რომანის ძირითადი სქემის მიხედვით ეს - დედა-ეკლესია აღაშენებინებს ქართველ ერს ქართულ სახელმწიფოებრიობას დავით მეფის დახმარებით.
სქემა, რომელსაც სთავაზობს დედა-ეკლესია დავით მეფეს მოღვაწეობის დასაწყისში სახელმწიფოებრიობის აღსაშენებლად, თავისი არსით წარმოადგენს ეროვნული კულტურის წიაღიდან მსოფლმხედველობრივი რესურსების გამონთავისუფლების იმ გზას, რომელსაც ძალუძს გახდეს საფუძველთა საფუძველი ყველა დანარჩენი რესურსების გამოსანთავისუფლებლად და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სამსახურში ჩასაყენებლად.
ეროვნული კულტურის წიაღში რა მსოფლმხედველობრივი რესურსების არსებობის შესახებ შეიძლება იყოს საუბარი, ჩვენი კულტურის წიაღიდან რომელთა გამონთავისუფლებაც მისცემდა ჩვენი ერის დანარჩენ ყველა ნიჭსა და ტალენტს, ერის სამსახურში ჩამდგარიყო?
ბუნებრივია, სახელმწიფოებრიობის არსებობის მსოფლმხედველობრივი საფუძველი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ურთულესი ხასიათის კომპლექსური ფენომენია, რომელიც, როგორც თესლი, იმ თავითვე გულისხმობს მასზე სახელმწიფოებრივი ხის როგორც ძირითადი ტანის აღმოცენებას, ისე მის ნებისმიერი მიმართულებით ნებისმიერ განტოტებას.
სახელმწიფოებრივი არსებობის მსოფლმხედველობრივი საფუძველი შეუძლებელია იყოს ვისიმე მიერ ხელოვნურად კონსტრუირებული და “უმაღლესი” ტერმინოლოგიური აპარატის საშუალებით მოპირკეთებულ-შეთითხნილი.
იგი შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მენტალური გარემოს სტრუქტურულ-ფუნქციონალური არსის დოკუმენტალურ ასახვას, რომლის არსებობასაც ნამდვილად აქვს ეროვნული საზოგადოების სულიერ სამყაროში ადგილი. სწორედ ამიტომაც, არის იგი “ადვილად საცნობი” ერის მიერ, როგორც საკუთარი მეობის თვითიდენტიფიცირების საგანი.
ამ გაგებით სახელმწიფოებრივი არსებობის არსში წვდომა ადეკვატურია ჭეშმარიტების არსში წვდომისა, რაც არის როგორც რელიგიის, ისე ფილოსოფიის საგანი.
დამეთანხმებით, რომ ეს არის ურთულესი პრობლემა, რომლის მოგვარებაც მსოფლიოს მხოლოდ რჩეულ ერებს მოუხერხებიათ, ამიტომ, ნება მომეცით, სანამ წარმოგიდგენდეთ შესაბამის ნაწყვეტს რომანიდან, რომელიც თავის თავში მეტ-ნაკლები სისრულით მოიცავს იმ მსოფლმხედველობრივ სურათს, რომლის მიხედვითაც ნაწარმოებში მიმდინარეობს ქართველი ერის მიერ სახელმწიფოებრივი ფორმატის ორგანიზება, ორი სიტყვით მცირეოდენი შესავალი გავაკეთო.
ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქართველი ერის ნების აღძვრა, აღაშენოს სახელმწიფოებრიობა, შესაძლებელია მხოლოდ სათანადო მოტივაციის არსებობის შემთხვევაში, რომლის სულიერი საფუძვლები სათავეს იღებენ ეროვნული კულტურის სიღრმეებიდან და თვითგადარჩენის ინსტინქტთან ერთად ქმნიან ეროვნული ორგანიზმის გადარჩენის მკვიდრ საფუძველს.
სულიერი მოტივაციის შექმნა და ნების აღძვრა ერში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული კულტურის განმსაზღვრელი სახის (ღვთაებრივი მეტაფორის) არსებობის შემთხვევაში, რომელიც გულისხმობს თავის თავში არსებობას ა) იდეალისა, ბ) ამ იდეალისაკენ სწრაფვის ნებელობით ვექტორისა და, აგრეთვე, გ) სათანადო ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიებისა იმის შესახებ, თუ როგორ არის ამ იდეალის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხორცშესხმა შესაძლებელი.
რომ ეროვნული კულტურის განმსაზღვრელი სახის (ღვთაებრივი მეტაფორის) არსებობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მეტაფორული აზროვნების საშუალებით, რაც, თავის მხრივ, არის რელიგიური ცნობიერების ნაყოფი, რომელსაც, ამავე დროს, ძალუძს ერის მენტალობის გამომხატველი სახის აბსოლუტიზირება.
