პოლიტიკის საგანი ძალაუფლებაა. საშიში საქმეა, რადგან უსუსურ ადამიანს არა აქვს ძალაუფლება თავის ძალაუფლებაზე. ძალაუფლებას ბნელი მხარე აქვს – თავაწყვეტილი, ძალაუფლება დაუმორჩილებელი სტიქიაა, რომელსაც ურჩხულად – ლევიათანად, გველეშაპად, გამოსახავენ.
წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ძალაუფლების ამ ბნელ მხარეს – გველეშაპს შუბით განგმირავს, უაღრესად ნიშანდობლივი ქრისტიანული სიმბოლოა.
პოლიტიკის არსი ძალაუფლების ბნელი მხარის – ამ გველეშაპის დამარცხება, სტიქიური ძალაუფლების დაუნჯებაა. პოლიტიკა არმც და არამც არ არის ის, რაც ჩვენში ხდება –ძალაუფლებისათვის, როგორც ნადავლისათვის ბრძოლა.
აგერ ოც წელზე მეტია ქართველ პოლიტიკოსთა კლასი, როგორც პირველყოფილნი მამონტზე, ძალაუფლებაზე სწორედ ისე ნადირობს. რატომ გამახსენდა მაინცადამაინც პირველყოფილი ნადირობა და მამონტი? იმიტომ, რომ სხვაგვარი, მაგალითად ვეშაპზე დახვეწილი ნადირობა, რაც გენიოსმა ჰერმან მელვილმა „მობი დიკში“ აღწერა, თავისი ცივილიზებულობით არაფრით ესადაგება ნადირობის იმ სრულიად ველურ სახეობას, რასაც თანამედროვე ქართველები მისდევენ. ზღვაში რომ გახვიდე სტიქიის დასამორჩილებლად და თეთრ ვეშაპზე სანადიროდ, ქვიქეგიც რომ იყო, კეთილშობილი მონადირე უნდა გახდე, საკუთარ თავში მამონტზე ნადირობის პირველყოფილი ჟინი უნდა დასძლიო, გადალახო და დაივიწყო.
მამონტი პირველყოფილი ძალაუფლების გაცოცხლებული არქეტიპია ქართულ პოლიტიკაში.
........
...მამონტები დაახლოებით 10 000 წლის წინათ გადაშენდნენ. პირველყოფილ ისტორიაში ჩარჩენილი ჩრდილოეთის ხალხების გაქვავებულმა მეხსიერებამ ადამიანის ყოფაში ოდესღაც არსებული ყველაზე გიგანტური ამ ძუძუმწოვარა ცხოველის ხატი შემოგვინახა. პირველყოფილი მონადირე ხალხების მაგიური წარმოდგენებიც სწორედ მამონტთანაა დაკავშირებული. ასე მაგალითად:
ბერინგის სრუტის აზიურ სანაპიროზე მოსახლე ესკიმოსები მამონტს „კილუ კრუკ“–ს უწოდებენ, რაც „ვეშაპს, სახელად კილუს“ ნიშნავს. ესკიმოსთა ლეგენდა გვიამბობს, რომ კილუ, რომელიც ზღვის მბრძანებელი ურჩხულის – აგპუს ნაშობი გიგანტური ვეშაპი იყო, მშობელს წაეჩხუბა, რის გამოც ხმელეთზე იქნა გამოძევებული. კილუ იმდენად მძიმე იყო, რომ ხმელეთი ვერ ზიდავდა, ფეხქვეშ ნიადაგი ეცლებოდა და მიწისქვეშ ეფლობოდა. ქვესკნელიდან თავდასაღწევად კი გზას თავისი უზარმაზარი ეშვებით იკვლევდა....
პოლარული წრის იქით მდინარე ლენას დელტიდან კოლიმიმამდე მოსახლე იუკაგირები მამონტს „ჰოლჰუტად“ მოიხსენიებენ და დღემდე სწამთ, რომ გიგანტი სულთა მეუფე და არსთა გამრიგეა. იუკაგირების შამანი ჰოლჰუტის დიადი სულით უნდა აღივსოს, რითაც მოკვდავ ადამიანებზე ძალაუფლება მოიპოვოს მათსავე განსაკურნად და კეთილდღეობისათვის...
