გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას უმასპინძლა. ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის შეფასებაზე თანხმდებიან.
„ჩვენი საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა. უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების განლაგება ძალზე შემაშფოთებელია და ვითარების შესახებ ჩვენი შეფასებები თითქმის ერთნაირია. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია და ამას შორსმიმავალი შედეგები ექნება პოლიტიკურად, ეკონომიკურად და რა თქმა უნდა, გეოსტრატეგიულადაც“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ უარს არ იტყვიან ძალისხმევაზე მოსკოვთან და კიევთან დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით.
„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ომის თავიდან ასაცილებლად. როგორც უკვე ვთქვი, ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა. მჯერა, რომ ამას მივაღწევთ. ჩემი აზრით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობა და სოლიდარობაა“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვთან უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებების დაწყების მოწოდებით გამოვიდა, რათა ხაზი გაესვას ევროპის საზღვრების ხელშეუხებლობას.
„ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გზები და საშუალებები რუსეთთან მომთხოვნ დიალოგში ჩასართავად“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.