ანუ, უფრო რომ დავაკონკრეტოთ პოზიცია, იგი მიიღებს შემდეგ სახეს - მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური ცნობიერება არის შემძლე მეტაფორული აზროვნების საშუალებით შექმნას ეროვნული კულტურის არსებობის საფუძვლები – განმსჭვალოს ერი იდეალით, აღუძრას მას ამ იდეალისადმი სწრაფვის ნ ე ბ ა და, აგრეთვე, მისცეს ის სიბრძნე, რომელიც აუცილებელია ყოველივე ამის რეალურ ცხოვრებაში ხორცშესხმისათვის.
მაგრამ, მეორეს მხრივ, სახელმწიფოებრიობა, როგორც პროცესუალურ-კონსესუალური ხასიათის ურთულესი ინფრასტრუქტურული ორგანიზმი, არის რაციონალური, ანუ მეცნიერული აზროვნების საგანი, რომლის კონცეპტუალურ შემოქმედადაც თავის კლასიკურ გამოვლინებაში გვევლინება მეცნიერებათა აკადემია.
თავის მხრივ, მეცნიერებათა აკადემიის არსებობა შეუძლებელია მისი კონცეპტუალური საფუძველის – მეცნიერებათა კლასიფიკაციის გარეშე, რომელიც იძლევა მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურულ-ფუნქციონალური აგებულების იმგვარად დიფერენცირების საშუალებას, რომ შესაძლებელი იყოს მეცნიერული აზროვნების საგნად საზოგადოების უპირველესი მიზანის – თავისი თავის მოვლა-პარტონობის ღირსეული და მაღალპროფესიონალური აღსრულება.
მაგრამ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებასაც, რომ მეცნიერებათა კლასიფიკაციის, როგორც მეცნიერებათა აკადემიისა და სააკადემიო ინსტიტუტების ქსელის არსებობის კონცეპტუალური საფუძველის ჩამოყალიბება შეუძლებელია სინამდვილის გარკვეული მსოფლმხედველობრივი ხედვის გარეშე, რომელიც გარკვეული “მოწესრიგებული” ფორმით წარმოაჩენს საზოგადოების შემეცნებაში სინამდვილის შესახებ ფაქტობრივ ინფორმაციას.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მეცნიერებათა აკადემიის უპირველეს დანიშნულებას წარმოადგენს მეცნიერული აზროვნების საგნად გახადოს ეროვნული საზოგადოების წინაშე მდგარი მიზანი – უპატრონოს თავის თავს სახელმწიფოებრიობრივი ფორმატის საშუალებით, რაც არასოდეს არ განხორციელდება საზოგადოების ნების გარეშე, რომელსაც, თავის მხრივ, ქმნის რელიგია და მეტაფორული აზროვნება, მაშინ ჩვენს წინაშე წარმოჩინდება ის ორგანული და დიდებული კავშირი, რომელიც არსებობს მეტაფორულ და რაციონალურ აზროვნებებს შორის, დედა-ეკლესიასა და მეცნიერებათა აკადემიას შორის.
დიაღ, თუ რელიგია იძლევა სახეს ანუ ღვთაებრივ მეტაფორას, რომელიც წარმოშობს მოტი ვაციას დანებას, მეცნიერება ამ მოტივაციისა და ნების პირობებში აგებს სახელმწიფოებრიობას, რაც, თავის მხრივ, არის საერო ანუ სამოქალაქო საზოგადოების ამ მიმართულებით აზროვნების, ზრუნვისა და განკარგვის უნარის უმაღლესი გამოხატულება.
ამიტომ, ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად, რომლის მოგვარების წინაშეც იდგა მაშინ, მეთერთმეტე საუკუნის ქართველი ერი და რომლის მოგვარების წინაშეც ვდგავართ ჩვენ, ქართველი ერის თანამედროვე თაობა, წარმოგვიდგება მეტაფორულ და რაციონალურ აზროვნებათა ფორმატების ისეთი ორგანულობით შერწყმა, რომ შედეგად მოიცეს თანამედროვე, გლობალიზაციის ეპოქის გამოწვევათა შესაფერისი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, რომლის პირობებშიც საზოგადოების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობა ერთნაირად მისაღები იქნებოდა მასში მცხოვრები საზოგადოების ნებისმიერი არაქართველი და არამართლმადიდებელი ნაწილისთვისაც.
როდესაც საუბარია დიდი საეკლესიო-საერო კრების მოწყობისა და დიდი ტრიადის წევრებს – სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და დედა-ეკლესიას შორის შეთანხმენის მიღწევის შესახებ, შეთანხმების საგანს სწორედ მეტაფორული აზროვნების მიერ ჩამოყალიბებული სახისა და რაციონალური აზროვნების მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი ნაგებობის ნახატის ერთ სინქრონულ ქსოვილში გახვევა წარმოადგენს იმ გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც ეროვნულ საზოგადოებას უწევს შეთანხმების მიღწევა.
მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ მეტაფოერული და რაციონალური აზროვნების ფორმატთა თანაარსებობის შესაძლებლობას აჩენს ის ძირითადი ღვთაებრივი მეტაფორა – ნაყოფი რელიგიური აზროვნებისა, რომელიც აყალიბებს ეროვნული კულტურის სახეს.