პირველყოფილ მონადირეთა მაგიური წეს–ჩვეულებები მამონტის სხვადსხვაგვარ რეინკარნაციას უკავშირდება და მისტიურად გააზრებულ მათ გაქვავებულ გამოცდილებას ასახავს: ისტორიამდელ, უკუნით მოცულ წარსულში მამონტის წინარე სახე ზღვის მბრძანებელი ურჩხული აგპუა; ისტორია მაშინ იწყება, როცა კილუ კრუკი აგპუს გამოეყოფა, მშობლიური წიაღიდან გაძევდება და ხმელეთზე ამოდის; მონადირეთა აწმყოში კი კილუ კრუკი უკვე მოსანადირებელი ჰოლჰუტია; ხოლო მომავალი კი აწმყოს მარადიული განმეორებაა ნადირობის მაგიური ციკლის სახით...
ნადირობა მამონტზე, ანუ ჰოლჰუტზე პირველყოფილი მისტერიაა. ნადირობის მისტერიული ციკლი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: თავდაპირველად ხდება ნადირობისათვის მზადება – გამორჩეულ მონადირეთა შერჩევა, როლების მაგიური დანაწილება; შემდგომ ხორციელდება უმთავრესი: მაგიური სულიერი აქტი, რომლის დროსაც ხდება ჰოლჰუტის სულში შეღწევა, მისით აღვსება და მასთან ზიარება; დიად სულთან ნაზიარები მონადირეები მხოლოდ ამის შემდგომ გადიან სანადიროდ და ფიზიკურად აღასრულებენ მამონტის დევნას, მომწყვდევასა და მოკვდინებას; მერე გამარჯვებულებს მონადირებული მამონტი ერთი ამბით მოაქვთ სოფელში; შემდეგი რიტუალი ნანადირევის ასევე მისტიური განაწილებაა ღირსეულთა შორის; ნადირობის დასკვნითი აქტი – საერთო ღრეობის, თავაწყვეტილი ორგიის მოწყობაა. ორგია მანამ გაგრძელდება, სანამ უკანასკნელ ძვლებს არ გამოხრავენ და კარგად არ დაიმშევიან. მოშიებულები კი თავიდან იწყებენ ახალ ციკლს. და ასეა დაუსრულებლად, უკუნისი უკუნისამდე! ეს ციკლი, მიუხედავად იმისა, რომ მამონტები უხსოვარ დროს გადაშენდნენ, პირველყოფილი ყოფის ხალხებში სხვადასხვა რიტუალების სახით დღესაც მეორდება.
პირველყოფილი ნადირობის ერთადერთი „ჭეშმარიტი და წმინდა ტექნოლოგია“ ჯადოსნობაა. ნადირობის ცენტრალური აქტი მამონტის ფიზიკურად მონადირება კი არ არის, არამედ შამანობა – გიგანტი ჰოლჰუტის სულის მოხელთება, მასში შეღწევა, მისით აღვსება, რაც მხოლოდ მაგიური რიტუალის შესრულებით მიიღწევა. ეს მაგიური რიტუალი უკიდურესობამდე მარტივია და ამიტომ გენიალურიც – ჰოლჰუტად გარდასახული, მის არსად მოვლენილი, ტრანსში ჩავარდნილი, სათანადოდ მორთულ–მოხატული და ჰოლჰუტის ამოსაცნობი ნიშნებით უხვად შემკული შამანი მონადირეთა წრეში მისტიურ ცეკვას იწყებს, რიტმული მოძრაობებით, სიმღერით, ჯადო შელოცვითა და შეძახილებით მონადირეებს აიყოლიებს; რიტუალი იქამდე გრძელდება, სანამ შამანი არ დარწმუნდება, რომ ჰოლჰუტთან მონადირეების სრულ ზიარებას მიაღწია და ძალაგამოცლილი, ქანცგაწყვეტილი არ დაეცემა მათ ფერხთან. ეს წარმატებული ნადირობის საწინდარია.
