პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია კერძო პირზე გადააფორმეს?

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია კერძო პირზე გადააფორმეს?

რა სკანდალურ ინფორმაციას მიაკვლია ,,ვერსიამ’‘ და რატომაა პრეზიდენტის სასახლის მფლობელის ვინაობა სახელმწიფო საიდუმლო?
,,ვერსიის’‘ წყაროს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს ანუ ავლაბრის რეზიდენციასა და რაბათის ციხეს კერძო მფლობელი ჰყავს! როგორც გვითხრეს, ეს ორი ობიექტი, ნაციონალურმა ხელისუფლებამ 1 ოქტომბრის არჩევნების წინ გადააფორმა კონკრეტულ პიროვნებაზე. ცხადია, ,,ვერსიამ’‘ ამ სკანდალური ინფორმაციის გადამოწმება დაიწყო. რაბათის ციხესთან დაკავშირებით, წყაროს ინფორმაცია არ დადასტურდა, რადგან ისტორიული შენობა ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება. რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლის მფლობელს, ორი დღის უშედეგო მცდელობის მიუხედავად, მისი ვინაობა ვერ გავარკვიეთ. როგორც გვითხრეს, ეს ინფორმაცია დახურულია. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების განმარტებით, ამ ტიპის ინფორმაციის გარკვეული ნაწილი საჯაროა და შესაბამისად, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ცხადია, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას არ ვითხოვთ, მაგრამ წესით, უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად, რომელი უწყების ბალანსზე ირიცხება ავლაბრის რეზიდენცია, ან ირიცხება თუ არა საერთოდ. ,,ვერსია’‘ ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ოფიციალური ინფორმაციის მოპოვებას, რამაც ჩვენი ეჭვი, რომ შესაძლოა, პრეზიდენტის სასახლეს კერძო მფლობელი ჰყავდეს, კიდევ უფრო გაამყარა.