ამ თვალსაზრისით ჩვენი დედა-ეკლესიის პრიორიტეტულობა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის თვალსარისით არის უეჭველი.
ამიტომ, როდესაც რომანი “ჯვარ-პატიოსანის” მიხედვით გიორგი ჭყონდიდელი (დედა-ეკლესია) სთავაზობს დავითის (ხელისუფლების) საშუალებით ქართველ ერს მდგომარეობიდან გამოსავალს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მის მიერ შეთავაზებული კონცეპტუალურ საფუძვლებში იგულისხმება ქართველი ერის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ისეთი სქემა, რომელიც:
ა. ეკლესიის მისიას, მისცეს ეროვნულ საზოგადოებას თვითკმარი მოღვაწეობისათვის აუცილებელი მოტივაცია და ნება, რომელიც ამ მოტივაციიდან გამომდინარეობს, ფუნქციონალურად აქტიურ მდგომარეობაში გადაიყვანს.
ბ. შექმნიდა ეროვნული საზოგადოების წიაღიდან შემოქმედებით-ინტელექტუალური პოტენციალის გამოთავისუფლებისა და ერის სამსახურში ჩაყენების (მეცნიერებათა აკადემიის არსებობისა და ფუნქციონირების) საფუძველს.
გ. ამასთან, შეთავაზებულ მსოფლმხედველობრივ საფუძვლებს არა თუ არ შეექმნა წინააღმდეგობა, არამედ ხელი შეეწყო განსხვავებულ ერებსა და კონფესიებთან ურთიერთობისათვის საჭირო იმ უნივერსალური ენის ჩამოყალიბებაზე, რისი აუცილებლობაც ყოველთვის იდგა, დგას და ყოველთვის იდგება ქართველი ერის წინაშე როგორც შიდა სახელმწიფოებრივ, ისე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დონეზე.
რა შესთავაზა დედა-ეკლესიამ დიდი ტრიადის დანარჩენ ორ მონაწილეს
ამ თვალსაზრისით, გიორგი ჭყონდიდელი დავით აღმაშენებელს სთავაზობს როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მოწყობის, ჩემის აზრით, საკმაოდ საინტერესო ვარიანტს დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონის სახელწოდებით, რომელსაც აქვს თვისება, ჰორიზონტალში წარმოადგენდეს ნებისმიერი ერისა და კონფესიისათვის მისაღებ ღირებულებათა სისტემას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ზოგადად სამოქალაქო ცხოვრების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობა, ხოლო ვერტიკალში წარმოადგენდეს ნებისმიერი რელიგიის სამოქალაქო ასპექტს – მუსულმანურში – მუსულმანური საზოგადოების სამოქალაქო ასპექტს, ქრისტიანულში – ქრისტიანილი საზოგადოების სამოქალაქო ასპექტს, იუდავურში – იუდავური საზოგადოების სამოქალაქო ასპექტს და ასე შემდეგ.
ანუ დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი წარმოადგენს სამოქალაქო ცხოვრების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის ზოგად საფუძველს, რომელიც ერთნაირად მისაღებია, როგორც სამოქალაქო ასპექტი ნებისმიერი რელიგიისათვის.
ჩვენთვის საინტერესო მართლმადიდებლური პოზიციიდან დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი წარმოადგენს მართლმადიდებელი რელიგიის სამოქალაქო ასპექტს ჯვარპატიოსანთა სამოქალაქო ცხოვრების წესის სახით, რომლის შესახებ ჩემი წარმოდგენები თანამიმდევრობით ჩამოყალიბებული მაქვს ზემოთ უკვე ხსენებულ ნაშრომში “ქართული კულტურის კრიტიკა”.
ახლა გავბედავ და შემოგთავაზებთ ნაწყვეტს რომანიდან, რომლის მიხედვითაც დავით მეფე გამოცდას აბარებს თავის სულიერ მოძღვარს – გიორგი ჭყონდიდელს იმის შესახებ, თუ როგორ დაეუფლა იგი მისგან მიწვდილ სახელმწიფოებრივი აზროვნების მართლმადიდებლურ სიბრძნეს, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, გარდა იმისა, რომ შესაძლებლობას ქმნის ქართველი ერის მიერ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესის წარმატებით წარმართვისათვის, ასევე წარმოადგენს უდიდეს სულიერ საგანძურს, რომელიც თავის თავში სრულად ასახავს ზოგადსაკაცობრიო საბაზო სულიერი ღირებულებების მთელ სისტემას.
დავით მეფის ანგარიშგება გიორგი ჭყონდიდნლთან დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონის შესწავლის შესახებ
მაგრამ დავით მეფეს რაღა გააჩერებდა, ისრე იყო იგი თავისი მიზნის მისაღწევად მიმართული.
