოფრენა და საბოლოოდ სიმღერის ძირითად მოტივზე დაბრუნება მოსდევს.

Above And Beyond ნაწარმოების მრავალფეროვან ღერძს ინსტრუმენტული ანსამბლის  აღმასვლით ავითარებს. საკმაოდ ვრცელ ინსტრუმენტულ ინტროს ჯერ მორსი ამშვიდებს, ხოლო შემდეგ კი კომპოზიციის ხასიათს უკვე იან გილანი აიტაცებს. მისამღერი ტრადიციულად ულამაზესია და ხმის ზედნადებებითაა ჩაწერილი. ვოკალის ძირითადი თემა გილანს ხელმეორედ უფრო მაღალ ტონალობაში შემოჰყავს. ამ ყოველივეს დონ ეირის აქამდე ვინძლო არგაგონილი ხმოვანების აკომპანემენტი გასდევს. ეს მუსიკოსის, ან კიდევ პროდიუსერ ბობ ეზრინის ფანტაზიის შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

Blood From A Stone-ში ეირი კვლავ ცვლის ჟღერადობას და ამით Deep Purple-ს არასახასიათო და უფრო მეტად ამერიკული ჯგუფებისათვის დამახასიათებელ საუნდს (თუნდაც Government Mule) ანიჭებს. ამ მომენტში ალბათ უკვე საბოლოოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სოლო ინსტრუმენტალისტთაგან ალბომ Now What?!-ის მთავარი ნოვატორი კლავიშებზე შემსრულებელი დონ ეირია.

Uncommon Man-ის შესავალი სტივ მორსის ტრადიციული ინტროების ერთგვარი ნაზავია, რომელიც საკონცერტო When A Blind Man Cries-ში გარდამავალსაც მოგვაგონებს. მაგრამ აქ ყველაფერი სხვაგვარად ვითარდება. პირიქით, ვოკალურ თემაზე შესვლამდე, ვისმენთ Emerson Lake & Palmer-ის ტიპის მხნე მოტივს. ვოკალის პარტია კი გილანის „მრავალხმიანობის“ შესანიშნავი მაგალითია და ალბომ The Battle Rages On-დან Solitaire-ს მოგვაგონებს. ეფექტურია მისამღერი დონ ეირის წამიერად ადუღებული ჰამონდით, რომელიც აქვე ფრიად უცნაურ სოლოთა კასკადში გადადის როჯერ გლოვერისა და იან პეისის ლამაზი აკომპანემეტით. თემას უკვე მორსი აიტაცებს და შვიდწუთიანი კომპოზიცია ძირითად მოტივს უბრუნდება, გვაფიქრებინებს რა მის მრავალმხრივ სასცენო შესაძლებლობებზე.

Apres Vous -ის შესავალი უეცრად 1968 წლის სადებიუტო ალბომ Shades Of Deep Purple-ის გამხსნელ And The Adress-ში გადაგვაფრენს. თვით თემა კი ჯგუფისთვის სახასიათო ტრადიციულ ჰარდ-როკის თემას ავითარებს, ოღონდ საკმაოდ ორიგინალურად. როჯერ გლოვერის ბას გიტარა ერთგვარი გუშაგივით ენერგიულად გასდევს ნაწარმოების ინსტრუმენტულ პალიტრას, რომელსაც მორსი და ეირი სხვადასხვა ბგერებით  ეფექტურად აფორმებენ. ძირითად მოტივზე დაბრუნებამდე კი მორსი და ეირი როგორც მოპასუხედ, ასევე უნისონში დაუკრავენ სოლოებს.  

Hell To Pay -ის მსგავსად, All The Time In The World ჯგუფმა ერთი თვით ადრე გამოაქვეყნა შემოკლებული ვერსიით. ალბომის ყველაზე მშვიდი კომპოზიცია აღსანიშნავია ულამაზესი მისამღერით. უბრალოებით გამორჩეული All The Time In The World, ალბათ უფრო სტივ მორსისთვისაა სახასიათო. წამიერი აკუსტიკური გაელვება და ეფექტური სოლო ამის ნათელი დადასტურებაა. ეირი აქ შედარებით „ისვენებს“.

სამაგიეროდ Vincent Price მძლავრი საეკლესიო ორღანისა და მასზე აყოლილი გუნდის ფონზე ვითარდება. ჰარდ როკულ მოტივზე დასმული თემა, გილანის ზედნადებური ვოკალების პარალელურად ვითარდება. Weirdstan-გან განსხვავებით, აქ „იდუმალებები“ წამიერია და მუსიკოსები ეკზოტიკას მეტად ისევ ხან გუნდის მეშვეობით, ხან თუნდაც ალბომში გილანის ერთადერთი წამოკივლებით აღწევენ.

Now What?!-ის ბოლო კომპოზიცია It Will Be Me კი ნახევარსაუკოვანი მძიმე როკ’ნ’როლის შესანიშნავი მაგალითია. ალბომის ხასიათიდან ერთგვარად ამოვარდნილ სიმღერას, ეტყობა სწორედ ამ მიზეზით მიენიჭა „ბონუს ტრეკის“ სტატუსი.

თვით ალბომი Now What?! კი თუნდაც ორად ორი მოსმენის შედეგად დაწერილი ამ მცირე ნარკვევიდან გამომდინარე, ღირსეულად განაგრძობს და კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის დონ ეირისთან ერთად ჩაწერილი უკვე სამი ალბომის  რეპერტუარის ნუსხას.