ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს". „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ამას მხარს არ დაუჭერს, რადგან პირველ რიგში ამ საქმეს სახელწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გარდა ამისა, „გამოგონილი საქმის გამოძიებაში" არ ჩაერთვება, რადგან არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი, მისი თქმით, ამას არ აქვს.
ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს. პარტიის „საქართველოსთვის" დეპუტატები სააკაშვილის ინიციატივას მხარს არ უჭერენ. „გირჩი" კი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერის სანაცვლოდ „ნაცმოძრაობას" საკუთარ პირობებს უყენებს.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი პირადი პოზიციაა, რომ შეიძლება ეს ცუდიც არ იყოს და შესაძლოა, ხმების შევსებაზე იფიქრონ, რათა „კომისიამ მარტივად დაადგენოს სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის არარსებობა".
„ლელო" კი სააკაშვილის ამ ინიციატივას მხარს უჭერს.
რაც შეეხება ენმ-ს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, თუ „ნაცმოძრაობა" დაინახავს, რომ რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, პარლამენტში შევლენ.
როგორც უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, აღნიშნულ საკითხს ჯერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს, რომელსაც მარტის დასაწყისამდე აქვს ვადა.
„ჯერ ერთი, რამდენადაც ვიცით, ამას სახელმწიფო ინსპექტორი იძიებს, რომელსაც ორი თვე აქვს დარჩენილი. თუ ამ ინსპეტორს არ ენდობიან, მაშინ ესეც უნდა აღიარონ, რადგან უფლებების პარალელურად გადაკვეთა არ შეიძლება მოხდეს და მეორე - პარლამენტში იმუშავო იმიტომ, რომ მხოლოდ შენი ფაქტობრივი ლიდერის რაღაც გამოგონილი საქმე გამოიძიო, ეს სწორედ მათ პოლიტიკურ გეგმებზე მეტყველებს, რომ არაფერი გეგმა არ აქვთ, გარდა სააკაშვილის გათავისუფლებისა.
„ასე რომ, მათ ამ წინადადებას არც ერთი და არც მეორე შემთხვევაში როგორც ყოველთვის, არანაირი, არც ლოგიკური და არც სამართლებრივი საფუძველი სამწუხაროდ არ აქვს", - განაცხადა მან.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს აღნიშნულ ინიციატივას, მაჭარაშვილმა განგვიცხადა, რომ ეს ინიციატივაც არაა და გამოგონილი თემაა.
„ამას ინიციატივასაც ვერ დაარქმევ, რაღაცა გამოგონილია. არაერთხელ აღვნიშნე, რომ მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში კარგა ხანია მათ ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, თუნდაც მათი აზრით სასიკეთო საკითხიც კი არ აქვთ, გარდა ერთისა - რომ მათი ლიდერი რაღაცნაირად გათავისუფლდეს, რადგან ეს მისი მოთხოვნა იყო.
„ისინი პარლამენტს ხან არალეგიტიმურს ეძახიან, ხან პარლამენტს კონსტიტუციაში ცვლილებებს სთხოვენ. ერთის მხრივ ამბობენ, რომ ინსტიტუტები არალეგიტიმურია, მეორეს მხრივ სხვადასხვა ინსტიტუტების დეასაცავად თავს გამოიდებენ ხოლმე.
„თოლორაიას თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს და არც ორი წლის განმავლობაში თქვეს, რომ ეს ინსტიტუტი კარგად მუშაობსო. როგორც კი რომელიმე თანამდებობის პირი „ოცნების" საწინააღმდეგოდ გამოვა, მათთვის ის მყისიერად ხდება დემოკრატიის შუქურა.
„მათთვის არაფერს ფასი არ აქვს - არც პარელამენტს, არც ინსტიტუტებს, არც სახელმწიფოს. თუ უნდათ დილით იტყვიან, რომ ყველაფერი უკანონოა და რევოლუცია უნდა მოხდეს, საღამოს იტყვიან, რომ ყველაფერი კანონიერია, ოღონდ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდესო. ასეთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ერთადერთი მიზანი და ამოცანა აქვს - რომ ერთი პიროვნების ირგვლივ იტრიალონ," - განაცხადა მაჭარაშვილმა.