ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სამხედრო იერიშს შეიძლება მოიცავდეს.
„ერთ-ერთი ასეთი ფორმა ქალაქ კიევზე სწრაფი თავდასხმაა. ეს თავდასხმის შესაძლო ხაზია, რომელიც რუსეთის ძალებს შეუძლიათ აირჩიონ. მათ ასევე შეუძლიათ აირჩიონ უკრაინის სხვა ნაწილებში გადაადგილება. ძალიან რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ ეს გულისხმობს უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიისა და დიდი ქალაქების, მათ შორის დედაქალაქის დაკავებას“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინაში შეჭრა დაიწყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვლადიმერ პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. რასაც ჩვენ ვამბობთ არის ის, რომ ჩვენ საკმარისი დონის შეშფოთება გვაქვს იმის საფუძველზე, თუ რას ვხედავთ ადგილზე და რა მონაცემები მიიღეს ჩვენი დაზვერვის ანალიტიკოსებმა. ჩვენ ამ მკაფიო მესიჯს ვაგზავნით. ეს საგანგებო გზავნილია, რადგან ჩვენ საგანგებო სიტუაციაში ვართ“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.