რიტუალისას მთელი ტომი კონცენტრირებულ წრეებად ირაზმება. მონადირეთა წრე ტომის იერარქიაში მეორეხარისხოვან ადამიანთა წრითაა გარშემორტყმული – მართალია, ისინი ღირსნი არ არიან თავად ჰოლჰუტთან ზიარებისა, მაგრამ რიტუალში ორგანულად ეწერებიან და რჩეულ მონადირეებთან სულიერი ერთობის დემონსტრირებით საზრდოობენ და ტკბებიან.
რიტუალში მთავარი ის არის, რომ ვინც მამონტზე ნადირობდა, ჯერ ჰოლჰუტის სული უნდა მოეხელთებინა, სულერად გაჰოლჰოტებულიყო. გაჰოლჰოტებას შამანის ჯადოსნობა განაპირობებდა. ხოლო ის, ვინც მონადირეთა ნადავლზე იყო დამოკიდებული, მონადირესთან მაგიური კავშირით უნდა შეკრულიყო. მამონტი პირვეყოფილ მონადირეთა ტოტემი იყო. მონადირეობა კი, როგორც ცხოვრების წესი – ტოტემტან ზიარების ხელოვნება. პირველყოფილობა იქამდე გრძელდება, სანამ ტოტემია ტომის არსი.
მოხდა თუ არა ჰოლჰუტის სულის მოხელთება და მასთან ზიარება? ეს პრაქტიკით, ნადირობის შედეგით ირკვევა. თუ მამონტს მოინადირებენ, რასაც არა მხოლოდ მონადირეთა, არამედ მთელი ტომის მობილიზაცია სჭირდება, ეს არა იმდენად მონადირეთა, არამედ უდავოდ შამანის, რომელმაც ფიზიკურ მოხელთემამდე, სწორედაც სულიერი გაჰოლჰუტებით განაპირობა წარმატებული ნადირობა, დამსახურებაა. შამანი მაგიური განსწავლულობით ანაწილებდა როლებს მონადირეთა და ტომის სხვა წევრებს შორის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწორედ ის, სამართლიანად, დამსახურების მიხედვით გაჰყოფდა ნადავლსაც.
შამანი ხელშეუხებელი და წმინდაა, ტაბუები, ე.ი. აკრძალვები და მათზე დამყარებული პირველყოფილი პროტო–სამართალი სწორედ შამანობასთან, როგორც ტომის მამათა მამის, ცოცხალი ტოტემის ძალაუფლების ურყევობასთანაა დაკავშირებული. შამანი ამ პროტო–სამართალს უშუალოდ განასახიერებს. ტაბუს დარღვევა სასტიკად ისჯება – ტომიდან მოკვეთა და სიკვდილი გარდაუვალია.
ბუნებრივია, პირველყოფილთა მთელი ყოფა თავიდან ბოლომდე ნადირობაზე იყო დამოკიდებული. ცხადია, სხვა ცხოველებზეც ნადირობდნენ, მაგრამ მამონტი მონადირეთა უპირველეს სახსარს, მთავარ რესურსს და იმავდროულად, წმინდა ცხოველსაც წარმოადგენდა.
პირველყოფილი ძალაუფლების ტოტემური სახეც, ძალაუფლების პირველი და უძველესი არქეტიპი მამონტის ხატი იყო. მამონტთან ზიარება, სულიერი გაჰოლჰუტება, შემდეგ მისი, როგორც მეორე „მეს“ დევნა, მომწყვდევა და დაუფლება–მოხელთება, მოპოვებულით შინ დაბრუნება და ნადავლის ღირსებისამებრ დანაწილება, ბოლოს – დასკვნითი ორგია პირველყოფილი „პოლიტიკის“ სრულ მისტერიულ ციკლს წარმოადგენდა...
