თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი იქნება, პრეზიდენტი ბაიდენი ამ ომში რუსეთთან საბრძოლველად ამერიკული ძალების გაგზავნას არ აპირებს, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში.
„ბოლო 10 დღის განმავლობაში, რუსული ძალების მკვეთრი გაძლიერება ვიხილეთ. მათ სამხედრო მოქმედების დაწყება პრაქტიკულად ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ამის გაკეთება მიმდინარე კვირას შეუძლიათ, თუმცა, რა თქმა უნდა, პუტინის მხრიდან ჯერ კიდევ ელოდებიან ბრძანებას“, - აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.
ჯეიკ სალივანის თქმით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ქმედებების განხორციელებას გადაწყვეტს, აშშ მზად არის, მტკიცე პასუხი გასცეს ამას.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მკაცრი და სწრაფი ეკონომიკური ზომები დაწესდება, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფინანსურ სისტემასა და მის თავდაცვით და სამრეწველო ბაზას. ასევე გავაძლიერებთ ნატოს ტერიტორიას, აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფ ჩვენს მოკავშირეებს დავამშვიდებთ და რუსეთს ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ ყოველგვარი ქმედებებისგან შევაკავებთ“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.