აგენტები და პოლიტიკოსები

აგენტები და პოლიტიკოსები

[National Interest Online]
რა აქვთ საერთო ცოტა ხნის წინანდელ შპიონურ დრამას, ჰილარი კლინტონის პოლონეთსა და საქართველოში ვიზიტს და თბილ დახვედრას, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწყო? თუკი თქვენი პასუხია: აშშ–ს კონგრესის შუალედური არჩევნები – თქვენ პრიზს მიიღებთ.

სამივე მოვლენა პოლიტიკურად მოტვირებულია. ფაქტები განვიხილოთ. ჯერ ერთი, ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეერთებულმა შტატებმა შეძლო, არის ის, რომ რუსეთის აგენტებს ბრალი ფულის გათეთრებასა და იმაში წაუყენა, რომ ისინი არ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხო სახელმწიფოს აგენტები – რაც ადასტურებს იმას, თუ რამდენად დაბალი იყო ფსონი, რომელიც ამ აგენტურულ საქმეზე იდო. მით უფრო, როცა ორი კვირაც არ იყო გასული, როდესაც ვაშინგტონმა ყველა მათგანი რუსეთს გადასცა.

მეორეც – მართალია, ობამას ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ გაცვლა კარგი გარიგება იყო, თუმცა ოთხმა მამაკაცმა, რომლებიც დაკავებული აგენტების სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მრავალი წელი რუსულ ციხეებში გაატარა და, შესაბამისად, საეჭვოა აშშ–ს მთავრობისთვის დიდ სადაზვერვო ღირებულებას წარმოადგენდეს. გულწრფელად უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა სიტუაციის განმუხტვა სცადა, CIA–ს დირექტორმა ლეონ პანეტამ და სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვილიამ ბერნსმა ეფექტურად იმუშავეს, რათა საქმე დაეხურათ. თუმცა გაცვლა აშკარად მოხერხებული გზა აღმოჩნდა სკანდალის დასრულებისა და არა მათი დაკავებისთვის.

მესამე – ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა ათი რუსი აგენტი იმის შიშით დააკავეს, რომ ეჭვმიტანილებიდან ზოგიერთს შეიძლება შეერთებული შტატები დაეტოვებინა. ეს (და ასევე აგენტურული ქსელის გაშიფვრისთვის სამართალდამცველების ნებისყოფით სავსე და წარმატებული მუშაობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი არა გარიგებისკენ, არამედ აგენტების დასჯისკენ მიისწრაფვოდნენ) – დამატებით ადასტურებს იმას, რომ ვენაში განხორციელებული გაცვლა წინასწარ დაგეგმილი არ იყო. ის, თუ როგორ ჩატარდა გაცვლა, იმის დემონსტრირებასაც ახდენს, რომ მისი ფესვები პოლიტიკაში მიდის და არა უსაფრთხოების სტრატეგიაში და ცხადყოფს ფუნდამენტურ წინააღმდეგობას ამ ორ იდეას შორის.

თუკი შეერთებულ შტატებს არ სჭირდებოდა აგენტების დაკითხვა, მაშინ ისინი საერთოდ რატომ დააკავეს? მეორე მხრივ, თუკი დაკითხვები მნიშვნელოვანი იყო, მაშინ ისინი ასე სწრაფად რატომ გაუშვეს?

მოდით, მოვლენებს რეალურად შევხდოთ. პრეზიდენტს და მის მეგობარ და გენერალურ პროკურორ ერიკ ჰოლდერს, მოქმედების საკმარისი თავისუფლება აქვთ იმისთვის, რომ გადაწყვიტონ თუ ვის წინააღმდეგ აღძრან საქმე. მათ არ წაუყენეს ბრალი მოძრაობა „შავ პანტერებს“, რომლებიც ამომრჩევლების დაშინებაში დაადანაშაულეს. მათ არალეგალურ ემიგრანტებთან მიმართებაში საკმაოდ სუსტი მიდგომა არჩიეს – იმდენად სუსტი, რომ ადმინისტრაციამ საქმე არიზონას შტატის მიმართ აღძრა.