როცა პირვეყოფილებმა ველურობა გადალახეს და ნადირობა–შემგროვებლობის ნაცვლად მიწათმოქმედებას, ხელოსნობასა და ვაჭრობას მიჰყვეს ხელი, შამანები ქურუმებად და არისტოკრატ მბრძანებლებად იქცნენ; მონადირენი – მეომრებად; ტომის ხალხი – მიწათმოქმედ გლეხებად, ხელოსნებად და ვაჭრებად; გაჩნდნენ ერის კანონმდებლები და დაწრილი კანონები; განვითარდა რელიგიური ცნობიერება; იშვა კერძო საკუთრება, ჭარბი დაგროვილი დოვლათი, შეიქმნა დამწერლობა, ხელოვნება და მეცნიერება; მოკლედ – ველურობა კულტურამ და ცივილიზაციამ შეცვალა. ძალაუფლების პირველი ხატი – მამონტი და მამონტზე ნადირობა ღრმა დავიწყებას მიეცა, არაცნობიერში განიდევნა და ეს არქეტიპი ათასწლეულების განმავლობაში ცნობიერებაში ჩამოყალიბებული კულტურული შრეებით დაიმარხა.
...მხოლოდ ზოგჯერ, დიდი ისტორიული კატაკლიზმებისას, როცა ეპოქები ერთიმეორეს ენაცვლება, განსაკუთრებით კი მძაფრი ცვლილებების, რევოლუციების დროს, თვით მაღალ ცივილიზებულ ერებშიც კი ცოცხლდება მონადირეთა პირველყოფილი და ველური ინსტიქტი, არაცნობიერიდან ამოდის კულტურული შრეებში ღრმად დამარხული მამონტის ხატი, ვითარცა ქვესკნელიდან თავდაღწეული კილუ კრუკი და სწორედ მაშინ, გაბატონდება ხოლმე პირველყოფილი ძალაუფლების ეშვებიანი სტიქია.
.........
... ქართულ პოლიტიკაში, პირველყოფილი ძალაუფლების არქეტიპი – უხსოვარ დროს გადაშენებული უზარმაზარი, ეშვებიანი გიგანტი გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს გაცოცხლდა. სწორედ იქიდან ქართული პოლიტიკა დაემსგავსა მამონტზე ნადირობის ისტორიულ ციკლს, რომელიც სხვადასხვა ფორმით, მაგრამ არსებითად უცვლელი მაგიური შინაარსით ოთხჯერ განმეორდა...
მანამდე, ანუ წინარე ისტორიულ – საბჭოთა ეპოქაში, ძალაუფლება ესკიმოსთა ლეგენდაში მოხსენიებულ, ოკეანის უკუნით მოცულ სიღრმეში უძრავად დავანებულ ზღვის ურჩხულ აგპუს მსგავსი რამ იყო. მისი მოკვლა ჭკუათამყოფელს თავში არ მოუვიდოდა. მონადირეები საერთოდ არ არსებობდნენ, ნადირობის, ე.ი. პოლიტიკის აკრძალვა მთავარი ტაბუ იყო. ოდენ რჩეულთა ხვედრს წარმოადგენდა უძლეველ და მარადიულ გიგანტურ აგპუსთან ზიარება, რაც ერთადერთი გზით იყო შესაძლებელი – აგპუს, როგორც ბიბლიურმა ვეშაპმა იონა, ისევე უნდა შთაენთქა ძალაუფლების ყოველი მოზიარე.
შემდეგ დაიწყო პოსტ–საბჭოური ისტორია: პირველ აქტში, ე.წ. „პერესტროიკისას“, რაც ქართულად „გადაშენებად“ ითარგმნება, ურჩხულ აგპუს წიაღშივე ჩაისახა მისი მემკვიდრე – კილუ კრუკი. ახალშობილი კილუ სამკვდრო–სასიცოცხლოდ წაეკიდა მშობელ აგპუს და ზღვის უფსკრულიდან ხმელეთზე იქნა გამოძევებული. დაიწყო ჟამთა ცვლა, ისტორიული პროცესი და თავდაპირველად სწორედ ის, ხატი პირველყოფილი ძალაუფლებისა, ხილული და ხელშესახები გახდა მოკვდავთათვის.