– გამომცადე, მეუფეო გიორგი, – უთხრა იმას დიდად აღძრულმა. – იქნებ რამე ისე ვერ გავიგე ან გამომეპარა რამე. – დაამატა. – მე მარტომ, რაც შემეძლო, ყოველივე ამოვწურე. ხოლო ახლა ისრე მწყურია შენსგან გამოცდა, ვით უწყლოობით სიკვდილის პირზე მისულს – წყაროს წყალი.
ჭყონდიდელს დიდი ყურადღება არ მიუქცევია დავით მეფის შინაგანი აღელვებულობისათვის, თითქოს ვერც ვერას ამჩნევსო, თქმასა შიგან იგი, როგორც ყოველთვის, დინჯი იყო და აუჩქარებელი.
– კარგი, მეფეო, – როგორც იქნა, გასძრა ხმა. – მაშინ გამეც პასუხი პირველ კითხვაზე – ქრისტიანი კაცის ცხოვრების მთავარი აზრი რაში მდგომარეობს?
– ცათა სასუფეველსა შიგან მოხვედრაში, მეუფეო გიორგი.
– ახლა ის მითხარ, მეფეო, სისწორე ცათა სასუფევლისაკენ გზის მიმართულებისა ერში მცხოვრები კაცისათვის რით განისაზღვრება?
– სისწორე ერის კაცისათვის ცათა სასუფევლისაკენ მიმავალი გზისა, მეუფეო გიორგი, განისაზღვრება ამ კაცის მიერ იესო ქრისტეს მოწოდების მიდევნებაში – აღიღე ჯვარი შენი, უარჰყავ თავი შენი და გამომყევ მე.
– რას ნიშნავს შინაარსითა თავისითა სიტყვანი იესო ქრისტესი „აღიღე ჯვარი შენი“?
– ჯვარი კაცისა, მეუფეო გიორგი, არს მის მიერ თავისი ცხოვრების გზაზე უფლის სახელით აუცილებელი აღსრულება წმინდა ვალდებულებებისა წინაშე ოჯახისა თვისისა, წინაშე ერისა თვისისა და წინაშე სამშობლოსა თვისისა.
– ხოლო თქმა სიტყვათა „უარჰყავ თავი შენი“ რაღასა ნიშნავს?
– თუ ემსახურება კაცი იგი აღსრულებას ვალისა მის წმინდისა წინაშე ოჯახისა თვისისა, ერისა თვისისა და სამშობლოსა თვისისა, მაშინ იგი კაცი, მზრუნველი ყოველსა ამასა ზედა, არს უარმყოფელი თავისა თვისისა, რის გამოც უმეტესად გამონთავისუფლებულ არს იგი ცოდვათა თვისთაგან, რამეთუ ცოდვა კაცისა მის მიერ თავისი თავის ზრუნვიდან მოდის ყოველთვის.
– ხოლო ქრისტეს სიტყვანი, ნათქვამი კაცთა მიმართ, – „გამომყევ მე“ – რაღას ნიშნავს, მეფეო?
– როგორც უკვე ვთქვი, დანიშნულება კაცისა მისგან ჯვარისა თვისისა თავისი ცხოვრების გოლგოთაზე თავსი მხრებით ატანასა შიგან მდგომარეობს, მეუფეო გიორგი, და ეს ითქმის კაცის კაცობად.
– მაგრამ კაცის კაცობა და მისგან ქვეყნის პატრონობა ხომ იყო ქრისტემდეც. – გაუმძაფრა აღმზრდელმა აღსაზრდელსა თვისსა პაექრობა, დაუხვედრა რა მის ნათქვამს ესევითარად წარმოთქმული სიტყვა. – მაშ, რითღა განსხვავდება წარმართთა ცხოვრების წესი იმისაგან, რაც არის ჭეშმარიტი არსი მართლმადიდებლური ცხოვრებისა, ანუ გზაი ქრისტესი?
– კაცის კაცობა აუცილებელ არს კაცთათვის, რათა ჰქონდეს მას ღირსება, – ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, იყო ქრისტემდე, მეუფეო გიორგი, მაგრამ გზა სასუფეველისაკენ კაცის აღდგომა–ამაღლებითა ღვთიურითა არს, მეუფეო გიორგი, რის საფუძველიც ჯვარცმის საიდუმლოებასა შიგან მდგომარეობს.
– კერძოდ, რა საიდუმლოება მდგომარეობს ჯვარცმასა შიგან, მეფეო?
– ჯვარცმა არს კარიბჭე, შესასვლელი სასუფეველსა შიგან. – განაგრძო განვრცობა თვისი დავით მეფემ. – კაცმან, როგორც არ უნდა ემსახუროს იგი თავისი ცხოვრების განმავლობაში თვისთა წმინდა ვალდებულებათა აღსრულებას, თუ მოითხოვა მან იმათგან, ვისაც ემსახურა, ანუ გაუკეთა სიკეთე, თავისი მსახურებისა ანუ სიკეთისათვის მადლობის გადახდა, ანუ საზღაური, და დარჩა უკამაყოფილო მათ მიერ მოღებულითა, როგორიც არ უნდა იყოს იგი, მაშინ უცხოვრია მას არა მიმართებაში უფალთან, არამედ მიმართებაში კაცთან, რაც არს ვაჭრობა გაკეთებული სიკეთითა თვისით, ხოლო ამისთანა ანგარებიანი კაცი არასოდეს მოხვდება სამოთხეში.
