საერთოდ, არ მიყვარს ეს სიტყვა - „მტერი“ და მით უმეტეს ვერც მტერს შევიყვარებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბევრი მიფიქრია, თუ რატომ უნდა „გიყვარდეს მტერი შენი“ და რატომ უნდა მიუშვირო მარჯვენა ლოყა, როდესაც მარცხენა ჯერ კიდევ გეწვის. ალბათ, არის ბრმადმორწმუნეობაში ისეთი რამ, რასაც ვერ ვხვდები და ეს შეიძლება იყოს სიმშვიდე, ზოგადად რწმენა რომ განიჭებს, ხოლო გწამდეს დაუფიქრებლად იქნებ მეტი სიმშვიდის მომნიჭებელიც იყოს... მაგრამ ისიც მწამს, რომ ღმერთმა ასეთებად ტყუილად არ შეგვქმნა. ყველაფერს თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს - ხელს, ფეხს, თვალს, გულს და პანკრიასიც გამიგია. არ ვიცი, რას ნიშნავს პანკრიასი, არც მაინტერესებს და არც ის ვიცი, რატომ ვიცი, საიდან ვიცი და რატომ მახსოვს. იპოვა ამ სიტყვამ თავისი ადგილი გონებაში, რომელიღაც უჯრედში მოიკალათა და გაისუსა. ხანდახან წამოტივტივდება ხოლმე და პანკრიასი კი არ მახსენებს თავს, არამედ გონება მახსენებს, რომ არსებობს პანკრიასი.
გონება მახსენებს... ვთქვი ხელი, ვთქვი ფეხი, ვთქვი თვალი და უცებ პანკრიასიც ამოტივტივდა გონებაში და ისე გამოვიდა, რომ გონებაც ვთქვი, გონება ანუ - ტვინი.
ტვინი ხანდახან ისეთ რაღაცას მოიფიქრებს, რომ შენიც გაგიკვირდება და სხვისაც. საერთოდ კი, ღმერთმა ადამიანს ტვინი და გონება იმისთვის მისცა, რომ იფიქროს და იაზროვნოს. ტვინს და გულს, ერთად, მისცა ნება, რათა გადაწყვიტოს, ხელი, ფეხი, თვალი და არ ვიცი, იქნებ პანკრიასიც, მხოლოდ შემსრულებლები არიან.
ვიფიქრე, ვიფიქრე და მგონი, მივხვდი, რატომ, უფრო სწორედ - როდის უნდა „გიყვარდეს მტერი შენი“ და რატომ უნდა მიუშვირო მარჯვენა ლოყა, როდესაც მარცხენა ლოყა ჯერ კიდევ გეწვის.
მტერში უნდა ეძებო ადამიანი, უნდა აღმოაჩინო ადამიანი და როდესაც მარცხენა ლოყაში დაგარტყამს და მარჯვენა ლოყას მიუშვერ, იქნებ სწორედ მაშინ მიხვდეს, რომ თვითონაც ადამიანია. ნამუსზე აგდება ქვია მაგას, მაგრამ მაინცდამაინც თავი უნდა აცემინო? დიადი მიზნისთვის თავსაც აცემინებ და თავსაც შეაკლავ, მაგრამ ლატარიასავით არის ეს ყველაფერი - გგონია, რომ გაადამიანურებულ არაადამიანს მიიღებ და ამ დროს, შესაძლოა, გათავხედებული მტერი შეგრჩეს ხელში.
დაკვირვება უნდა ამას, დაფიქრება. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
იქნებ, ის ჯობდეს, რომ სანამ მარცხენა ლოყაში დაგარტყამს, დაასწრო და კითხო: „ბატონო ჩემო, როგორ გირჩევნიათ, ჯერ მარცხენაში დამარტყამთ თუ ჯერ მარჯვენა უფრო მოხერხებული იქნებოდა თქვენთვის? ნუ აჩქარდებით, ორივე ლოყა თქვენია, გადაწყვიტეთ, მარცხენაც აქ არის და არც მარჯვენას ეჩქარება სადმე. დამცხეთ, არ დამინდოთ“.
