პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას აღნიშნა, რომ გამოსავალი არის კოალიციური მთავრობის შექმნა, ან სამთავრობო ცვლილება, რაც, მისი აზრით, დროებით მაინც განმუხტავს ქვეყანაში არსებულ კრიზისს.
იგორ კვესელავა: 30 წელია, საქართველოში კლასიკური პოლიტიკური პარტია ვერ ჩამოყალიბდა. არც ზვიად გამსახურდიას, არც შევარდნაძის, არც მიშას დროს ყოფილა, კლასიკური გაგებით, პოლიტიკური პარტია. ყოველთვის იყო დროებითი გაერთიანებები, პატარა პარტიები ეტმასნებოდნენ დიდ პარტიებს და ამ პერიოდში შექმნილი ყველა პარტია თითქმის გაქრა. იგივე პერსპექტივა შეიძლება ელოდეს ნაცმოძრაობასა და „ქართულ ოცნებას". ჯერჯერობით პოლიტიკურ სცნაზე მხოლოდ ეს ორი პარტიაა და მესამე არის გახარიას პარტია.
„ქართულ ოცნებას" აქვს პოლიტიკური და ფინანსური რესურსი, მაგრამ ვინ სარგებლობს ამ რესურსით - ხალხი თუ ხელისუფლება, ეს არის მთავარი კითხვა. ნაცმოძრაობას, რა თქმა უნდა, ჰყავს თავისი მიმდევრები, მაგრამ წინ ვერ მიდის და ნულის ფარგლებში მოძრაობს. პარტია გახლეჩილია და ამიტომ დღის წესრიგში დგება საკითხი პარტიის გარდაქმნისა. მე პირადად მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალს ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ მის ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში.
ბოლო კვლევა „ოცნების" წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს, მაგრამ ჯერჯერობით ბიძინას ტაქტიკა მოქმედებს, მას ხელს არ აძლევს არც ძლიერი ოპოზიცია და არც „ოცნებაში" ძლიერი პოლიტიკოსები. ოპოზციამ თუ ასე გააგრძელა, ისევ ბიძინა დარჩება ხელისუფლებაში.
„რ": ნაცმოძრაობაში აქამდე ფიქრობენ, შეწყვიტონ თუ არა ბოიკოტი. პარტიაში პარლამენტში შესვლა-არშესვლის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა როგორც ლიდერები აცხადებენ, „სტრატეგიული მსჯელობა" გრძელდება.
ი.კ: ნაცმოძრაობას თაკო ჩარკვიანის ნაირი პოლიტიკოსები რომ ეყოლება, იმიტომაცაა საქმე კარგად. სრულიად აბსურდულ განცხადებებს აკეთებს... პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხთან დაკავშირებით რა გითხრათ, სხვა რა დარჩენია ნაცმოძრაობას? ქუჩის აქციებითა და შიმშილობით ვერაფერს მიაღწიეს. პარლამენტში თუ შევლენ, ისიც არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი კეთილდღეობის გამო; ხელფასები, მანქანები, მხოლოდ მატერიალური ინტერესი და პრესტიჟი, თორემ პარლამენტში მათ შესვლას არავითარი პოლიტიკური წინსვლა არ ექნება, რაც „ოცნებისთვისაა" მომგებიანი, მთელ მსოფლიოს დაანახებენ, რომ ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემაა. რთული ვითარებაა.
„რ": გამოსავალს რაში ხედავთ?
ი.კ: კოალიციური მთავრობის შექმნა დროებით მაინც განმუხტავს სიტუაციას, ან სამთავრობო ცვლილება. მთავრობა ამ გზით თუ არ წავა, ვგულიხმობ კოალიციური მთავრობის შექმნას, მაშინ პრემიერმა სამთავრობო ცვლილება უნდა გაატაროს. პირადად მე გაზაფხულისთვის მაქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკური სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.