კილუ კრუკი, მოგეხსენებათ, იმდენად მძიმე იყო, რომ მიწაში ეფლობოდა, ჯურღმულში ვარდებოდა და იქ იკვლებდა გზას თავისი უზარმაზარი ეშვებით. ქვესკნელში ძრომიალი და ბნელი გვირაბების თხრა მისი ბუნება იყო, რაც აგპუს წკვარამის, მშობლიური წიაღის ნოსტალგიიდანაც მომდინარეობდა.
ახალი ისტორია მაშინ დაიწყო, როცა სახტად დარჩენილმა ადამიანებმა იხილეს არნახული კილუ, ზღვიდან ხმელეთზე გამოსული, უზარმაზარი ვეშაპი, რომელიც მამონტად განსახიერდა და შეიპყრო ისინი ჰოლჰუტის მონადირების დაუძლეველმა ჟინმა. ერთ დროს აგპუს მიერ შთანთქმულთ თვალი აეხილათ და მონადირეებად, ანუ თანამედროვე ტერმინოლოგიით – პოლიტიკოსებად შეიმეცნეს თავი თვისი...
... აქ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნადირობას უპირველესად ჯადოსნობა, შამანი სჭირდება და მხოლოდ შემდგომ – მოხერხებული, ჩაუქი მონადირენი. მთავარი აქ ისაა, რომ შამანად გამორჩევა, მისი ჯადოსნობის გამოვლენა მონადირეთა „სოციალურ დაკვეთაზე“ რეაქციია და არა პირიქით. ნადირობის ჟინით აღვსილნი ეძიებენ შამანს და აკი გამოარჩევენ კიდეც. შესაძლოა, მომავალ ჯადოსანს არც კი სურდეს ამ როლის თამაში, მაგრამ ტომის მონადირეთა ველურ ნებას წინ ვინ დაუდგება?!
ქართული პოლიტიკის უპირველეს შამანად, რომელსაც პირველყოფილი სტიქიური, დაუნაწევრებელი, ანუ აგპუსგან შობილი, ხმელეთზე გამოსული და ქვესკნელში დანთქმული კილუ–კრუკის სახით არსებული ძალაუფლება უნდა მოენადირებინა, ზვიადი იქნა მონადირეთა ბრბოს მიერ გამორჩეული.
სავარაუდოდ, მონადირეთა შამანობა მისი ნება არ ყოფილა. ის უფრო აგპუს წიაღიდან კილუ–კრუკის გათავისუფლებას უმღეროდა და თავისუფლების მისტერიის თავისებურად აღსასრულებლად იყო მოწოდებული და არა პირველყოფილ მონადირე–პოლიტიკოსთათვის სანატრელი მამონტის – ძალაუფლების მოსანადირებლად. მაგრამ მას ვინ რას ეკითხებოდა?! შამანად დაუკითხავათ აკურთხეს და მორჩა – ნადირობაც დაიწყო!
თანამედროვე შამანობა, როგორც ხელობა და ხელოვნება, მრავალრიცხოვანი მიტინგების მოწყობა, ძალაუფლების დასამხობად, ანუ ჰოლჰუტის მოსანადირებლად ფართო მასების მობილიზებაა. ზვიადს ეს შესანიშნავად გამოსდიოდა. ის უპირველესად მის გარშემო წრეშეკრულ მონადირე–პოლიტიკოსებს აღანთებდა და აღავსებდა ჰოლჰუტის დიადი სულით; ხოლო „მრგვალ მაგიდაში“, ე.ი. ზვიადის წრეზე შემოკრებილი მონადირენი, თავის მხრივ, გარშემო მასებს აღანთებდნენ. ასე, კონცენტრირებული წრეების სახით ხდებოდა საყოველთაო გაჰოლჰუტება.