ეს ერთი ვარიანტია და, როგორც ზემოთ ვთქვი, ამას „ნამუსზე აგდება“ ეწოდება.
მაგრამ არის მეორე ვარიანტიც - სანამ მარცხენა ლოყაში დაგარტყამს, წაიგდო და იმდენი ურტყა, როგორც ადრე იტყოდნენ, რუსის ბარაბანს რომ არ მოხვედრია. ურტყა და შეპირდე: „დაგჭმუჭნი მოპარული ჟეშტივით“. ესეც - მეორე ძველი გამონათქვამი.
ასარჩევად არის საქმე. აი, როგორც მკურნალობის ამბავშია - მალამო, ინექცია, აბი, მასაჟი, დიეტა, ვარჯიში, ტრანსცენდენტალური მედიტაცია... კიდევ? კიდევ - კოაბიტაცია. ყბადაღებული კოაბიტაცია. ყბადაღებული... რამხელა ყბა გვქონია და კი ვართ ჯერ მარცხენა და მერე, ძალიან ბევრჯერ, მარჯვენა ყბაში დარტყმის ღირსნი. მკურნალობის ჩამონათვალში ქირურგია რომ გამომრჩა, არსებობს ყბა-სახის ქირურგიაც.
ეს ჯერ კიდევ შესავალია, ჟურნალი - როგორც ადრე იტყოდნენ. რა მოყვება ამ ჟურნალს, სწორედ ეს არის საკითხავი - „ვედრება“? „ნატვრის ხე“? „მონანიება“?.. იქნებ, შორენა ბეგაშვილით აღსავსე „ყველაფერი კარგად იქნება“ ანაც, იქნებ, „მხიარული რომანი“ და „თოჯინები იცინიან“?
სამხიარულოდ და სასაცილოდ სულაც არ გვაქვს საქმე, მაგრამ ხანდახან ტელევიზორს რომ ჩართავ, ისეთ ვიღაცას ისეთ ვიღაცასთან დაინახავ, რომ გულზე ხელს იტაცებ, გონებაში კი უწმაწური და სასოწარკვეთილი აზრი გაგიელვებს: „სულ გაგიჟდნენ, მე ამათი...“
გინდა, რომ წაიგდო, ურტყა და თან ჭკუა დაარიგო: „ასე ვერ გავფრინდებით“.
ისეთი პირი უჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა, ანუ ლიდერმა, ნაცებთან ურთიერთობის ის ტაქტიკა აირჩია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, ანუ - „ბატონო ჩემო, როგორ გირჩევნიათ, ჯერ მარცხენაში დამარტყამთ თუ ჯერ მარჯვენა უფრო მოხერხებული იქნებოდა თქვენთვის? ნუ აჩქარდებით, ორივე ლოყა თქვენია, გადაწყვიტეთ, მარცხენაც აქ არის და არც მარჯვენას ეჩქარება სადმე. დამცხეთ, არ დამინდოთ“.
ასეთი შთაბეჭდილება მაშინ გამიჩნდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბატონი ი.ე. „რუსთავი -2“-ის საღლაბუცო შოუში იჯდა ღლიცინებდა.
აზრი უფრო განმიმტკიცდა, როდესაც თვალი მოვკარი, როგორ ხვიხვინებდა იგივე შოუში უმრავლესობის წევრი ვ.ა.
სიცილით კვდებოდნენ და თითქოს მთელი ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა ცრემლი, ტკივილი და სიკვდილი, რასაც იგივე „რუსთავი 2“ არ და ვერ ამჩნევდა, მაგრამ როდესაც ტკივილი იყო გაუსაძლისი, ცრემლი იყო ზღვა, ხოლო სიკვდილი ქუჩაში ღიად დააბიჯებდა და მისი არშემჩნევა და ვერშემჩნევა შეუძლებელი იყო, გვეუბნებოდნენ, რომ ცრემლი იყო სიხარულის, რომ ტკივილი თან ახლავს დაბადებას და რომ სიცოცხლე სიკვდილით შვენობს.