ასე რომ, პრეზიდენტს და გენერალურ პროკურორს, აშკარად შეეძლოთ არ დაეკავებინათ “მეგობრული სახელმწიფოს“ აგენტები, იმ სახელმწიფოსი, რომელთანაც ადმინისტრაცია ირანის, ავღანეთის და ნაციონალური უსაფრთხოების სხვა საკითხებზე, რომლებიც ამერიკელების სიცოცხლეს ემუქრება, უფრო ახლო თანამშრომლობას ცდილობს.

სინამდვილეში, პრეზიდენტ ობამას შეეძლო მისი მეგობარი დიმიტრი მედვედევი გვერდით გაეყვანა თეთრ სახლში ცოტა ხნის წინანდელი სამიტის დროს და ჩუმად ეთქვა მისთვის, რომ ის მზად არის სწრაფად და ჩუმად გაუშვას აგენტები და მათი დიპლომატი მოკავშირეები, მაგრამ იმის სანაცვლოდ, რომ მედვედევი სერიოზულ ფასს „გადაუხდის“ და მალევე დაიწყებს ვალის გადახდას, გამოუშვებს რა რუსული ციხეებიდან შეერთებული შტატებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ადამიანს. მაშინ ამის ნაცვლად რატომ შემოგვთავაზეს ეს შპიონური საპნის ოპერა?

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რამ მანუელმა თქვა, რომ მომხდარი „მკაფიო სიგნალს უგზავნის არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც იგივეს (აგენტობას) შეეცდებიან, რომ ჩვენ მათ თვალყურს ვადევნებთ“.

ნუთუ, აგენტების გათავისუფლება თერთმეტი დღის შემდეგ, შესაბამისი დაკითხვების, ან იმ რუსი დიპლომატების ვინაობის გამხელის გარეშე, რომლებიც აგენტების ქმედებებს კოორდინაციას უწევდნენ, ვლადიმირ პუტინს და მის კოლეგებს გადამწყვეტ სიგნალს გაუგზავნის შეწყვიტონ აგენტურული მუშაობა? არავითარ შემთხვევაში.

როგორც ჩანს, თეთრ სახლს სურდა „მკაფიო სიგნალი“ გაეგზავნა ამერიკელი ამომრჩევლებისთვის – და როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო ვარშავასა და თბილისში სახელმწიფო მდივნის კლინტონის მკაცრი რიტორიკისა და ბატონ ნეთანიაჰუსთან ობამას თბილი საუბრის მიზანი.

ქალბატონმა კლინტონმა მკაცრად დაგმო 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრა, უწოდა რა მას „ინტერვენცია და ოკუპაცია“ და ტერმინი „ძალის არაპროპორციული გამოყენება“, რომელსაც ადრე სახელმწიფო დეპრატამენტი და ევროკავშირი იყენებდნენ, როგორც არარელევანტური, გვერდით მოისროლა, თითქოს არსებობდეს „პროპორციული გამოყენება“, მაგალითად, სხვა ქვეყნების ტერიტორიის ოკუპაციისთვის. მან საქართველოს აღუთქვა ასევე აშშ–ს მხარდაჭერა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საქმეში. თუმცა ის არ დაპირებია თბილისს ახალ შეიარაღებას, რომელიც ადრე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა და არ უთქვამს, რომ რუსეთის დათმობები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე წინასწარი პირობაა მისი წევრობისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

სწორედ ამიტომ, რუსეთის მთავრობა გულითადად შეხვდა სახელმწიფო მდივნის რიტორიკას, წარმოადგინა რა ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მცხოვრებლების უაზრო წახალისებად, რომელიც პირველ რიგში გათვლილი იყო აშშ–ს შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის.

რუსი ექსპერტი ანდრანიკ მიგრანიანი ახლახანს The National Interest Online–ში გამოქვეყნებულ კომენტარში იგივეს წერს, აცხადებს რა, რომ მოსკოვთან მიმართებაში „ამჯერად აბსოლიტურად ცხადია: სახელმწიფო მდივანი მაყურებელზე თამაშობდა, თანაც ძირითადად აშშ–ს შიდა აუდიტორიაზე“.