ხოლო თუ კაცი იგი შეუნდობს ყოველთა მათ მაწყენართა თვისთა, და გინდაც არ დამნახავთა მისი სიკეთისა, ან, მეტიც, სიკეთის წილად მასსა ზედა ბოროტებით აღძრულთა, და იტყვის მათ მიმართ წრფელი სიყვარულით აღვსილი, ვით თავად იესო ქრისტე სიკვდილის წინ, – „შეუნდე, უფალო, რამეთუ არა უწყიან, თუ რასა იქმან“, მაშინ არს იგი უანგარო და არდაწვრილმანებულ, და უთუოდ მოხვდება იგი სამარადისო სასუფეველში, რამეთუ უცხოვრია მას მიმართებაში უფალთან, და არა მიმართებაში კაცთან.
და ყოველი არჩევანი, გასაკეთებელი კაცის მიერ ყოველ წამს თავის ყოველდღიურობასა შიგან, ბადალია ჯვარცმისა, რომელსა შიგან ან მაღლდება იგი ცად, ან ვარდება ცოდვით.
ეს დიადი ჯვარცმა კაცთა არს კიდეც დედა–აზრი ქრისტიანი კაცის ცხოვრობისა, ამ დიადსა ჯვარცმასა ზედა გადის ქრისტეს გზა, მიმყვანი სასუფეველსა შინა კაცისა და ამ დიადი ჯვარცმით განსხვავდება ქრიტიანთა ცხოვრების წესი წარმართთა ცხოვრების წესისაგან. აი, რასა ნიშნავს სიტყვანი იესო ქრისტესი, ნათქვამი კაცთა მიმართ – „და გამომყევ მე“.
გიორგი ჭყონდიდელმა დაფიქრებით მოისრისა ნაოჭები შუბლზე თავისი მჭლე თითებით და მზერა უარესი განმსჭვალაობით გაუსწორა დავით მეფეს.
– მაშ, რას ეტყვი შენ, მეფეო, მათ განხიბლულთა, მოწუწუნეთა ამა ცხოვრების უსამართლობისა გამო?
– ყოველი განხიბლული არს დაცემული, ვერ გამძლებელი ჯვარცმის სიმკაცრისა, რის გამოც აცდენილი გზასა, მიმყვანსა ადამიანისა სამარადისო სასუფეველში.
გიორგი ჭყონდიდელმა, გამგონემ მიღებული პასუხისა, უარესი სიცივით დაუსვა დავით მეფეს შემდგომი კითხვა.
– რას მეტყოდი ეკლესიის არსის შესახებ შენ, მეფეო? რა არს იგი და რა მნიშვნელობა აქვს მას კაცთა საერო ცხოვრებისათვის?
– ჯერ იმას გეტყოდი, მეუფეო გიორგი, რომ – სახე თითებით ძალუმად მოიწურა და მოძრაობასა შიგან დიდად შესულმან ერთი ამოსუნთქვით აღმოთქვა, – ჯვარი იგი წმინდა არს დიდად მძიმე და არა კაცს არ ძალუძს ზიდვა მისი გოლგოთის გზაზე თვინიერ უფლის დახმარებისა.
– მერე და, რა არის პირველ–მიზეზი კაცის მიერ წმინდა ჯვარის უფლის გარეშე ზიდვის შეუძლებლობისა, მეფეო?
– ხორციელობა კაცისა ანუ თავი კაცისა, მეუფეო გიორგი, მისი ყოველი ცოდვის პირველ–წყარო და მიზეზი.
– ესე იგი, რა არის ცოდვა, მეფეო?
– ცოდვა არს ვალდებულებათა წმინდა ჯვარის კაცთა მიერ ტალახსა შიგან ჩავარდნილობა.
– მაგრამ შენ ხომ ეკლესიის შესახებ აპირებდი სიტყვის თქმას, მეფეო?
– ეკლესია არს არსი უფლისა ამა სოფელსა შიგან, ყოველთვის მზადმყოფი კაცთათვის თავიანთი ცხოვრების გზაზე ჯვრის ზიდვის საშუალების მიცემისა.
– რა წესით და როგორ ძალუძს ეკლესიას მისცეს საშუალება კაცსა ჯვარისა თავისის თავისი ცხოვრების გოლგოთაზე ატანისა, მეფეო?
