თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები მოლაპარაკებების მეორე რაუნდს 24 თებერვალს ვენაში გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
14 იანვარს, მოსკოვში, თურქეთისა და სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს.
2021 წლის 13 დეკემბერს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ურთიერთობის ნორმალიზების საკითხებში სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. სპეცწარმომადგენლად ანკარამ აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი, სერდარ ქილიჩი, ერევანმა კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუბენ რუბინიანი დანიშნა.
13 იანვარს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვაან უნანიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მოელის, რომ დიალოგის პროცესის შედეგად თურქეთთან დიპლომატიური კავშირები დამყარდება და ორ ქვეყანას შორის საზღვარი გაიხსნება.