პრეზიდენტის განცხადებას, რომ „ენერგო-პროსთან" კონტრაქტი თავის დროზე საკმაოდ ცუდად გაფორმდა, კოლექტიური მრიცხველების გამო სოფლებში დიდი სოციალური უსამართლობა ხდება და მეზობლები ერთმანეთს გადაეკიდნენ, რომ ამ მიმართულებით ვითარება მკვეთრად შესაცვლელია და საქმეში იუსტიციის სამინისტრო და გენერალური პროკურატურა უნდა ჩაერთოს, ნოღაიდელის პასუხიც მოჰყვა.
ნოღაიდელმა სააკაშვილს ენერგეტიკის მაშინდელ მინისტრ გილაურზე მიუთითა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ბიზნესებიდან გაპანღურებას დაჰპირდა, ალბათ, ისევე, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობს მის გაპანღურებას ბიზნესებიდან. ლეიბორისტული პარტია დიდი ხანია, საუბრობს, რომ ჩეხური ენერგოკომპანია "ენერგო-პროს" უკან ნოღაიდელი დგას. თუმცა დღემდე ნოღაიდელის კომპანია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თითქმის ყველა იმ რეგიონში, რომელსაც ელექტროენერგიით "ენერგო-პრო" ამარაგებს, ამ კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, ხელისუფლება წარმატებით გადასცემდა მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ჰესებს.
ნოღაიდელს შეიძლება გილაურის "გაფუჭება" უფრო ხელს აძლევდეს, მაგრამ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს მთავრობის ბოლო განკარგულება "ენერგო-პროსა" და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრ გეგა მგალობლიშვილის ხელმოწერა ამშვენებს. სამი თვის წინ იმ კომპანიას, რომლის საქმიანობამაც მართლაც უდიდესი როლი ითამაშა მეზობლების ერთმანეთისთვის წაკიდებაში და რომლის გამოც არაერთი მკვლელობა მოხდა, სახელმწიფომ "ორთაჭალჰეს 2007" მიჰყიდა თბილისში. იალბუზის ქუჩაზე მდებარე ჰესის საწესდებო კაპიტალი 1 768 670 ლარია. "ენერგო-პრომ" აუქციონზე იგი 25 250 000 ლარად შეიძინა.
საერთო მრიცხველების დამონტაჟებას ნოღაიდელი ელექტროენერგიის ტარიფის დაწევით ხსნის. მისი განცხადებით, ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტარიფის ზრდას გამოიწვევდა და ამიტომაც მისი შენარჩუნება ამართლებდა მსგავს გადაწყვეტილებას. თუმცა, ყოფილ პრემიერს ავიწყდება, რომ საერთო მრიცხველების გამო ერთნაირად ბნელში ისხდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ელექტროენერგიის საფასურს კეთილსინდისიერად იხდიდნენ და ისინიც, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ ახერხებდნენ დავალიანების გადახდას. სწორედ ასეთი ფაქტები გახდა არაერთი მკვლელობის თუ სხეულის დაზიანების საბაბი. თუმცა მოსახლეობისთვის ეს ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა. სანამ საქმეში პრეზიდენტი ჩაერეოდა, პროკურატურას "ენერგო-პროს" საქმიანობით დაინტერესების მოთხოვნით "ხალხის პარტიის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძემ მიმართა. მისი განცხადებით, ენერგოკომპანიის მიერ დაზარალებული მოსახლეობის თითოეული ფაქტი უნდა იქნეს გამოძიებული, კომპანიის ხელმძღვანელთა მიმართ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. პროკურატურაში "ენერგო-პროს" წინააღმდეგ 7 ინდივიდუალური და ერთი კოლექტიური წერილი შევიდა.
გაცილებით ადრე კი ლეიბორისტებმა ამ საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. პაატა ჯიბლაძის განცხადებით, სოფელ ნორიოსა და ნასაგურის მოსახლეობას „ენერგო-პროს“ წარმომადგენლები ელექტროენერგიის გადასახადს დახარჯულზე გაცილებით მეტს ახდევინებენ და მრიცხველების საკუთარი ხარჯებით შეძენას აიძულებენ. მიუხედავად ამ კომპანიის წინააღმდეგ პერმანენტული აქციებისა, "ენერგო-პრომ", როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ დეკემბერში კიდევ ერთი ჰესი შეიძინა. ამ კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების ნუსხაში ეს იყო მეცხრე ჰესი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არაერთი საჩივარი თუ პროტესტის ფორმა ხელისუფლების მხრიდან აქამდე უყურადღებოდ რჩებოდა და გაძარცვულ მოსახლეობას არად აგდებდნენ, პრეზიდენტის ეს განცხადება მეტისმეტად საეჭვოდ გამოიყურება.
ძნელი დასაჯერებელია, რომ "ენერგო-პროს" სააკაშვილის ენერგეტიკისა თუ პრემიერ-მინისტრებმა ისე გადაულოცეს ქონება, რომ აზრიც არ უკითხავთ და საქმის კურსშიც არ ჩაუყენებიათ. თანაც, თუ ამას ნოღაიდელის ბრალდებასაც დავუმატებთ, პრეზიდენტმა ყველაფერი კარგად იცოდა, რადგან პრემიერი მასთან შეუთანხმებლად ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ იღებს და უმჯობესია, მთავრობა იმით დაინტერესდეს, რატომ მისდით საერთო მრიცხველების აბონენტებს ორჯერ მეტი გადასახადი?! შემთხვევით, მათ გარეგანათებისა და სახელმწიფოს ხარჯები ხომ არ ერიცხებათ? უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ბიზნესით მარტო ნოღაიდელს არ უხეირია.
ამჯერად კი გაოპოზიციონერებული ჩინოვნიკის განკულაკების პროცესი მიმდინარეობს. ბოლოს და ბოლოს, ეს ხელისუფლებისთვის აპრობირებული მეთოდია, მითუმეტეს, რომ პოლიტიკური აქტივობის ასეთ პერიოდში ხელისუფლებას მდიდარი ოპოზიციონერები ხელს სულაც არ აძლევს. ამ პროცესში ძნელად გამოსაცნობი მხოლოდ ისაა, როგორ გაართმევს თავს პროკურატურა პრეზიდენტის დავალებას ისე, რომ ნოღაიდელის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, ხოლო "ენერგო-პროსა" და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ხელმომწერი სხვა ჩინოვნიკები, მათ შორის, ნოღაიდელის მიერ "ჩაშვებული" პრემიერი გილაური და ექს-პრემიერი მგალობლიშვილი მშრალად გამოძვრნენ.