გასული საუკუნის 70–იანი წლების შუა პერიოდის კრიზისი, არაერთ როკ ჯგუფს რომ შეეხო, ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ Uriah Heep ერთ-ერთი იშვიათი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გადარჩენილიყო ამ დროს ჯგუფი და გაეგრძელებინა მოღვაწეობა ისე, რომ არ გაენაწყენებინა ზოგადად როკ-მუსიკის მსმენელი.
საინტერესო კი ისაა, რომ ამ წარმატების ერთ-ერთ შემოქმედად გერმანულ ჯგუფ Lucifer’s Friend-დან გადმობირებული Uriah Heep–ის ახალი მომღერალი ჯონ ლოტონი იქცა. მიუხედავად იმისა, რომ დევიდ ბაირონის გარეშე, ჯგუფმა მრავალი თაყვანისმცემელი დაკარგა, ნუ დავუკარგავთ ახალ მომღერალ – ჯონ ლოტონთან ჩაწერილ სამ ალბომს „იურაია ჰიპობას“, რადგან ახალმა სისხლმა რომ გააკეთილშობილა ჯგუფი, ამის შესახებ Demons and Wizards- ისა და The Magician’s Birthday–ის შემდგომ ჩაწერილი ზოგიერთი ნამუშევარიც მეტყველებს...
ერთი კია, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, თუ როგორი იქნებოდა ალბომები Firefly, Innocent Victim და Fallen Angel ბაირონთან ერთად. თბილისში კენ ჰენსლის კონცერტზე მისული მსმენელი ხომ აღფრთოვანებული დარჩა ჰენსლის ნამღერი Wise Man–ით და იმასაც მიხვდა, რომ ეს ვოკალ პარტია გაცილებით მიახლოებული იყო ბაირონის ხელწერასთან, მაგრამ რა ვუყოთ, რომ Firefly–ს ვერსიაც ჩინებულია და იქ არამარტო ლირიკული ხასიათის, არამედ საკმაოდ მძლავრი – The Hanging Tree-ს მსგავსი ჰარდ–როკული სიმღერებია, რომლებშიც ბაირონის ხმის ტემბრი, უბრალოდ ვერ ჩაჯდებოდა...
The Hanging Tree–ით, Firefly–ის ინგლისური ვერსია იხსნება. ჰენსლი–ბოქსის ექოში გარდამავალ თითქოს მაღლიდან ცვენად გიტარ–სინთეზატორულ ეფექტებს, პასუხად ლი კერსლეიკი შემოდის და ჯონ ლოტონის მძლავრი და ულამაზესი ხმით შემოჭრისთანავე, მსმენელს ტანთ ჟრუანტელი უვლის. გიტარ სოლო სადა და უბრალოა, ხოლო დაბოლოვება კი კენ ჰენსლის საორღანო ფონზე დართული მრავალხმიანობით, ეფექტური და დამამშვიდებელი...
პირველი სიმღერით შექმნილ მოზღვავებულ ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს მომდევნო Been Away Too Long, რომლის თითქოს თვითმფრინავის ტრაპიდანვე გარდამომავალ სიყვარულს, მსმენელი მელანქოლიურ განწყობაზე მოჰყავს, ხოლო გიტარ სოლო კი საკმაოდ ვრცელია და გარკვეულწილად დაახლოვებული ტონი აიომის ხელწერასთან.
რვა სიმღერიდან Who Needs Me, კენ ჰენსლის გარეშე დაწერილი ერთადერთია. მისი ავტორი ლი კერსლეიკია. ტრადიციული როკ’ნ’როლი, გარდა მიკ ბოქსის შთამბეჭდავი vah vah guitar სოლოსი, ჯგუფის კიდევ ერთი ახალწვეულის – ბასისტ ტრევორ ბოლდერის ეფექტური დაკვრით აღინიშნა. ბოლდერმა თვით გარი თეინისა და ჯონ უეტონის ადგილზე მოახერხა დღემდე დამკვიდრება, რაც მის ძალიან დიდ მუსიკოსობაზე მეტყველებს.
ვინილის პირველი გვერდის დამაგვირგვინებელი კი ზემოთხსენებული Wise Man–ია. ჯონ ლოტონმა კენ ჰენსლის კომპოზიტორულ ტალანტს ახლებური შთაგონება მიანიჭა. მელანქოლიური ბალადა ფინალში ახალი მომღერლის ხმის ტემბრის თითქოს უსაზღვრო შესაძლებლობების გამოვლენის არეალად იქცევა და მსმენელსაც ვინილის გადაბრუნების წინ, ღრმა შთაბეჭდილებით ტოვებს...
აი მეორე გვერდის პირველი სიმღერა Do You Know კი ალბომის გახსნითი სიმღერის დონეს ნამდვილად ვერ ქაჩავს და Who Needs Me–თან ერთად, მის როკ’ნ’როლისებრთა მხარეს, უბრალოდ მექანიკურად განასახიერებს, რადგან ჰენსლის კალამს წარსულში თუნდაც გაცილებით ეფექტური Easy Livin’ და Love Machine ეკუთვნის...
