საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამხედროებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. ”ქრისტეს აღდგომის მიცვალებულთათვის ხარების” დღეს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები მივიდნენ.
„დღევანდელი დღე, პატივის მიგება ჩვენი გმირებისადმი, კიდევ ერთი გამოხატულებაა იმის თუ საზოგადოება რამდენად მადლიერია იმისთვის, რომ დაიცვეს ჩვენი ქვეყანა. გარდა ამისა, გმირობა არ არის ერთჯერადი აქტი. ეს ბიჭები ისევ აგრძელებენ გმირობას იმით, რომ ზრდიან მხედრულ სულს ახალგაზრდებში და გმირებს ზრდიან მომავლისთვის" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
სამხედრო სასაფლაოზე შეიარაღებული ძალების მთავარმა მოძღვარმა მამა დავითმა დაღუპულ მებრძოლთათვის პანაშვიდი გადაიხადა.
თავდაცვის მინისტრი მუხათგვერდიდან ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე მივიდა სადაც აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლებია დაკრძალული. თავდაცვის მინისტრმა და გაერთიანებული შტაბის უფროსმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაკარგულ და დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მუზეუმიც მოინახულა.