საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს და უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველს, ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ინციდენტი საქართველოში მის პოფესიულ საქმიანობას უკავშირდება, ენმ აცხადებს, რომ ინციდენტში „ქართული ოცნების" ხელწერაა", თავად მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ადეიშვილზე თავდასხმა სავარაუდოდ თავად ენმ-ში შიდა გარჩევების შედეგია.
უკრაინული მედიის ცნობით, ადეიშვილს თავს 3 ან 4 პირი დაესხა. ისინი მას მიუახლოვნენ და გვარი ჰკითხეს, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ წინ სწორედ ადეიშვილი იდგა, შემდეგ კი ცემა დაუწყეს შეძახილებით „მიიღე ჩვენი ხალხისთვის".
თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს. ადეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება
„ამჟამად, სამართალდამცავები თავდამსხმელთა იდენტიფიცირებას,საგამოძიებო მოქმედებებს და ოპერატიული სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ", - აცხადებენ უკრაინის პოლიციის პრესსამსახურში.
ენმ მომხდარს მმართველ გუნდს აბრალებს და აცხადებს, რომ ეს „ქართული ოცნების" ხელწერაა, როგორც პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, თავდამსხმელები ქართველები იყვნენ და ეს თავდასხმაც, სავარაუდოდ, წინასწარ დაგეგმილი იყო და არა სპონტანური.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თუმცა, არ მაქვს დადასტურებული ცნობები ბოლომდე, საუბარი არის 4 ქართველზე, რომლებიც ზურაბ ადეიშვილს დახვდნენ და აქ სრულიად აშკარა არის „ქართული ოცნების" ხელწერა. შორს წასვლა რომ არ დაგვჭირდეს, მე პირადად მაქვს გამოცდილი, თუ როგორ შეიძლება სახლთან დაგახვედრონ ადამიანები, 6-7 კაცი და ეცადონ, რომ ფიზიკურად გაგისწორდნენ.
„ჩემი შემთხვევა ერთადერთი არ არის და კიდევ მრავალი შემთხვევა იყო ასეთი, როდესაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს, მათ შორის კიევში და სხვა ქალაქებში.
„მინდა იმედი გამოვთქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დამნაშავეები დაკავებულები იქნებიან და შემდეგ ჩვენც აშკარად დავინახავთ, „ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან მათი კავშირის კვალს", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსთან".
წიკლაურის განცხადებას „რეზონანსთან" „ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ კონკრეტულ მიზეზს გამოძიება დაადგენს, თუმცა დასძენს, რომ ეს შესაძლოა სავარაუდოდ ენმ-ში შდა გარჩევების შედეგი იყოს.
„ქართული ოცნების" ხელწერა რატომ არისო?! (თავდამსხმელები) ამბობდნენ, რომ ევროკავშირში უნდა გავწევრიადეთ, შენ რატომ ხარ წინააღმდეგიო და ამიტომ ურტყამდნენ?! საზეზე „41" და ევროკავშირის დროშა დაახატეს, თუ რა?
„ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობის", ანუ რადიკალური ოპოზიციის განწყობა ისაა, რომ როგორმე თავისი შეცდომები „ოცნებას" გადააბრალოს. ეს ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში, როცა სხვა საკითხები დღის წესრიგში უბრალოდ აღარ აქვთ, ახლა ყველგან „ოცნების" სწორი და პრაგმატული კურსი ელანდებათ, რის გამოც ენმ პრაქტიკულად უკვე მილევად რეჟიმშია.
„ნაციონალურ მოძრაობაში" ვიცით, რომ შიდა გარჩევები უკვე დაწყებულია, ადეიშვილი კი პარტიაში პატარა ფიგურა არც იყო და არც არის, მათ შორის არც ფინანსურად და შეიძლება რაღაც ვერ გაიყვეს.
„კონკრეტულ მიზეზს ალბათ გამოძიება დაადგენს. მათგან განსხვავებით ჩვენ ისეთ ვერსიებს, რომლებსაც მტკიცებულება არ აქვს, არ ვამბობთ ხოლმე, მაგრამ რადგან „ქართული ოცნების" სახე ყველგან ელანდებათ, ამის ფონზე ამ კომენტარს ვიტყოდი - რომ მაშინ ეს სავარაუდოდ შიდა გარჩევაა. რაღა დროს ადეიშვილია, საქართველოში და მით უფრო „ქართულ ოცნებაში" ვიღას ახსოვს... ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მათი შიდა საკითხია.
„ზურაბ ადეიშვილი კი არა, სააკაშვილი-მელიას აშკარა და საჯარო დაპირისპირებაა. ადეიშვილი ვის პოზიციაზეა, ამას უკვე ალბათ თვითონ გაარკვევენ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.