– რამდენჯერაც არ უნდა გადაუხვიოს თავისი წმინდა ვალის აღსრულების გზას კაცმა, ანუ რამდენჯერაც არ უნდა დაუვარდეს წმინდა იგი ჯვარი კაცსა მიწასა ზედა სისუსტისა თვისისა გამო, იმდენჯერ ძალუძს მივიდეს იგი უფალთან ეკლესიასა შიგან აღსარებითა და ვედრებით ცოდვათა შენდობის შესახებ იმის იმედით, რომ უფალი უთუოდ შეუნდობს მას, რამეთუ მოუმხობელად ცოდვისა განგრძობა ჯვრის ატანისა თავისი ცხოვრების გოლგოთაზე შეუძლებელ არს, ხოლო უფალი მოწყალეა და წრფელად მომნანიეს ყოველთვის შეუნდობს, რათა განაგრძოს მან გზა თვისი.
– რა არის აღსარების შემდგომ ეკლესიის მიერ ცოდვათა შენდობის შედეგი კაცისთვის, მეფეო?
– ტალახის ჩამოწმენდა იმ ჯვარიდან, რომელიც დაუვარდა ადამიანს მიწაზე თავისი წმინდა ვალდებულებათა აღსრულების გზაზე.
– ხოლო განძლიერება თავად ჯვარის მტვირთველისა, რათა მან კვლავ ასწიოს დავარდნილი ჯვარი და განაგრძოს გზა, რაღასა შიგან მდგომარეობს, მეფეო?
– ზიარებასა შიგან, მეუფეო გიორგი.
– ხოლო რა არს ზიარება, მეფეო?
– იესო ქრისტე მოავლინა მამა–უფალმა, რათა მიეცა მას კაცთათვის მაგალითი ჯვარისა თვისისა გოლგოთასა ზედა ატანისა, მასსა ზედა ჯვარცმისა და აღმაღლებისათვის სასუფეველსა ზედა. ეს არის ღვთაებრივი არსი, მისაბაძი ადამიანებისათვის, რის გამოც ჯვარი იესო ქრისტესი, ატანილი მის მიერ გოლგოთასა ზედა, არს ჯვარი შენი, ასატანი შენს მიერ შენი ცხოვრების გოლგოთის მთაზე, რათა თავადვე ეცუა მას ჯვარსა და თავადვე აღმაღლდე სამარადისო სასუფეველამდე. ხოლო ყოველი ზიარების არსი – ანუ მიღება შინაგანად იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცისა – არის იესო ქრისტეს მაგალითის თავის თავსა შიგან კვლავ და კვლავ დამკვიდრება. ეს არის კაცის არსის ზიარება უფლის არსთან, რათა შეიძლოს მან კვლავ და კვლავ მოიცეს ძალა აღმართვისათვის ჯვარისა და კვლავ და კვლავ შეიძლოს მან მოიცეს ძალა განგრძობისათვის ზიდვისა მისისა.
გიორგი ჭყონდიდელი, თითქოს ადგილს შეეყინაო, კლდესავით უძრავად იჯდა ადგილზე.
– ყოველივე ეს კარგი, მეფეო, მაგრამ დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი, რომლის შესახებაც ჩვენ გვქონდა საუბარი, რაღა შუაშია? – უთხრა და მზერა თვისი გამსჭვალავი მიაბჯინა ჭაბუკ მეფეს ლოდინით.
– როგორ გითხრა, მეუფეო გიორგი, საერო ცხოვრებასა შიგან კაცთა ერთობლივი მოღვაწეობის გარეშე შეუძლებელ არს ერთი კაცის მიერ სრულფასოვანი მსახურება როგორც წინაშე ოჯახისა თვისისა, ისრე წინაშე ერისა თვისისა, რამეთუ ქვეყანისა და ერის მოვლა მთელ ერს ძალუძს და არა ერთ კაცს, თუ გინდაც იყოს იგი მეფე, ხოლო ერთი კაცი მთელი ერის ტოლობას ვერასოდეს ვერ გასწევს და არ არის იგი მოწოდებული მთელი ქვეყნის მარტოდმარტო მოვლისათვის.
გაჩუმდა, რამეთუ ეგონა, რომ ყოვლივე თქვა, მაგრამ გიორგი ჭყონდიდელმა, აღმზრდელმა მისმა, სულის გამყინავი შეუბრალებლობით დაავალა მას კვლავ განგრძობა საუბრისა:
– განაგრძე, მეფეო, განაგრძე.
დავით მეფემ, ყოველთვის მორჩილებით აღმსრულებელმა მითითებისა თავისი აღმზრდელის მიერ, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო:
– დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი არის ერის მიერ თავისი თავის ერთობლივი მოვლა–პატრონობის კანონი, რომელიც კაცთა შორის აკანონებს თითოეული მათგანის მიერ თავისი ჯვარის გოლგოთაზე ატანის, ჯვარცმისა და აღმაღლების გზას, რაც, საბოლოოდ, ერის მიერ ერთობლივ ჯვრისზიდილსა, ჯვარცმასა და ამაღლებაში გამოიხატება, ხოლო ამ ერთობლიობის ნიჭი და საფუძველი, და ერის მიერ თავისი თავის ერთობლივი მოვლა–პატრონობის ერთადერთი საშუალება არის ყრილობა და საბჭო, უთუოდ არსებული ყოველ სოფელში და მოწოდებული მისი ცხოვრების განსაზღვრისა.