სიყვარულის ფესტივალი, რომელიც პრეზიდენტ ობამას თეთრმა სახლმა ბატონ ნეთანიაჰუს მოუწყო, იმავე კატეგორიას განეკუთვნება, ასახავს რა არა იმდენად ადმინისტრაციის სტრატეგიას, რამდენადაც პოლიტიკურ აგიტაციას, რომლის ამოცანაც არის კონგრესის და სენატის მოახლოებულ არჩევნებში ისრაელის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს ადმინისტრაციასა და მათ კონკურენტ დემოკრატებზე თავდასხმების შესაძლებლობა წაართვას.

ახლახანს Washington Post–ში დანა მილბენკი წერდა, რომ ბლერ–ჰაუსზე (თეთრი სახლის ოფიციალური სახლი სტუმრებისთვის) ისრაელის დროშის გამოფენის ნაცვლად, ნათანაიაჰუს ვიზიტის დროს, „თეთრი სახლის ჩინოვნიკებს შეეძლოთ კაპიტულაციის თეთრი დროშა გამოეფინათ“ მას შემდეგ, რაც ნეთანაიჰუმ ობამა დასახლებებზე მათი საგაზაფხულო დავის დროს „დაამცირა“.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ არცერთ პრეზიდენტს უცხოეთში ეფექტური პილიტიკის წარმოება არ შეუძლია, თუკი მისი ინიციატივები მხარდაჭერას ქვეყნის შიგნით დაკარგავს, ამიტომ საგარეო–პოლიტიკური პოლიტიკანობის ერთგვარი დოზა გარდაუვალია. თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტ ობამას შიდა დღის წესრიგი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე საგარეო–პოლიტიკური სტრატეგია და ამიტომ საგარეო პოლიტიკის შიდა შეხედულებებისთვის დაქვემდებარება, როგორც ჩანს ძვირი დაჯდება.

დღემდე, რუსეთის მთავრობა აცხადებდა, რომ აგენტების გაცვლა ამერიკასთან ურთიერთობების განმტკიცების დადასტურებაა. თუმცა გულის სიღრმეში, რუსეთის ლიდერებმა იციან, რომ პრეზიდენტმა ობამამ ისინი დაამცირა, როდესაც აგენტები დააპატიმრა დიმიტრი მედვედევის ვაშინგტონში ვიზიტიდან სულ რამდენიმე დღეში. კრიტიკის ახალი საფუძველი გაუჩნდათ „გადატვირთვის“ რუს სკეპტიკოსებსაც, რაც ამერიკული პრიორიტეტების წინააღმდეგაა მიმართული.

საქართველოში, სახელმწიფო მდივნის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ძალიან ცხადმა მხარდაჭერამ, რომელიც ისედაც აღგზნებულია და მხოლოდ იმის მოსმენა ურჩევნია, რისი მოსმენაც სურს, შეიძლება მას ცდუნება გაუჩინოს კვლავ სცადოს ბედი რუსეთის წინააღმდეგ, რისი შედგებიც არაპროგნოზირებადია. იგივენაირად, ისრაელის პრემიერ–მინისტრმა შეიძლება პრეზიდენტ ობამას საჯარო მხარდაჭერა იმის დადასტურებად მიიჩნიოს, რომ მან თეთრი სახლის მორჯულება შეძლო, და რომ ახლა მას ამერიკის სურვილების მიუხედავად შეუძლია მოქმედება, იქნება ეს უარი დასახლებების მშენებლობის შეწყვეტაზე, დამოუკიდებელ პალესტინის სახელმწიფოსა და იქ მშვიდობაზე მოლაპარაკებების იგნორირება ან ცალმხრივი თავდასხმა ირანზე.

ადმინისტრაციამ უნდა გაიგოს, რომ კარგი პოლიტიკა აუცილებლად კარგ სტრატეგიას არ ნიშნავს.
reignpress.ge]