სახალხო დამცველის კონსილიუმი მორიგ დასკვნას აქვეყნებს. შემაჯამებელ ანგარიშში პატიმარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და წარმართული სამედიცინო მკურნალობის შესახებ არის ყურადღება გამახვილებული.
ექიმების დასკვნაში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის მიერ არის ჩამოყალიბებული, მთავარი რეკომენდაციაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ფსიქოლოგიურ დახმარებასთან ერთად ფიზიკური რეაბილიტაციაც გაეწიოს, თუმცა, ეს ამ დრომდე არ სრულდება.
ექს პრეზიდენტთან სახალხო დამცველის კონსილიუმმა 5 ექიმის მონაწილეობით 3 ვიზიტი განახორციელა, განხილვებში 8 ექსპერტი მონაწილეობდა, დასკვნასაც 8 ექსპერტი აწერს ხელს. როგორც ცნობილი გახდა, ვინაიდან არ იცვლება მკურნალობის კურსი, კონსილიუმის ვიზიტის ამ ეტაპზე აღარ იგეგმება.
როგორც ექიმები ამბობენ, მიხეილ სააკაშვილს ახლა ღრმა დეპრესია და მძიმე სტრესული მდგომარეობა აქვს, შესაბამისად, მასთან სპეციალისტების მუშაობაა საჭირო. ექიმების თქმით, მსგავსი მკურნალობის ჩატარება საქართველოში შესაძლებელია.
“ვფიქრობ, რომ მკურნალობაში უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც მიგვაჩნია, რომ საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა, შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი.
მკურნალობა, რომელიც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, შეიძლება ჩვენს ქვეყანაშიც ჩატარდეს,“ - ამბობს ნევროლოგი, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტ-მედიკოსთა ჯგუფის წევრი, თენგო წულაძე.
ჰოლდინგ "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე კლინიკური მიმართულებით, გრიგოლ ხურციძე რეკომენდაციებზე საუბრობს.
"ესეთი სტრესის მართვის ჯგუფი საქართველოში არსებობს, მე პირადად ამ ხალხს არ ვიცნობ, მაგრამ არსებობს. ეს ჯგუფი თუ ივლის დაწესებულებაში და პაციენტს ექნება მიმღებლობა ამისა, ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია,“ - ამბობს
კლინიკა ”ღია გულის” ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი, გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ ნებისმიერ რადიკალური ნაბიჯი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანებას გამოიწვევს.
"თუ ეს სტრესი გაორმაგდება, დეპრესია გაორმაგდება, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს მისი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესებას. არაფერი არ არის გამორიცხული, ჩვენ ვიცით, რომ ხვალ შეიძლება ისევ დაიწყოს შიმშილობა ან არ დაიწყოს. ნებისმიერი ასეთი რადიკალური ნაბიჯი, რა თქმა უნდა, კარდინალურად დააზიანებს მის ჯანმრთელობას,“ - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.
სახალხო დამცველის კონსილიუმი მორიგ შემაჯამებელ ანგარიშს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებებიც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ციხე დასასვენებელი ადგილი არ არის და ის ყველა მსჯავრდებულმა უნდა გაიაროს.
“ციხე არ არის კომფორტული ადგილი, სადაც ადამიანი წყნარად გრძნობს თავს. ის უამრავი ათასობით ადამიანი, ვინც გამოიარა ციხე და ის წამება და დამცირება, რაც სააკაშვილს ჰქონდა შექმნილი, ზუსტად ამ მდგომარეობაში იყვნენ ციხეში. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას - ფსიქიკურ მდგომარეობას, ამის თაობაზე ლაპარაკი ძალიან გახშირდა და სწორედ ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისაკენ.
ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ესეთი ხშირი ლაპარაკი შეიძლება იმ იდეასაც ემსახურებოდეს, რომ მძიმე მდგომარეობაშია და ის არ შეიძლება პატიმრობაში რჩებოდეს," - ამბობს გიორგი ვოლსკი.
განცხადება ამავე თემაზე გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანმა, ბაჩო დოლიძემ.
"თერაპიულ-სარეაბილიტაციო მკურნალობა, რომლის ჩატარების საშუალება იყო გორში, თუმცა რატომღაც არ ჩატარდა და საუბარია იმაზე, რომ რუსთავში ნამდვილად არ ჩაატარებენ აღნიშნულ კურსს. საუბარია, რომ ამოცანა და დირექტივაა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მაქსიმალურად დიდხანს იყოს ტყვეობაში," - ამბობს ბაჩო დოლიძე.