ჩვენ არ ვიცით, მიიღო თუ არა პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება, ამ საკითხზე ახალი შეფასება ჯერ არ გვაქვს, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ.
„რუსეთი დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს არ დგამს. რუსეთი ესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს დგამს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიცვლება“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ჯენ ფსაკიმ ასევე ისაუბრა რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებული ძალების ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე და აღნიშნა, რომ აშშ ამას ესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს.
„ეს უკრაინის საზღვართან ხდება. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის შემაშფოთებელია, მაგრამ მე არ გავაკეთებ პროგნოზს, თუ რას ნიშნავს ეს შეჭრის თვალსაზრისით“, - განაცხადა მან.
ჯენ ფსაკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ეწინააღმდეგება Nord Stream 2-ის გაზსადენს, რომელიც რუსული გეოპოლიტიკური პროექტია და რომელიც ძირს უთხრის ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.