ისხდნენ და იცინოდნენ, სიცილით კვდებოდნენ, მერე კი, მეორე და მესამე დღეს, მთელი მომდევნო კვირა, და დღესაც, ხშირ-ხშირად გვიჩვენებენ იმ გადაცემების ნაწყვეტებს ისეთი თანმიმდევრობით, ისე აწყობილს და დამონტაჟებულს, რომ იმ ი.ე.-სა და იმ ვ.ა.-ს შემხედვარე ალბათ ვიღაც აუცილებლად გაიფიქრებდა: „ესენი ვინ ყოფილან!“ და იქნებ ესეც ეფიქრა: „ჯანდაბას ხათუნა გოგორიშვილი, მარიამ საჯაია არცთუ ცუდად გამოიყურება“.
მარიამ საჯაია მართლაც მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ ზღაპრების წიგნებში ყველაზე ლამაზად, რატომღაც, შხამიან სოკოებს ხატავენ ხოლმე - წითელი ქუდით, თეთრი წინწკლებით, ხასხასა ბალახზე და ლაჟვარდი ცის ქვეშ.
ისხდნენ, იცინოდნენ, სიცილით კვდებოდნენ და ელიტაში იბადებოდნენ, რადგან იჯდე იმ შოუში და დაგცინოდნენ, მხოლოდ „რჩეულთა“ ხვედრია და იყო რჩეული, ამისათვის არჩევნებში გამარჯვება არ კმარა. ასევე აუცილებელია, სამასხრო ობიექტად აგირჩიოს იმან, ვისაც ხალხმა ვანოს მასხარა შეარქვა.
ისინი იცინოდნენ, სხვები იცრემლებოდნენ. იცრემლებოდნენ ორნი - საპარლამენტო უმრავლესობის თვალსაჩინო წევრი, ანუ ლიდერი, ქალბატონი უ.ი. და კაფანდარა ტელეწამყვანი გოგონა, რომლის ცრემლების მარაგიც განსაზღვრავს გადაცემის რეიტინგს, მაგრამ ეს ცრემლები ისეთივე ყალბია, როგორც ამ ცრემლებით მოზიდული რეკლამების დიდი უმრავლესობა, მაგალითად „მე მინდა რომ ვიყო მე“ და „გაიზიარე მხიარულება“.
რომელი მხიარულება გავიზიარო? გავიზიარო ის მხიარულება და უდარდელობა, რომელსაც, როგორც მითხრეს, რამდენიმე დღის წინ რესტორანში ერთ სუფრასთან აფრქვევდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ყოვლისმცოდნე და საპარლამენტო უმცირესობის ყოვლადუსინდისო წევრები? არც იოცნებოთ!
ისე, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ გულის მოკვლა კი კარგად ისწავლა - ვინც ტირის, იმასთან ტირიან, მაგრამ ვინც უნდა ტიროდეს, იმასთან იცინიან.
მტრებთან თამაში... სათამაშო ქვეყანა... ფერები მუქი. ისტორიის სახელმძღვანელოს სვიმონ მასხარაშვილი დაწერს, წინასიტყვაობას - დავით გოგიბედაშვილი, ილუსტარციები გია ბუღაძისა.
რა გამახსენდა... ხუთმა სტუდენტმა ერთმანეთის ფურთხებით რომ მოიპოვა დიპლომი არსობისა და ამის შემდეგ ბარე ოცდახუთმა მშობელმა მიაბარა საკუთარი პირმშო აღსაზრდელად ფურთხების მბრძანებელს.
ეგეთებს გამარჯობა არ უნდა უთხრა, ხელი არ უნდა გაუწოდო, არ უნდა მოიკითხო, ჭიქა არ უნდა მიუკაკუნო. უბრალოდ, დაუკაკუნე კარზე და მოიკითხე, როგორ მიდის მონანიების საქმე.