ქრისტეს აქეთ 1990–ში, 28 ოქტომბერს, ამ წრიული, მომნუსხავი რიტმიკის დასკვნითი აკორდით – „პირველი მრავალპარტიული და თავისუფალი“ არჩევნებით, აღსრულდა საოცარი მისნობა და განგმირული კილუ კრუკი „მრგვალი მაგიდის“ ფერხთა წინაშე დაეცა. დიდი ზარ–ზეიმით მიიტანეს ნანადირევი და მთავრობის სასახლეში დაავანეს, ხოლო ამ სასახლის წინ კი კარვები აღიმართა ნადავლის განაწილებისა და ორგიის მოლოდინში...
აი, აქ კი, ნადავლის გაყოფისას, უპირველესი შამანი დაიბნა. ვერაფრით გაერკვა, რა მოეხერხებინა განგმირული მამონტისთვის და არჩივის გაყოფას აყოვნებდა. ჯადოსნობა და შელოცვა აქ ვეღარ გაჭრიდა, რადგან ცივი ანგარიში იყო საჭირო.
მონადირეთა შორის ყველაზე სულსწრაფთა და ჩაუქთა დაოკება მოჭოჭმანე შამანისათვის საბედისწერო აღმოჩნდა. ძალაუფლების პირველყოფილი სტიქიის დამორჩილება მან ვერ შესძლო; როგორც კი ყოყმანი შეატყვეს, მაშინათვე უარყვეს მამათა მამა, დაიმსხვრა პირველი ტაბუ და ის, ვინც ჰოლჰუტზე სანადიროდ ჯადოსნობდა, თავად იქცა მამონტად, რომელზეც უნდა ინადირონ. დაიწყო ახალი ციკლი ნადირობისა, ამჯერად უკვე ტაბუს, ტოტემისა და ყოველგვარი წესების გარეშე. მამონტად გამოცხადებული უპირველესი შამანი განდევნეს, თუმცა თავიდანვე არ მოუმწყვდევიათ და არ განუგმირავთ. „დევნილი ილტვოდა საწყალობლად და იჯმნა იჯევანს“. შემდგომად გროზნოს. იმდენად არა აბეზარი მონადირეები, რამდენადაც მის მიერვე გამოხმობილი კილუ კრუკის დიადი სული სდევნიდა და სტანჯავდა. ბოლოს მოიმწყვდიეს მონადირეებმა და სამეგრელოს ტყეებში აღმოჰხდა საცოდავს მრავალტანჯული სული.
სამაგიეროდ, ტაბუს გამტეხმა, ავაზაკებად ქცეულმა მონადირეებმა, მოპოვებული ნადავლის გაყოფაში ერთურთი რომ არ ამოეხოცათ, მოიწვიეს გაქნილი და ეშმაკობაში გაწაფული, მთელს მსოფლიოში თეთრ მელად სახელგანთქმული ედუარდი და იგი აკურთხეს ახალ შამანად. არც მას არაფერი გამოუვიდა, რადგან „პოლიტიკური გაწაფულობა“ კი დაბადებით მოსდგამდა, მაგრამ ჯადოსნობა მისი ხელობა არ იყო. ხოლო დამსხვრეული ტაბუს გამთელებასა და მასების გაჰოლჰუტებას, რასაც მისგან დაჟინებით ითხოვდნენ გაავაზაკებული მონადირენი, სწორედაც რომ შამანობა სჭირდებოდა...
გაქნილმა ედუარდმა როგორღაც მოახერხა და მის გარშემო შემოკრებილი მონადირე–ავაზაკნი დააოკა. მაგრამ მამონტის, ე.ი. ძალაუფლების პირველყოფილი სტიქიის დაუნჯება ვერაფრით შესძლო. კანონმდებლად, მიუხედავად იმისა, რომ 1995–ში კონსტიტუცია მიიღეს, ის არ გამოდგებოდა, რადგან თავადაც აგპუს შთანთქმული იყო და მისი წიაღიდან ბოლომდე არც იყო გამოსული. მის გარშემო ნელ–ნელა ახალი თაობის მონადირენი შემოიკრიბნენ, ხოლო მას არც შამანობა, არც ერისათვის კანონის დადება და არც ტაბუს აღდგენა, არც ტოტემის დაბრუნება და ტომის გაჰოლჰუტება არ შეეძლო.