– რა არის ყრილობისა და საბჭოს მოქმედების გეზი?
– ყრილობისა და საბჭოს მოქმედების გეზი მოდის ქართული სუფრიდან, დევს რომელსა ზედაც სადღეგრძელოების სახით ყველა ის წმინდა ვალდებულება, რომელიც არის კაცის მიერ აღსასრულებელი ოჯახის, ერისა და სამშობლოს წინაშე მათი მოვლა–პატრონობის გზაზე, და კიდევ ერთი რამ მნიშვნელოვანი დევს ქართულს სუფრაზედ, მეუფეო გიორგი.
– კიდევ რა, მეფეო?
– შეგნება მრავალ კაცთა მიერ თავისთა შორის ერთის – წინამძღოლის არჩევისა, და მისი წინამძღვრობით ერთობლივი წარმართვა წასამართავისა.
– მაგრამ სუფრა, ვით კერპთმსახურება, ღვინის სმის საშუალებით სუფრის წევრთა გადამყვანი თავდავიწყებულობაში, რასაც ძველნი ეძახდნენ განწმენდილობას, ანუ ღმერთში შესვლას, რომ არის მეფეო, თავისი არსით წარმართული, რის გამოც, უთუოდ დასაძრახი და არ მისაღები ჩვენგან?
– იყო, როგორ არ იყო, მეუფეო გიორგი. სუფრა წარმართული ქრისტემდე იყო, იმიტომ, რომ იყენებდნენ იმას, ვით კერპთმსახურებას, ხოლო ქრისტეს მოსვლის შემდგომ, აღსარებისა, შენდობისა და ზიარების უფლის მიერ ეკლესიაში დადგინების შემდგომ, დარჩა ყოველ ქართულ ოჯახში სუფრა თავისი სადღეგრძელოების თანამიმდევრობით, ვით ძეგლი სულიერ ვალდებულებათა წინაშე ოჯახისა, ერისა და სამშობლოსადმი, როგორც ოჯახის თითოეული წევრისათვის, ისე ოჯახში მოსული სტუმრისათვის, და არის დღეს იგი აკადემია–სასწავლებელი მთელი ერისათვის, კვლავ და კვლავ დამმკვიდრებელი საერო ცხოვრებასა შიგან იმ წმინდა ვალ–ზნისა, რომლის წინაშე ერთობლივი პასუხისმგებლობაც შემთხვევით შეყრილ ბრბოს განასხვავებს თავისი ღირსების პატივისმცემელი ერისაგან.
გიორგი ჭყონდიდელი, თითქოს ვერ ამჩნევს ვერც სიღრმესა და სიგანეს დავით მეფის სამოქალაქო ზნეობრივ კანონსა შიგან გათვითცნობიერებულობისაო, როგორც ეს შეეფერებოდა უმკაცრეს აღმზრდელს, ისრე იჯდა თავისი აღსაზრდელის წინ, ვით ქვიტკირის კედელი.
– მაშ, ყოველივე თქმულიდან გამომდინარე, განმისაზღვრე მე, უცოდინარსა, მეფეო, ეკლესიის ადგილი ერის საერო ცხოვრებასა შიგან.
– გეტყვი, მეუფეო გიორგი, რატომ არ გეტყვი. – დაფიქრდა, ერთი წამით დუმილით შუბლი მოიჭმუხნა. – თუ სოფელი, სადაცა დგას ეკლესია და სადაც არის მრევლი, არ იმართება ამ მრევლის მიერ ყრილობისა და საბჭოს საშუალებით, მაშინ მრევლი იგი უმეტესწილად არს ყრუი და ბრმაი ეკლესიის მიმართ, რამეთუ არ აუღია ჯერ მას ხალხსა თავის თავზე პასუხისმგებლობა თავისი სოფლის მოვლისათვის უფლის წინაშე, ანუ ჯვარი იგი, მათსა მხრებსა ზედა უფლის მიერ ნაგულისხმევი, რომლის თავიანთი ცხოვრების გოლგოთაზე ატანაც არის მათი უპირველესი მისია, არად მიაჩნია. დადიან ისინი ეკლესიაში იმედით სასწაულისა თავიანთთა ზედა სარგებელის ნახვისა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში პასუხისმგებლობით აღვსილნი პატრონობისათვის წინაშე ოჯახისა, ერისა და ქვეყანისა. სასუფევლის ქადაგების გზა ეკლესიის მიერ სწორედ სამოქალაქო ზნეობრივი კანონის მიხევდით ცხოვრებაზე გადის და ამიტომაც, მის მიხედვით უნდა ათქმევინოს თავის მრევლსაც აღსარება, რამეთუ არა აქვს დღეს მრევლს ცოდვის სწორი შეგნება, რამეთუ ცოდვა მხოლოდ და მხოლოდ კაცის მიერ ჯვარისა მის წმიდის მიწასა ზედა დაგდებიდან მომდინარეობს
გიორგი ჭყონდიდელი ბერიკაცისთვის დამახასიათებელი სიდინჯით წამოიწია ადგილიდან.
