2013 წლის 27 სექტემბერს სრულდება 170 წელი უდიდესი ქართველი მოღვაწის, დღესაც ყველაზე თანამედროვე ქართველის ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან.
პოლიტოლოგიურ და ფილოსოფიურ ლიტერატურაში მრავალი ტერმინია დამკვიდრებული ერისა და პიროვნების მახასიათებლად (მაგ. ერი-სახელმწიფო), მაგრამ ნიკო ნიკოლაძის დასახასიათებლად ძველი ტერმინები მეპატარავა და ახლის შემოღება და დამკვიდრება ვცადე. ესაა კაცი-სახელმწიფო - სწორედ ეს ტერმინია ზედგამოჭრილი ნიკო ნიკოლაძის წარმოუდგენლად დიდი ღვაწლის საჩვენებლად. ამ უდიდესმა საქმიანმა პატრიოტმა ფაქტიურად მარტომ შეძლო სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური საკითხების დაყენება და გადაწყვეტა, ასევე დიდი ქართული პროექტების წამოწყება და გასრულება, რაც დღესაც სახელმწიფოების და ინსტიტუტების ფუნქციაა და ზოგი ქვეყანა ამასაც ვერ აუდის და ახერხებს ჩვენს განვითარებულს დროშიც კი.
ქართველ მოღვაწეთა შორის ნიკო ნიკოლაძე გამორჩეულია თავისი დიდი საქმეებითაც. არჩილ ჯორჯაძემ მას „ულმობელი საქმის კაცი“ უწოდა და მართლაც საქართველოს ახალ ისტორიას არ ახსოვს ასეთი დაუდეგარი და საქმიანი პიროვნება, ბიზნესის ასეთი ორგანიზატორი.
ნიკო ნიკოლაძემ წინა პლანზე პრაქტიკული და პრაგმატული საკითხები წამოსწია, რაც მთლიანად შეესაბამებოდა და ახლაც შეესაბამება საქართველოს განვითარების მოთხოვნებს. იგი პირველია ქართველ მოაზროვნეებში, ვინც ცივილიზებული ბიზნესის და ვაჭრობის პროპაგანდა და მისი განხორციელება დაიწყო, რაც მაშინ ერის შინაგანი გაერთიანების გზაზე (რელიგიის შემდეგ) აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას მოასწავებდა, ისევე როგორც წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სწრაფი აღორძინება.
უდიდესი წვლილი მიუძღვის მას ქალაქ ფოთის აღმშენებლობაში და მისი მომავალი პროფილის განსაზღვრაში, პორტის ელექტოფიკაციასა და მექანიზაციაში. მან ფოთის პორტის აღორძინებით ფანჯარა გაჭრა ევროპაში მომავალი საქართველოსათვის. იგი თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო ფოთის ქალაქისთავი და მისი ბიუჯეტი 10-ჯერ გაზარდა, ფოთი ნამდვილ ქალაქს დაამსგავსა.
უდიდესი შრომა გასწია მან ტყიბულის ქვანახშირის საბადოს ათვისებისა და ქუთაისი-ტყიბულის რკინიგზის მონაკვეთის გასაყვანად, ჭიათურის მანგანუმის წარმოების სამრეწველო და საექსპორტო დონეზე დასაყენებლად, შორაპან-ჭიათურის სარკინიგზო ხაზის გასაყვანად, რითაც მანგანუმის სწრაფი გადაზიდვის საქმეც მოაგვარა და გააიაფა კიდეც.
აქტიურად მონაწილეობდა ნიკოლაძე ასევე თბილისის წყალსადენის მშენებლობაში, კახეთის რკინიგზისა და სურამის გვირაბის გაყვანაში, ქუთაისის აღმშენებლობაში, ტრანსციმბირის რკინიგზის მშენებლობაშიც კი, მანვე მოიწვია როტშილდი კავკასიაში ნობელებისათვის კონკურენციის გასაწევად, ფოთში დააარსა ნამდვილი თანამედროვე ბანკი, პირველად საქართველოში დაბეჭდა ობლიგაციები და ლატარიის ბილეთები და ფოთის კეთილმოწყობას მოახმარა (ნახევაკაპიკიან გადასახადთან ერთად), რაც უპრეცედენტო ნაბიჯი იყო მაშინდელ საქართველოში.
ნიკოლაძეს ეკუთვნის საქართველოს მომავალი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფუნქციის განსაზღვრის იდეა - მან 1918 წელს გერმანელ დიპლომატებთან საუბარში წამოაყენა ევროპის აზიასთან ვაჭრობის უმოკლეს მარშრუტზე - საქართველოზე გატარების იდეა (ბერლინი-ფოთი-პეკინი), რამაც დღეს ხორცი შეისხა ევრაზიული დერეფნის და გადაზიდვის სახით.
ის ასევე იყო ყოველივე პროგრესულის და მაღალტექნოლოგიურის პირველი დამნერგავი საქართველოში, ისევე როგორც ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური იდეების.