ახალმა მონადირეებმა, ერთ დროს მოქ(ნ)კავშირის წევრებმა, ედუარდის განაწილებული წილი არ იკადრეს და თავად იგი, ედუარდ გაქნილი, თეთრ მელად სახელგანთქმული, ოფიციალურად გამოაცხადეს თავიანთ საკბილოდ. ასე გახდა თეთრი მელა მამონტი და ნადირობის მესამე სეზონიც გაიხსნა... ბოლოს მისი უსისხლოდ მონადირებაც შეძლეს ვარდების მისნობით. ახალი მისანი კი ახალგაზრდა, ლიბერასტულად განათლული ჩოყლაყი იყო, რომელმაც მასების არნახულ გაჰოლჰუტებას მიაღწია მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ეფექტიანად გამოყენების შედეგად.
ის არათუ ჰოლჰუტისა და კილუ კრუკის, არამედ თავად მამონტის პირველ სახის – აგპუს სულს და მის მყრალ სიბილწეთ ეზიარა. თავის მონადირეთა წრეც, რომელთაც ავაზაკობა წინარე მონადირეთაგან ისედაც მიიღეს მემკვიდრეობით, აღავსო ამ ბილწი სულით და ნადავლზე გაფაციცებულ ნაძირალათა ხროვად აქცია; მათ აგპუს აჩრდილი გამოიხმეს ზღვის უფსკრულიდან. გამოვიდა აგპუ ხმელეთზე და უკუნმა მოიცვა ქვეყანა, რომელიც აგპუსთან შეზრდილი ჩოყლაყისა და ჩოყლაყოსნების ნადავლი გახდა.
მათ თანამედროვე ამერიკულ ყაიდაზე თავიანთი კორპორაცია შექმნეს, რომელიც ადამიანების სულების ამოხდით და გაუთავებელი ორგიების მოწყობით იყო დაკავებული. აგპუსთან შეზრდილი ბილწნი ხომ არა მამონტებით, არამედ ადამიანთა სულებით იკვებებიან და მერე დაუსრულებლად ღრეობენ...
...მამონტზე ნადირობა, ე.ი.თანამედროვე ტერმინით – პოლიტიკა ჩოყლაყმა აკრძალა, რადგან თავად იყო მამონტთ მამონტი, პირველსახე მამონტისა – ურჩხული აგპუ, ბნელი მხარე ძალაუფლების პირველყოფილი სტიქიისა, ანუ სწორედ ის ლევიათანი, ის გველეშაპი, რომელიც წმინდა გიორგის შუბმა უნდა განგმიროს....
........
... ნადირობის მეოთხე სეზონი ივანიშვილმა გახსნა 2011 წლის ოქტომბერში თავისი ცნობილი გამოსვლით. მან მამონტთ–მამონტზე უჩვეულო ნადირობა გამოაცხადა, მისნობის, მჩხიბავობისა და მასების გაჰოლჰუტების გარეშე.
ივანიშვილს მონადირეებისა და მასებისა გასაჰოლჰუტებლად ჯადოსნობისათვის არ მიუმარტავს. სწორედაც პირიქით – ოქტომბრიდან ოქტომბრამდე იგი ჩოყლაყის და მისი ბილწი კორპორაციის განიარაღებას ლამობდა, როდესაც აგპუს წყეული, ბილწი სული მეტად და მეტად შუქდებოდა და შედეგად, კორპორაციის ბნელი ძალაუფლება ნელ–ნელა განქარდებოდა.