ავლაბრის რეზიდენცია ანუ ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსი საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა, რომელიც თბილისში, ისტორიულ ავლაბარში, მ. აბდუშელიშვილის ქუჩა №1-ში მდებარეობს. სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2004-2009 წლებში აშენდა და მასზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა. პროექტის ავტორია არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი, თუმცა საბოლოო სახე, იტალიელმა მიკელე დე ლუკიმ შესძინა, რომელსაც ასევე ეკუთვნის საქართველოს შსს-ს ახალი შენობა ისანი- სამგორის რაიონში და მშვიდობის ხიდი. პრეზიდენტის რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა, რომელიც ერთ კვარტალში გაერთიანებულ, განსხვავებული არქიტექტურის შენობათა კომპლექსს წარმოადგენს, რაც შიდაეზოს ირგვლივ ერთიანდება. სასახლის კომპოზიცია კლასიკურია _ ესაა სამპორტიკიანი ჰორიზონტალური შენობა, რომელიც ცენტრში გუმბათით სრულდება. კომპლექსის სამხრეთ- აღმოსავლეთით, მარტივი მოცულობის, გეგმაში Γ-ს ფორმის შენობა დგას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ანუ კანცელარიისთვისაა განკუთვნილი და პრეზიდენტის სასახლეს სპეციალური გადასასვლელით უკავშირდება. მთელი კომპლექსი, დაახლოებით, 22 000 კვმ ფართობზეა განთავსებული, აქედან 1 500 კვმ _ პრეზიდენტის სასახლე, ხოლო 1 500 კვმ ფართობზე პრეზიდენტის კანცელარიის კორპუსია განთავსებული. მას შემდეგ, რაც ,,ვერსიას’‘ კარგად ინფორმირებული წყარო დაუკავშირდა და აცნობა, რომ ავლაბრის რეზიდენციას კერძო მფლობელი ჰყავს (?!), აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება საკუთარი ძალებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის საიტზე ვცადეთ, მაგრამ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაკვლიეთ. ამის შემდეგ ,,ვერსია’‘ საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსს, ეკა ერგემლიძეს დაუკავშირდა და ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსის მფლობელის ვინაობის დადგენა ოფიციალურად მოითხოვა. რეესტრში დაგვპირდნენ, რომ ინფორმაციას გადაამოწმებდნენ და ამისთვის ერთი დღე გვთხოვეს. პარალელურად, ,,ვერსია’‘ საპარლამენტო უმცირესობის ერთერთ ლიდერს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელსა და იუსტიციის სახლის ავტორს, გიორგი ვაშაძესაც დაუკავშირდა. მისი თქმით, ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რომელი უწყების ბალანსზე ირიცხება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შევიტყობდით, რადგან სახელმწიფო ქონებას სწორედ ეს სამინისტრო მართავს. რა თქმა უნდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც სწორედ ამ ერთადერთი კითხვით მივმართეთ, საიდანაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, ანდრო ბარნოვთან გადაგვამისამართეს, რომელიც დაგვპირდა, რომ ერთ საათში გვიპასუხებდა, მაგრამ უშედეგოდ. ერთი საათის შემდეგ, ანდრო ბარნოვი ,,ვერსიის’‘ ზარს აღარ პასუხობდა. სინამდვილეში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არაფერ შუაშია, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო ქონება ამ უწყების ბალანსზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ხვდება, როდესაც სახელმწიფო მისი კუთვნილი ქონების გაყიდვას გადაწყვეტს. პარალელურად, საჯარო რეესტრის საიტზე ინფორმაციის ძიება ავლაბრის რეზიდენციის ოფიციალური მისამართით _ მ. აბდუშელიშვილის ქ.#1-ით დავიწყეთ, მაგრამ მაინც ვერაფერს მივაკვლიეთ. მხოლოდ საჯარო რეესტრის რუკის მიხედვით, მ. აბდუშელიშვის ქ.#1 ბ-ში განთავსებული შენობა- ნაგებობები ვიპოვეთ, მაგრამ იქვე მითითებულია, რომ ეს არის 961 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის’‘ ბალანსზე ირიცხება. ამავე რუკაზე, პრეზიდენტის სასახლის შენობის კოდი _ 01.17.01.038.020 ვიპოვეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ კოდის მიხედვით, არანაირი ინფორმაცია არ იძებნება! რატომაა ავლაბრის რეზიდენციის მფლობელის ვინაობა გასაიდუმლოებული და რატომ არ არის ამ ტიპის ინფორმაცია საჯარო? სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, ,,ვერსია’‘ ექსპერტ- იურისტს, ლევან ალაფიშვილს დაუკავშირდა. _ საიდუმლოებისა და სახელმწიფო დაცვის კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრულია, რომ ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ დაცვით, ეგრეთ წოდებულ, სარეჟიმო ობიექტებს განეკუთვნება, როგორც კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილი, ასევე სარეგისტრაციო ნაწილი, შესაძლებელია საიდუმლო იყოს. ასე რომ, აქ კანონდარღვევა ან შეუსაბამობა არ არის. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის კანცელარიის ან პარლამენტის შენობის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, საჯარო რეესტრში ვერ იპოვოთ. სხვათა შორის, ამ ტიპის ინფორმაცია, ყველა ქვეყანაში სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს. მეტიც, როგორც წესი, ამ ტიპის ინფორმაციაზე საჯარო რეესტრის თანამშრომლებსაც კი არ მიუწვდებათ ხელი. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრში ამგვარი ინფორმაციის გარკვეული ნაწილი ღია და საჯაროა, მაგრამ არის დაფარული ინფორმაციაც, რომელზეც თანამშრომლებს წვდომა არ აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპეცსამსახურებისთვის ეს ინფორმაცია დაფარულია.

_ სამწუხაროდ, ის ინფორმაციაც კი არ არის ხელმისაწვდომი, რაც საჯაროა. მეტიც, რუკაზე, რეზიდენციისთვის მინიჭებული კოდითაც ვერ ვპოულობთ ინფორმაციას. სამართლებრივად, ეს სწორია?
_ თქვენ ვერ მოძებნეთ, თორემ სპეცსამსახურების თანამშრომლები აუცილებლად მოძებნიან. დავუშვათ, გახსენით რუკა, სადაც ყველა შენობის კოდს ხედავთ, მაგრამ ჩვენ, რიგით მოქალაქეებს ერთ კონკრეტულ შენობაზე გვაქვს წვდომა, მეორეზე კი, შესაძლოა, არ გვქონდეს. თქვენ ამ რუკის ეგრეთ წოდებულ ღია ნაწილში შეხვედით და კოდი ამიტომაც მოძებნეთ, მაგრამ როდესაც პრეზიდენტის სასახლის შენობაზე მაუსით დააკლიკეთ, აღარ გაგიხსნათ, რადგან ეს ინფორმაცია თქვენთვის დაფარულია.

