ხალადეცის მომზადების ყველაზე რთული ეტაპი ღორის თავ-ფეხის გასუფთავება, მისი მოხარშვა და გამორჩევაა. ღორის ახალი თავ-ფეხი უნდა გარეცხოთ, შემდეგ კარგად გატრუსოთ, გაფხიკოთ და კიდევ ერთხელ გარეცხოთ.
ინგრედიენტები
ღორის თავ-ფეხი
4 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ს/კ შავი პილპილის მარცვლები
1 თავი დიდი ხახვი
1 ცალი დიდი სტაფილო
3 თავი ნიორი
დაფქული წითელი წიწაკა
მარილი
1 ჩ/ჭ თეთრი ღვინო
მომზადება
ქვაბში ჩავყაროთ 4 ცალი დაფნის ფოთოლი, პილპილის სურნელოვანი ბურთულები, 1 თავი ხახვი, 1 დიდი სტაფილო. დავუმატოთ ღორის თავ-ფეხი და მოვხარშოთ მაგრად. სტაფილო არ უნდა ჩაიხარშოს, როგორც კი მოიხარშება ამოიღეთ ქვაბიდან. შემდეგ ეტაპზე გასაფორმებლად დაგვჭირდება.
ღორის თავ-ფეხს მოვაცილოთ ძვლები და წვრილად დავჭრათ/ხელით დავაქუცმაცოთ. უნდა გამოვარჩიოთ დაახლოებით 1,5-2 კილოგრამი ხორცი (რეცეპტის ინგრედიენტები ამ პროპორციაზეა გათვლილი).
წვრილად დაჭრილი ხორცი გადავიტანოთ შესაბამისი ზომის ქვაბში, დავასხათ ხორცის ნახარში. ნახარშ წვენს მთლიანად თუ დავასხამთ დაქუცმაცებულ ხორცს, შეიძლება თხელი გამოვიდეს. ნახარში ხორცს დაახლოებით 2 თითის დადებაზე უნდა ასცდეს. თუ ბევრი ცხიმი აქვს, მოვაცალოთ. დავდგათ ცეცხლზე და რომ ადუღდება ჩავუმატოთ 4 დიდი თავი დანაყილი ნიორი, მარილი, წითელი მსხვილად დაფქული წიწაკა გემოვნებით და ერთი ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო. ადუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან.
წინასწარ გამზადებულ ღრმა ჭურჭელში ჩავაწყოთ ლამაზად დაჭრილი სტაფილო და ჩავასხათ ხორციანი ნახარში სასურველ სიმაღლემდე.
კარგად რომ გაცივდება, შევდგათ მაცივარში. დაახლოებით 2 საათში შედედდება, თუმცა, აჯობებს, რომ მომზადებიდან მეორე დღეს მიირთვათ.
სუფრაზე მიტანისას გადმობრუნებული დავდოთ თეფშზე ან ლანგარზე. ხალადეცი უნდა მივირთვათ მდოგვთან ან ტყემალთან ერთად.