უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, პირველი ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობა ავრცელებს.
„მე-18 საჰაერო-სადესანტო კორპუსის ჯარისკაცები დღეს ვისბადენში ჩავიდნენ. ისინი გერმანიაში შტაბს შექმნიან, რათა მხარი დაუჭირონ 1 700 მედესანტეს, რომლებიც პოლონეთში განლაგდებიან. ეს პირველი 2 000 ჯარისკაცია, რომელიც ევროპაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გავაგზავნით ნატოს ჩვენი მოკავშირეების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია განცხადებაში.
2 თებერვაკლს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ რუმინეთში, პოლონეთსა და გერმანიაში დამატებით ძალებს მალე გააგზავნის.
ჯონ კირბის თქმით, გერმანიაში დისლოცირებულ 1 000 ამერიკელ სამხედროს უახლოეს დღეებში რუმინეთში გადაიყვანენ, ხოლო აშშ-დან ევროპაში კი 2 000 ჯარისკაცს გააგზავნიან, რომლებიც პოლონეთსა და გერმანიაში განლაგდებიან.
24 იანვარს, პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ.
უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.