„მოპარული მიწა: ყირიმი“ - რას წერს თურქული გამოცემა

„მოპარული მიწა: ყირიმი“ - რას წერს თურქული გამოცემა

თურქულ გაზეთ Türkiye-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „მოპარული მიწა: ყირიმი“ (ავტორი - იუსუფ ალაბარდა), რომელშიც ნატოსა და აშშ-ის მიმართ კრემლის მიერ წაყენებული მოთხოვნების ფონზე, განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი ანტითურქული ნეგატიური მომენტი, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან დაწყებული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

„მას შემდეგ, რაც რუსებმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს - მოახდინეს ყირიმის ანექსია და მხარი დაუჭირეს დონბასელ სეპარატისტებს - ისინი ახლა დამატებით ითხოვენ, რომ უკრაინა ნატოში არ მიიღონ; რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდეს; რომ ნატომ რუსეთის საზღვრებთან იარაღი (ჯარი) არ განალაგოს და რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 1997 წლის საზღვრებს დაუბრუნდეს (ანუ იმ მდგომარეობას, როცა ნატოში არც პოსტსოციალისტური და არც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები არ შედიოდნენ).

სხვა რით უნდა აიხსნას მოსკოვის მოთხოვნები, თუ არა იმით, რომ რუსეთს საბჭოთა კავშირის ეპოქის დაბრუნება სურს, რომელიც 1990 წლამდე არსებობდა?

სტალინი, მოლოტოვი და ბოსფორ-დარდანელი

გავიხსენოთ ისტორია:

განა რით განსხვავდება დღევანდელი რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოთხოვნები სსრკ-ის ლიდერის, იოსებ სტალინისა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის მოთხოვნებისაგან ყარსის საზღვრების გადასინჯვის თაობაზე და ბოსფორ-დარდანელის სრუტეებში სამხედრო-საზღვაო ბაზის დაარსებაზე? როგორც ცნობილია, მოლოტოვმა ჯერ კიდევ 1945 წელს საჯაროდ გამოხატა თურქეთის მიმართ პრეტენზიები ჯერ თურქი დიპლომატების, შემდეგ კი - დასავლელი მოკავშირეების წინაშე (პოტსდამის კონფერენციაზე).

თუ დასავლეთი რუსეთის ამჟამინდელ მოთხოვნებს დათანხმდება, მაშინ ცივი ომის შემდეგ შექმნილი უსაფრთხოების სტრუქტურა თავის ფუნქციებს დაკარგავს, თვით უსაფრთხოება კი - საფრთხედ გადაიქცევა.

დღეს რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის შედეგები ყველგან ჩანს - ბალტიის ზღვიდან საქართველომდე, ყაზახეთიდან სირიამდე, ლიბიიდან კავკასიამდე.

რა თქმა უნდა, არის ზონები, რომელთა მიმართ ამერიკის ადმინისტრაცია ჩუმადაა და უფრო მეტიც, კრემლთან ერთად მოქმედებს - მაგალითად, სირიაში...

რატომ? იმიტომ, რომ იმ პოლიტიკის არქიტექტორი და დირიჟორი, რომელიც სირიის სივრცეში ხორციელდება, ისრაელი გახლავთ. მაგრამ დავუბრუნდეთ უკრაინას.

ლავროვი, ყირიმის ანექსია და „მოპარული ჰათაის პროვინცია“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის მოთმინების ფიალა აივსო და მოსკოვს უსასრულოდ მოლოდინი აღარ შეუძლიაო.

საინტერესოა, რატომ არ უნდა ითმინოს რუსეთმა უსასრულოდ? იქნებ რუსეთი იმას ელოდება, რომ უკრაინამ უარი თქვას კრემლის მიერ ანექსირებული ყირიმის მიწაზე?

დავუკვირდეთ სერგეი ლავროვს: განა ეს ის ლავროვი არ არის, რომელიც ამბობდა - „უცხო ძალებმა, რომლებიც სირიის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებიან, სირია უნდა დატოვონო“? და რომელიც ახლა ყირიმის ანექსიას ამართლებს და ამით საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს, გაეროს რეზოლუციებს არ ასრულებს...

ჩვენ უკიდურესად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ ამ აგრესიულ და ექსპანსიონისტურ ქვეყანასთან მიმართებით, რომლის მასმედია, დიდი ხანია, ანტითურქულ პროპაგანდას აწარმოებს და ისეთ სტატიებს ავრცელებს, როგორიცაა „ჰათაი - თურქეთის მიერ მოპარული პროვინცია“ (ცნობისათვის: პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჰათაი სირიის შემადგენლობაში შედიოდა. იქ, ძირითადად, თურქები, არაბები და სომხები ცხოვრობდნენ. 1938 წელს აირჩიეს ადგილობრივი საბჭო, თურქების უპირატესობით. 1939 წელს ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგებით, ჰათაი სირიას გამოეყო და თურქეთის ნაწილი გახდა. პროვინცია წლების განმავლობაში იყო სადავო თურქეთსა და სირიას შორის. 2005 წლამდე სირია არ აღიარებდა თურქეთის სუვერენიტეტს პროვინციაზე - მთარგმნ. შენიშვნა).

დასავლეთმა და ნატომ რუსეთის მოთხოვნები უარყო, მაგრამ რადგანაც უკრაინა ნატოს წევრი არ არის და მოლაპარაკება გრძელდება, ჯერჯერობით გაურკვეველია, საბოლოოდ რა იქნება. უკრაინას სხვა ალტერნატივა არ აქვს, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავის იმედად იყოს რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში.