ნიკო ნიკოლაძე წერდა ქართულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე, თანამშრომლობდა უამრავ გაზეთთან და ჟურნალთან, აქ თუ საზღვარგარეთ, თავად აარსებდა გაზეთებსა და ჟურნალებს სხვადასხვა ენებზე. იგი იყო დიდი მოაზროვნე და მწერალი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.
ნიკო ნიკოლაძე იყო ქართული პოლიტიკური რეალიზმისა და პრაგმატიზმის მამამთავარი. მან შეიმუშავა მთელი რიგი კონცეფციებისა საქართველოს თანამედროვე მდგომარეობის შეფასების და სამომავლო განვითარებისათვის. ამ გაგებით იგი უთუოდ შეიძლება მივიჩნიოთ პირველ ქართველ პოლიტოლოგად და გეოპოლიტიკოსად.
ნიკოლაძემ საქართველოს ისტორიის შესწავლისა და გაანალიზების შედეგად წარმოაჩინა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი მიზეზები და, შესაბამისად, მოგვცა მათი გამოსწორების ადეკვატური რეცეპტები. იგი ასევე იყო პირველი ქართველი ევროპოლოგი, რომელმაც ევროპის ქვეყნების მაგალითების გაანალიზებით ქართველობას უჩვენა, თუ როგორ ხორციელდება საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარდაქმნები განვითარებულ ქვეყნებში, როგორ შეიძლება იქცეს ჩამორჩენილი ქვეყნები (იაპონია, პრუსია) სუპერსახელმწიფოებად, რა უნდა გაკეთდეს ქართული სახელმწიფოს გონივრული მოწყობისათვის.
ნიკო ნიკოლაძემ ღრმა ანალიზისა და შორსმჭრეტველობის წყალობით დასვა და გადაწყვიტა ზოგიერთი კონცეპტუალური საკითხი, რომელიც მაშინაც და მომდევნო საუკუნეშიც იდგა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინაშე:
- წინააღმდეგ გამეფებული შეხედულებისა, მან დაამტკიცა, რომ ერი ვერ შეძლებს დამოუკიდებლობის მოპოვებას, თუ ის არ განვითარდა და მოძლიერდა სოციალ-ეკონომიკურად და კულტურულ-შემეცნებითი თვალსაზრისით, თუ მან არ განავითარა ავტონომიური ერთეულები - თვითმართველობა, დემოკრატია, პოლიტიკური სისტემა, პლურალიზმი და შიდასახელმწიფოებრივი ინსტიტუციები (მანამდე და მერეც ბევრს მიაჩნდა, რომ ჯერ უნდა მოიპოვო დამოუკიდებლობა და მერე შეიძლება განვითარდე);
- მან აუხსნა ქართველობას (და არა მარტო მას), რომ ჩამორჩენილი ხალხები ერთი ნაბიჯით ვერ გაივლიან იმ გზას, რაც სხვას ხუთი-ექვსი ნაბიჯით გაუვლია, რომ ჩამორჩენილ ქვეყანას არ შეუძლია განვითარების მაგალითი მისცეს ძლიერ ქვეყნებს;
- აქედან გამომდინარეობდა ნიკოლაძის შემდეგი დასკვნა იმის შესახებ, რომ უეცრად, უშრომელად ვერც ერთი ხალხი ვერ გამდიდრდება, რომ არ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად გამეფებული იყოს სხვისი მოიმედეობისა და დახმარების, აზიური ინერტიულობის განწყობილება, რომ საკუთარ თავზე უკეთესი დამხმარებელი ჩვენ არავინ გვეყოლება მომავალშიც;
- ნიკო ნიკოლაძემ ასევე დაუსაბუთა ქართველებს, რომ არაა აუცილებელი ველოსიპედის ხელახლა გამოგონება, უნდა გამოვიყენოთ უცხოური დადებითი გამოცდილება, მაგრამ აუცილებელია შეიქმნას საზოგადოებრივი განვითარების ეროვნული მოდელი, დაფუძნებული ქართული ცხოვრების წესზე და მდიდარ ტრადიციებზე.