მოსახდენიც მოხდა. აგპუს აჩრდილი სინათლეს გაექცა და ისევ ზღვის უკუნში დაინთქა, იმედია, სამუდამოდ; ხოლო ჩოყლაყის უსულო კორპორაცია, როგორც მონადირებული მამონტთ–მამონტის ლეში, მონადირეთა ახალი კოალიციის ფერხთით დაემხო.
პრობლემა ახლა ის არის, რომ კოალიციად შეკრულ მონადირეებს, რომელთაც აქამომდე ხელად ჰქონდათ არა მამონტთა, არამედ „ხოცვა ნადირთა მცირეთა“, ისევე სჭირდებათ შამანი, როგორც მათ წინამორბედთ.
მამონტის, ამჯერად უკვე მონადირებული ნადავლის, ხატი როგორც ახალ მონადირეთა, ისე მათ გარშემო შემოკრებილი ტომის ცნობიერებაში ისევ ღრმად არის გამჯდარი. ძალაუფლების პირველყოფილი სტიქია, მისი ბნელი მხარე, კვლავაც გაბატონებას ლამობს. ჩოყლაყიც მზადაა ნადავლის გასაყოფად ახალ მონადირეებს კოაბიტაციის ხელი გაუწოდოს, რითიც მამონტიც გაცოცხლდება და შესაძლოა, აგპუს აჩრდილიც კი დაბრუნდეს.
დღევანდელი რეალობა ასეთია:
დაუნჯებული, მოთვინიერებული, დასაზღვრებული ძალაუფლება და მაშასადამე, სახელმწიფო ჯერ არა გვაქვს. სამაგიეროდ გვაქვს დამხობილი კორპორაცია, როგორც მონადირებული მამონტის ლეში.
სახელმწიფოს შექმნა, „ძალაუფლების ინსტიტუციონალიზაცია“, ერის კანონმდებლებს, მათ ხანგრძლივ შრომასა და ჯაფას, ოფლის ღვრასა და არა ნადავლის გასაყოფად შამანსა და მის ჯადოსნობას მოითხოვს.
თანამედროვე მონადირეებს – პოლიტიკოსებს კი ოფლის ღვრასა და შრომა–გარჯას, რისკის გაწევას ურჩევნიათ ნადავლი გაინაწილონ და ამისათვის არც ჩოყლაყთან კოაბიტაციას იუკადრისებენ.
ჩოყლაყის კორპორაცია სულისგან დაცლილი, მონადირებული მამონტია. მამონტი გდია და სისხლისაგან იცლება. პოლიტიკოს–მონადირეები თავს ახვევიან და შამანს ელიან, რომელიც ჯადოსნურ ნიშანს მისცემს და ნადავლს „სამართლიანად“ გაანაწილებს.
ჩვენ კი, ტომის დამშეული ხალხი, იმას ველოდებით, რომ მამონტს სოფელში ჩამოგვიტანენ, ყველას ჩვენ–ჩვენი არჩივი გვერგება და ერთი კარგად დავძღებით... ხოლო როცა ისევ მოგვშივა, ახალ შამანს და მონადირეებსაც გამოვნახავთ და მამონტზე ახალ ნადირობას მოვაწყობთ...
...არადა, გეორგიანნი, მიწათმოქმედი, პურისა და ღვინის მომყვანი ხალხი ვართ და არა მამონტებზე მონადირენი. თანაც მამონტები 10 000 წლის წინ გადაშენდნენ.
ქართველთა სახელმწიფო გერბზე ქრისტიანულ–გეორგიანული სიმბოლო – გველშაპის შუბით განმგმირავი წმინდა გიორგია გამოსახული. და არა მამონტის სამგვაროვანი სახე – აგპუ, კილუ კრუკი თუ ჰოლჰუტი.
შევძლებთ თუ არა, რომ ჩვენსავე გერბს ვუერთგულოთ, მამონტებზე ნადირობისაგან ხელი ავიღოთ და ისევ გეორგიანულ ცივილიზაციას დავუბრუნდეთ?