_ რამდენად შესაძლებელია, პრეზიდენტის სასახლე რომელიმე კერძო პირის მფლობელობაში იყოს?
_ არა, გამორიცხულია, რადგან სანამ სასახლე აშენდებოდა, ბევრი პროცედურა გაიარა, რაც კანონის შესაბამისად წარიმართა. მახსოვს, ავლაბრის რეზიდენციის შენობა ერთერთი დეპუტატის საკუთრებაში იყო, მასზე ნებართვა ლეგალურად გაიცა, მაგრამ ამას დიდი დავა მოჰყვა, რის გამოც, შენობა სახელმწიფო საკუთრება გახდა. ავლაბრის რეზიდენციას, ბოლოს შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფა’‘ აშენებდა და რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სახლებიც კი, რომლებიც მოგვიანებით დაანგრიეს, ამ შპს-ს მფლობელობაში იყო. მართალია, ამ სახლების ნგრევასაც დავა მოჰყვა, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობა ექსპროპრიაციის უფლებას იძლევა, ოღონდ კომპენსაციის სახით. რამდენადაც მახსოვს, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ, კანონით გათვალისწინებული აქტი პრეზიდენტის ბრძანებულებით გამოიცა კიდეც. მართალია, ამასთან დაკავშირებით, საზოგადოების წუხილი კარგად მესმის, მაგრამ ეს პროცედურები კანონის დაცვით წარიმართა.


_ როგორც მივხვდი, ავლაბრის რეზიდენციის მფლობელი სახელმწიფო ანუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა იყოს, ხომ?
_ ასე ვერ ვიტყვით, რადგან თუნდაც სამთავრობო აგარაკების მფლობელის შესახებ ინფორმაციასაც ვერსად ნახავთ. სამთავრობო აგარაკებიც კი შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის’‘ ბალანსზეა, მაგრამ კანონით გათვალისწინებული უპირობო ვალდებულება, რომ ყველა ასეთი ტიპის ადმინისტრაციული შენობა, აუცილებლად სახელმწიფო საწარმოს ბალანსზე უნდა იყოს, არ არის. იგივე პარლამენტი ან თუნდაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც ცალკე აღებული იურიდიული პირი, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის რეზიდენცია შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის’‘ ან რომელიმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბალანსზე უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ეს დავის საგანი ვერ იქნება, რადგან ყველაფერი, რაც კერძო პირის საკუთრებაში არ არის, სახელმწიფოსია და ამ შემთხვევაშიც, ეს პრინციპი მოქმედებს. ამასობაში, ,,ვერსიამ’‘ საჯარო რეესტრიდან ოფიციალური პასუხი მიიღო. საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ეკა ერგემლიძემ ,,ვერსიას’‘ განუცხადა, რომ ინფორმაციას პრეზიდენტის სასახლის შესახებ, გრიფი _ ,,საიდუმლო’‘ ადევს: ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა- ნაგებობების, სამთავრობო რეზიდენციებისა და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო შენობა- ნაგებობების შესახებ, განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კატეგორიას და ადევს გრიფი _ „საიდუმლო“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხელმძღვანელობს რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონების შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს და განასაჯაროოს გრიფით „საიდუმლოს“ მიკუთვნებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ანუ ინფორმაცია ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსის, როგორც უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ’‘. ბოლოს და ბოლოს, ,,ვერსიამ’‘ ის მაინც გაარკვია, რომ კანონით, ავლაბრის რეზიდენცია შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის’‘ ბალანსზე უნდა ირიცხებოდეს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის საიტზე, უკვე ამ შპს-ს ძიება განვაგრძეთ და საკმაოდ სკანდალურ ინფორმაციასაც გადავაწყდით. ოფიციალურად გავარკვიეთ, რომ 2012 წლის 24 დეკემბერს, შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის’‘ რეგისტრაცია გაუქმდა! კონკრეტულად, რომელი უწყების ბალანსზე გადავიდა პრეზიდენტის რეზიდენცია ან ამ შპს-ს ლიკვიდაციის შემდეგ, რა ტიპის საწარმო დაფუძნდა მის ბაზაზე, ჩვენთვის უცნობია! ,,ვერსია’‘ განაგძობს საკითხის კვლევას და კანონით დადგენილი ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, შეეცდება მოიპოვოს ოფიციალური ინფორმაცია.