ეს მოდელი კი უცხოელებს კი არ უნდა შეექმნათ ჩვენთვის, რომლებმაც ქართული სპეციფიკა და რეალობა არ იციან, არამედ განათლებულ ქართველებს („ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის უდიდესი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ, ისინიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას... უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს“. ასეთი ძიძები გვაჩეჩებდნენ მარქსისტულ, ბოლშევიკურ იდეოლოგიას, გვაჩეჩებენ დღესაც სხვადასხვა გლობალისტურ და კოსმოპოლიტურ, ნეოლიბერალურ თეორიებს);
- ნიკო ნიკოლაძემ ცნობილი უნგრელი მოღვაწეების კოშუთისა და დეაკის, ასევე ბოლშევიკთა მაგალითზე დაუმტკიცა ქართველებს, რომ რადიკალიზმი დამღუპველია ქვეყნისათვის, რომ „ქართველობის მიზნები მხოლოდ ზომიერებით მიიწევნება (მიიღწევა)“. მას ევოლუციური გზა ერჩივნა, რევოლუციურ გზას;
- ნიკო ნიკოლაძემ კარგად აჩვენა ყველას, რომ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ჩამორჩენის უმთავრესი მიზეზი იყო მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის თითქმის არქონა, მეცნიერებისა და განათლების ჩამორჩენა ევროპული ანალოგისაგან და მიღწევებისაგან, პროფსიონალიზმის დეფიციტი;
- ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის უდიდესი მეთოდოლოგიური მნიშვნელობა აქვს ნიკოლაძის თეზას იმის თაობაზე, რომ „დასაწყისშივეა საჭირო მითითება სწორედ პირველ ნაბიჯთა შეცდომებსა და მოუხერხებლობაზე, რადგან თუ საფუძველშივე ხელი არ ახლე, ათი წლის შემდეგ ვერარანაირი გაუმჯობესებული მანქანით ვერ ამოგლეჯ;“
- ნიკო ნიკოლაძე ქართული სახელმწიფოს გონიერი ორგანიზაციის აუცილებელ პირობად თვლიდა ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭებას პარტიულ, პიროვნულ, ჯგუფურ ინტერესებთან შედარებით, ასევე ისეთი მმართველობისა და საარჩევნო სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მართვაში ყველაზე ნიჭიერი, განათლებული და პატიოსანი ადამიანების მონაწილეობას, რომ „ძალა და ძლევა რიცხვსა და სივრცეს კი არა, ცოდნას, ორგანიზაციას ეკუთვნის, იარაღს, წესსა და დისციპლინას;“
- ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულად მოწყობის საქმეში ნიკო ნიკოლაძე საფუძველდამდებ პრინციპად თვლიდა სასამართლოს სწორად ორგანიზაციას, დამოუკიდებლობას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას რიგითი ადამიანებისათვის. მან ჯერ კიდევ 130 წლის წინ გააცნობიერა და დააყენა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების აუცილებლობა, რაც ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი ქვაკუთხედია დღეს;
- ნიკო ნიკოლძემ ცნობილ ეკონომისტებზე - კეინზი (აშშ) და სუბურო ოკიტა (იაპონია) - ადრე წამოაყენა და დაასაბუთა ეკონომიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოს ზომიერი, კონკრეტული ჩარევის აუცილებლობაზე, რასაც დიდი მეთოდოლოგიური მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ქართული სახელმწიფოსათვის, ისევე როგორც თეზას იმის შესახებ, რომ „სანამ მოსატანი (იმპორტი) მეტი გვექნება, ვინემ გასატანი (იმპორტი) - მონობას ვერ ავცილდებით,“ რომ „ერთი რეჟიმის შეცვლა მეორეთი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა სათანადოდ მომზადებული იქნება პროგრამა და გეგმა, აგრეთვე კადრები ახალი ხელისუფლებისათვის“ და ა.შ.
ეს მცირედი ჩამონათვალიც კი საკმარისია იმის დასანახად, თუ რა მასშტაბის მოაზროვნესთან გვაქვს საქმე ნიკო ნიკოლაძის სახით. ის იყო ყველაზე ცნობადი სახე ევროპაში ქართველი მოღვაწეებიდან. კაცს, რომელსაც ჰიუგოსთან, ლუი ბლანთან და სხვა ცნობილ ევროპელებთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, ქართველები ნაკლებად წყალობდნენ. მისი სახელი დღესაც ფაქტიურად მიჩქმალულია (პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ კომუნისტურმა საქართველომ უფრო მეტი გააკეთა მისი პოპულარიზაციისთვის, ვიდრე თანამედროვე, დამოუკიდებელმა საქართველომ). არადა თავისი ევროპული მრავალმხრივი განათლებით და ნიჭით, აზროვნების სიღრმით და მასშტაბურობით, შორსმჭრეტველობით და სიახლის აღქმის უნარით, საქმიანი თვისებებით, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ხედვით იგი მთელი თავით მაღლა იდგა თავის თანამედროვეებზე (მათ შორის ილიაზე, აკაკიზე, იაკობზე, ჯორჯაძეზე და სხვებზე) და ნამდვილ ევროპელ გრანდებს უტოლდება.
ნიკო ნიკოლაძე იყო საქართველოში ახალი იდეების გენერატორი და განმახორციელებელი, ქვეყნისათვის მიმართულების მიმცემი დიდი მამულიშვილი. ასეთი დიდკაცები ბევრ დიდ ერსაც კი არა ჰყავს. დროა ვისწავლოთ ასეთების დაფასება და მათთვის კუთვნილი, სათანადო ადგილის დროულად მიჩენა. მისი ადგილი კი უეჭველად არის ილიას გვერდით და არა მის შემდგომ ან სხვათა ჩამონათვალში.