ჰიტლერი, ჩემბერლენ-დალადიე და სუდეტი

როცა სერგეი ლავროვი ნატოსგან რუსეთის მოთხოვნებზე თანხმობის დამადასტურებელ დოკუმენტს ითხოვს და თან ვადებს ასახელებს, ეს არაფრით განსხვავდება ადოლფ ჰიტლერის მუქარებისაგან, რომელიც ფიურერმა ჩეხოსლოვაკიას წაუყენა სუდეტის ოლქთან დაკავშირებით - ან 1938 წლის 28 სექტემბრამდე შენი ნებით მომცემ, ან გერმანიის ჯარი შემოვაო.

1938 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ნევილ ჩემბერლენმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ - ედუარდ დალადიემ, ადოლფ ჰიტლერის მუქარების პასუხად სუდეტის ოლქთან დაკავშირებით, იმის ნაცვლად, რომ თავიანთი მოკავშირე ჩეხოსლოვაკიის მხარე დაეკავებინათ, „სამშვიდობო“ პოლიტიკა გაატარეს, ჩეხოსლოვაკია აიძულეს, ჰიტლერისათვის სუდეტი გადაეცა და ამით გერმანია „დაამშვიდეს“. ჩემბერლენი და დალადიე თავიანთ ქვეყნებში „გმირებად“ დაბრუნდნენ, რომლებმაც ევროპას ომის საფრთხე თავიდან ააცილეს. როცა ჩემბერლენმა ლონდონში განაცხადა, „ჩვენი თაობა ომს აღარ ნახავსო“, მას უინსტონ ჩერჩილმა პარლამენტის თემთა პალატიდან ასე უპასუხა - "თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის გაგეკეთებინათ, თქვენ სირცხვილი აირჩიეთ. ახლა ომის წარმოება საკუთარ კართან მოგვიწევს“. უინსტონ ჩერჩილის წინასწარმეტყველება ახდა: ჰიტლერი სუდეტის ოლქის მიტაცებით არ გაჩერებულა, იგი კი არ დამშვიდდა, უფრო გაეხსნა მადა და აგრესიული გახდა... და საბოლოოდ, სწორედ ჩერჩილს მოუწია იმ ნანგრევების გაწმენდა, რომლებიც სირცხვილის ამრჩევი ადამიანის ნამოქმედარით იყო გამოწვეული.

ევროპამ და მსოფლიომ, უეჭველია, იმ დროში კარგი გაკვეთილები მიიღეს და დასკვნებიც გაკეთდა. ბევრი რამ დაიწერა აგრესორის „დამშვიდება-დაშოშმინების“ პოლიტიკაზეც. ევროპა ცდილობს, რომ ჩემბერლენ-დალადიეს შეცდომა არ გაიმეოროს, მაგრამ არც უკრაინას სთავაზობენ ღიად დახმარებას [რუსეთის აგრესიის შემთხვევაში]. ისევ გავიმეორებთ, რომ უკრაინა საკუთარი თავის იმედად რჩება.

რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინს ადოლფ ჰიტლერს არ შევადარებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ლიდერი - ერთი წარსულში და მეორე აწმყოში - მუქარებით ცდილობს, მიიღოს სუვერენული ქვეყნის მიწის ნაწილი. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ რუსული ექსპანსიონისტური პოლიტიკა დღეს ყველგან არსებობს - ბალტიიდან აღმოსავლეთ ევროპის, უკრაინისა და ყაზახეთის ჩათვლით.

რა უნდა გააკეთოს თურქეთმა

თურქეთი რუსეთს პირდაპირ და საჯაროდ ეუბნება, რომ ანკარა პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ რუსეთს უფრო მეტად ის აშფოთებს, რომ უკრაინა თურქულ სამხედრო პროდუქციას ყიდულობს. მოსკოვი ანკარას საჯაროდ არ უპირისპირდება, მაგრამ კრემლმა კარგად იცის თურქეთის სუსტი ადგილები, მაგალითად, სირიაში და ამიტომ იქ „იკბინება“.

მაგრამ სანამ უკრაინის მიმართ დასავლეთის პოზიცია ბოლომდე არ გარკვეულა, თურქეთი რუსეთს მარტოდმარტო არ დაუპირისპირდება. დასავლეთის მასმედია უკრაინის საკითხში თურქეთს თითქმის პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს და იმ ფაქტის იგნორირებას ახდენს, რომ ანკარა კიევს ყველაზე თანამედროვე იარაღს აწოდებს. გარდა ამისა, ჩვენ არასდროს დავივიწყებთ დასავლეთისა და ნატოს პოზიციას იმ დროს, როცა იდლიბში თურქეთის სამხედრო მოსამსახურეებს რუსეთისა და ბაშარ ასადის ძალებმა შეუტიეს (იგულისხმება 2020 წლის მარტის დასაწყისში სირიის იდლიბის პროვინციაში მომხდარი სამხედრო ინციდენტი, როცა ნატომ თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა, მაგრამ რამე პრაქტიკული დახმარება არ გაუწევია - ს.კ.).

ჩვენს წინაპრებს ერთი კარგი გამონათქვამი აქვთ: „მგელი გამოიზამთრებს, მაგრამ სიცივეს არ დაივიწყებს“.