ექიმი თამარ გოცაძე: თუ აცრილი პაციენტი გვყავს, მაშინ ბრძოლა თავიდანვე მოგებულია! კაცობრიობის ისტორიაში, დღემდე, ყველაზე ეფექტურ იარაღად ვაქცინა რჩება

ექიმი თამარ გოცაძე: თუ აცრილი პაციენტი გვყავს, მაშინ ბრძოლა თავიდანვე მოგებულია! კაცობრიობის ისტორიაში, დღემდე, ყველაზე ეფექტურ იარაღად ვაქცინა რჩება

„ერთად გავუმკლავდეთ“, - ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ.

„კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი - „ერთად გავუმკლავდეთ“ - კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.

ექიმი თამარ გოცაძე:

„20 წლის განმავლობაში ვემსახურები ჩემს პროფესიას და საყვარელ საქმეს, მაგრამ, დღევანდელი გადმოსახედიდან, შემიძლია დაზუსტებით გითხრათ - იქ ვარ და იმას ვაკეთებ, რასაც ცხოვრების მთავარი მიზანი ჰქვია - ეს ასე მძაფრად არასდროს მიგრძვნია. ექიმები, რომელთაც განსაკუთრებული ნერვული სისტემა, ფსიქიკა და მოთმინების უნარი გამოგვარჩევს, დღეს, ყველაზე უსუსურები აღმოვჩნდით, რადგან ჩვენში ემოციური ფონი მძლავრობს. როგორც არასდროს, ისე განვიცდი დღის დაღამებასა და გათენებას, ვინაიდან ეს ვერაგი დაავადება გამარჯვებულ ომშიც კი ჩასაფრებულია და არ ვიცით ზურგში ლახვარს როდის ჩაგვცემს. ტოვებ გაღიმებულ, იმედით სავსე, პატარა ბავშვივით შენზე მინდობილ პაციენტს და, მოულოდნელად, ყველაფერი, ყველაზე გაუთვალისწინებელი სცენარით, ჩვენგან დამოუკიდებლად ვითარდება... ძალიან რთულია, ასეთ დროს, ჭირისუფალზე მეტად, „ჩვენ უფრო დიდი ჭირისუფალნი ვართ“, არანაკლებ გვტკივა, განვიცდით და თანავუგრძნობთ...

დამერწმუნეთ, დღეს, მაშინ, როდესაც ახლიდან „ვსწავლობთ“ და ვითვისებთ იმ პროფესიულ უნარებს, რომლებითაც ჯერ კიდევ ამოუცნობი ვირუსის მოთვინიერებას ვცდილობთ, ყველაზე მეტად თქვენი დახმარება გვჭირდება!!! ახლა უკვე ზუსტად ვიცით, თუ აცრილი პაციენტი გვყავს, მაშინ ბრძოლა თავიდანვე მოგებულია! კაცობრიობის ისტორიაში, დღემდე, ყველაზე ეფექტურ იარაღად ვაქცინა რჩება. მინდა ყველას ვთხოვო, ნუ აგვყრით მთავარ იარაღს, ნუ განგვაიარაღებთ ამ დიდ ბრძოლაში, რადგან ომში ცარიელი ხელებით არ მიდიან! ჩვენ არასდროს მიგატოვებთ, ვინაიდან თქვენი ერთი ღიმილი; თვალებში აკიაფებული იმედის სხივი; წასვლისას, დასუსტებული, მაგრამ მთელი ძალით მოხვეული ხელები, ჩვენთვის იმ ენერგიის წყაროა, რომელიც ყველაზე მეტად გვაძლიერებს. ეს ის ემოციაა, არანორმალური ცხოვრების რეჟიმის გამო, ჩვენს საყვარელ ოჯახის წევრებთან გაწყვეტილი და გადადებული ურთიერთობით გამოწვეულ სიცარიელეს რომ გვივსებს… უნდა იცოცხლოთ, აუცილებლად უნდა ვიცოცხლოთ, რადგან ცხოვრება მშვენიერია და ამ ვერაგ ვირუსს არცერთი წამი არ უნდა დავუთმოთ. ვიცი, მწამს, ერთად ყველაფერი გამოგვივა...!“