რატომ აკეთებს ენმ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და საზოგადოების რა ნაწილი უჭერს ამას მხარს

რატომ აკეთებს ენმ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და საზოგადოების რა ნაწილი უჭერს ამას მხარს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ის განცხადებები და მოწოდებები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და უცნაური ისაა, რომ საზოგადოების 20-30%-სთვის ეს ალოგიკურობა მისაღებია - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა. ამის მაგალითად მას მოჰყავს ერთის მხრივ ენმ-ის მუდმივი საუბრები საყოველთაო შერიგებაზე და მეორეს მხრივ, მათივე განცხადებები ე.წ. შავი სიებისა და დაუმორჩილებლობის ჯგუფების შექმნაზე.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის მხარდამჭერებმა დაუმორჩილებლობის ჯგუფების შექმნაზე გააკეთეს განცხადება. მანამდე თავად სააკაშილმა „ფეისბუქზე" წერილი გაავრცელა: „მრავალრიცხოვანი საპროტესტო ნაკადული ერთ მძლავრ, ფართო საპროტესტო მდინარედ ვაქციოთ და წყალს გავატანოთ ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრებაში".

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ადამიანის უფლებათა დამრღვევთათვის და კორუფციონერებისთვის ე.წ. შავის სიის შექმნის იდეით გამოვიდა. ექსპრეზიდენტი საზოგადოებას იურისტთა ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რომელიც, მისი თქმით, დანაშაულის შემადგენლობას გამოიკვლევს, მტკიცებულებებს შეაგროვებს და საჯაროდ გამოაქვეყნებს.

მანამდე კი სააკაშვილი შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად ეროვნულ შერიგებას ასახელებდა.

როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ენმ-ის მხრიდან შერიგებაზე საუბარს მაინც უფრო ფრაგმენტული ხასიათი აქვს და აქცენტი აგრესიაზე უფრო მეტადაა.

„აქცენტი „შავ სიაზე" მეტია, ვიდრე შერიგებაზე თვითონ რიტორიკაშიც. ასე რომ, ეს შერიგება „ნაციონალების" პოლიტიკისთვის მაინც უფო ფრაგმენტულია, ვიდრე „შავი სიები" და აგრესია. სხვადასხვა ადამიანის მიმართ ბულინგი არაერთხელ გვინახავს, თუკი რომელიმე ადამიანი ენმ-ს პოლიტიკას არ ეთანხმება. მათ შორის ასეთი ბულინგი უცხოელების მიმართაცაა, ანუ სიტუაციისდა მიხედვით გარკვეული „შავი სიები" იქაც გააჩნიათ.

„შავი სია" აგრესიულობის გამოხატულებაა და სანამ აგრესია არ მოიხსნება, იქამე შერიგებასა და პატიებაზე ლაპარაკი ძალიან არადამაჯერებელი იქნება.

„დავუშვათ გუნდში ხვდებიან, რომ ეს განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. შიდა აჯანყება რომ მოაწყონ, რისი მომსწრეც ვიყავით, როდესაც ერთი-ორმა ჯგუფმა გამოაცხადა, რომ სააკაშვილს არ ვეთანხმებითო, გვერდით გავიდა, მათ შორის საკმაოდ წონიანი ფიგურები იყვნენ და ისინი 3%-ის ფარგლებში დარჩნენ. აქ პრობლემა ის კი არაა, გუნდი ამ განცხადებების ალოგიკურობას ხვდება თუ არა, აქ პრობლემა ისაა, რომ ამ არალოგიკურობას საზოგადოების 20-30% მისდევს, ისინი ამას მხარს უჭერენ.

„ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია როგორც შერიგება და „შავი სია", ასევე შერიგება და დაუმორჩილებლობა. მათი მოწოდებები რომ შევაგროვოთ და ერთ კალათაში შერიგებაზე და მეორეში აგრესიული მოწოდებები დავაგროვოთ, მეორე კალათა აშკარად უფრო გავსებული გამოვა და უფრო ცოტა იქნება შერიგებასა და მშვიდობიანობის განცხადებები.

„იმდენად ცოტა მხარდამჭერი ჰყავთ, რომ დაუმორჩილებლობა, საბედნიეროდ, შეუძლებელი იქნება. ასეთ შემთხვევაში ფაქტიურად ქვეყანას ებრძვი, რადგან თუ ხალხი დაუმორჩილებლობას აყვება, ქვეყანა უნდა მოიშალოს, არცერთმა სამსახურმა აღარ უნდა იმუშავოს. ამისკენაა ეს მოწოდება, რომ საქართველოში ქვა ქვაზე ნუ დარჩება, თუ ენმ არ იქნება ხელმძღვანელადო," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".