Firefly–ის დამაგვირგვინებელი სტადია, მომდევნო სიმღერიდან იწყება, რომლიდანაც ირკვევა, რომ ალბომი შედგა. პირველი გვერდის მიხედვით, საქმე გვაქვს ოთხი სიმღერით დაკომპლექტებულ როკ შედევრთან, სადაც მესამე – უბრალოდ კარგი სიმღერაა. აი მეორე გვერდი კი?
Rollin On რატომღაც ამოვარდნილია ჯგუფის მოყვარულთა მხედველობის არიდან და მას მაინცდამაინც არ იხსენებენ. არადა, აქ არის ყველაფერი, რითაც ძვირფასია Uriah Heep –ის შემოქმედება. მელოდიზმი, რომანტიზმი, ლამაზი ვოკალი... რითაა ნაკლები ეს ბაირონის პერიოდის შედევრებზე. არც არაფრით, უბრალოდ ეპოქაა უხეირო იმისათვის, რომ შემდგომში დააფასონ სიმღერა, რომელიც გულის სიღრმეში უყვართ, მაგრამ არაა ბაირონის ნამღერი. უბრალოდ სნობიზმი...
აი Sympathy–ის წინაშე კი გულგრილი, ნეიტრალური მსმენელიც ვერ რჩება, რადგან ტრადიციულ – აღმოსავლურ მოტივზე აღმოცენებულ კომპოზიციას, არაჩვეულებრივი ეკზოტიკა სდევს თან, ხოლო ჯონ ლოტონის მღერა კი დევიდ ბაირონს გვავიწყებს კიდევაც და გვატყობინებს, რომ ბრიტანული როკ ლეგენდა ახალ შემოქმედებით ფაზაშია და მას უბრალოდ მსმენელის მხარდაჭერა ესაჭიროება.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია დასკვნითი – ალბომის სახელწოდების მატარებელი კომპოზიცია, რომლის ძირითადი ვოკალ პარტია, Firefly–ის სულისჩამდგმელ კენ ჰენსლის ეკუთვნის. აქ კვლავაც გვახსენდება კენ ჰენსლის მიერ შექმნილი ბაირონის ერა, მაგრამ როცა სიმღერა მისამღერამდე აღწევს, ვრწმუნდებით, რომ ეს აღარაა არც Look At Yourself, აღარც Sweet Freedom.
საბოლოოდ, ფაქტია, რომ ალბომმა გაამართლა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრის აზრით, იგი Uriah Heep–ის იქამდე ჩაწერილ შედევრებს ჩამოუვარდება, უნდა ითქვას, რომ შეფასება ამ ნამუშევარს უსამართლო მეტი ხვდა, ვიდრე სამართლიანი ერთის მხრივ სნობიზმიდან, მეორეს მხრივ კი ეპოქის უხეირობიდან გამომდინარე.
Firefly–ის დასაწუნი არაფერი ჰქონია, თუნდაც მისი უაღრესი თანაბრობისა და კონცეპტუალური თვალსაზრისით შეკრულობის გამო, რაც მომდევნო ორ ალბომში თანდათანობით შესუსტდა. თუკი ბაირონის პერიოდის უკანასკნელი ორი სტუდიური ჩანაწერი ძველი შედევრების აჩრდილსღა წარმოადგენდა, Firefly კონკრეტულად Uriah Heep –ის მსმენელთა შედარებით ვიწრო წრის გარდა, ზოგადად როკ მუსიკის მოყვარულთა სფეროს მოერგო, მოუტანა რა პოპულარობა ერთხანს ინგლისის ყველა დროის ერთ–ერთ უდიდეს ჯგუფს, როგორც გერმანიასა და საფრანგეთში, ასევე ბენილუქსის ქვეყნებსა და გარკვეულწილად ამერიკაში.
აქ უნდა Kiss–ის პოლ სტენლის გამონათქვამი გავიხსენოთ. მუსიკოსი აღნიშნავდა, რომ ამერიკული გასტროლების დროს, Uriah Heep ყველაზე სუსტ კონცერტებზეც კი სოლიდურად გამოიყურებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ დიდებულ გამოსვლებზე, სადაც Look At Yourself–ს The Hanging Tree, ხოლო July Morning–ს კი Sympathy ენაცვლებოდა.
Firefly–ის ამერიკული ვერსია კი უხეიროა ერთი მარტივი მიზეზის გამო. აქ სიმღერებს აქვთ ადგილები უგემოვნოდ შენაცვლებული და ალბომის პირველი სიმღერა რატომღაც გახსნისათვის შეუფერებელი Been Away Too Long გახლავთ, ხოლო The Hanging Tree–ს, ადგილი ალბომის მეორე გვერდის გამხსნელად მიუჩინეს.