– ესე იგი, – ჰკითხა ძუნწად. – რა მიზანი დაიდე სამოქმედოდ, მეფეო, შენს ცხოვრებაში დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონის შესწავლის შემდგომ?
– შენ ჩემი ცხოვრების მიზნის განსაზღვრულობის გაგების სურვილი გაქვს, მეუფეო გიორგი, მაშ, ისმინე ის, რის გაგებასაც ასრე ელტვოდი – არს დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი დასადები საფუძვლად როგორც თითოეული ქართველის, ისრე მთელი ერის საერო–სამოქალაქო ცხოვრებისათვის, რამეთუ არს იგი კანონი, არსებული ქართული სინამდვილის წიაღში დღემდე, ჩვენი სახელმწიფოებრივი არსებობის საფუძველი. არს სამოქალაქო ზნეობრივი კანონის დამკვიდრება ერის სამოქალაქო ცხოვრებაში გამოსავალი შექმნილი უკიდურესად რთული ვითარებიდან, რაც გამოწვეულია ერის სულით დავარდნილობით, და ერთადერთი საყრდენი, რომელზე დაყრდნობითაც უთუოდ შეიძლებს ერი მუხლებიდან ღირსებით წამოწევასა, და ვდებ შენს წინაშე სიტყვას, მეუფეო გიორგი, რომ ყოველივეს გავაკეთებ, რათა მე ამას ჩემი სიცოცხლის განმავლობასა შიგან როგორმე და უსიკვდილოდ მივაღწიოთ!
გიორგი ჭყონდიდელს კარგა ხანს ხმა არ გაუძრავს, – იდგა იგი ღრმა ფიქრებში ჩაფლული და სახეზე არანაირი კმაყოფილება არ ეხატა თავისი აღსაზრდელის თადარიგიანი მომზადების გამო.
– იქნებ რამე ისრე არ არის, მეუფეო გიორგი? – გაუბედა და ჰკითხა დავით მეფემ იმას, ბოლოს და ბოლოს, ფრთხილად.
– პირიქით, მეფეო, – უპასუხა გიორგი ჭყონდიდელმა – ყოველივე ისრეა, როგორც უნდა იყოს.
– მაშინ, რა საავდრე ცასავით მოიღრუბლე, მეუფეო გიორგი?
გიორგი ჭყონდიდელმა, სანამ ხმას ამოიღებდა, თვალები მთელი ძალით მოხუჭა, ხოლო როცა გაახილა, აგრე გაანდო იმას თავისი აზრი და თავისი გულის სათქმელი:
– რაც უფრო მეტად სწვდება ადამიანი სიღრმეში ჭეშმარიტებისა, მეფეო, მით უფრო მეტად დიდდება ჯვარი იგი ზომითა თვისითა, და, შესაბამისად, მით უფრო მეტად დიდდება პასუხისმგებლობაც მისი გოლგოთასა ზედა ატანისა გამო. გამაგრდი, მეფევ, გამაგრდი, რამეთუ დაგაჯილდოვა შენ უფალმა ნიჭით უმთავრესი ჯვარის ტარებისა ერში. კარგად დაიმახსოვრე, მეფეო, და არასოდეს დაივიწყო – შენ თავად უნდა აიტანო შენი მხრებით ჯვარი შენი გოლგოთის მწვერვალამდე, შენ, თავად შენ უნდა გაეკრა მასა ჯვარსა ზედა შენის თავითა და შენ თავად თავითა შენითა უნდა აღმაღლდე ჯვარისა მისისა გავლით სამარადისო სასუფეველამდე. კარგად დაიმახსოვრე მეთქი – სწორედ შენ უნდა გაუკვალო გზა ერსა, რათა შეიძლოს მან შენს ნაკვალევის მიდევნებით იგივე გზის გავლა. ამაშია შენი უმთავრესი დანიშნულება და შენ ყოველ მიზეზგარეშე უნდა აღასრულო იგი!
P.S. როგორც თავად წერილშივე მაქვს აღნიშნული, სახელმწიფოებრივი ფორმატის მსოფლმხედველობრივი საფუძველი, როგორც თესლი გულისხმობს მასზე აღმოსაცენები ორგანიზმის ანუ სახელმწიფოს სრულ სახეს მის ყოველმხრივ გამოვლინებაში. შემდგომ წერილებში შევეცდები წარმოგიდგინოთ ჩემი შეხედულებები იმ რეფორმების შესახებ, რომელთა არსებობამაც განაპირობა სახელმწიფოებრივი ფორმატის წარმოდგენილი სისტემის ორგანული მთლიანობის უზრუნველყოფა.