როდესაც ველოსიპედისა და ტრაილერის თრილერის შესახებ გახდა ცნობილი, ბუნებრივია, რეაქცია ყველას ჰქონდა. არ ვიცი როგორ იყო სხვაგან და სხვის გარშემო, ჩემ გარშემო კი, რეაქცია და შეფასება ყველას ერთნაირი ჰქონდა - „ერთი მაგის...“. არც შეცოდება („აუ, საწყალი“), არც ირონია („ამხელა კაცმა ჭკუა ვერ ისწავლა“) არც შეშფოთება-ინტერესი („რამე ხომ არ იტკინა?“), არც ღვარძლი („უარესის ღირსია“) და ა.შ.
მხოლოდ ასე - „ერთი მაგის...“
ერთადერთი, ვინც განსხვავებული კომენტარი გააკეთა, იყო ჩემი ახლობელი, რომლის ვინაობასაც არ გავამჟღავნებ. მან თქვა: „კამოს პონტში...“ ხოლო მე გამახსენდა სიტყვა „რეინკარნაცია“.
მართლაც, ბევრი აქვთ საერთო მიხეილ ნიკოლოზის-ძე სააკაშვილს და სიმონ არშაკის-ძე ტერ-პეტროსიანს. მაგალითად - ველოსიპედი, ექსპროპრიაცია და ჭამა.
სააკაშვილის მადაზე უამრავი ლეგენდა დადის, რომელთა უმრავლესობაც შეეხება არა იმას, თუ როგორ საკვებს ანიჭებს უპირატესობას პრეზიდენტი, არამედ გვამცნობს, რამდენს და რა სისწრაფით ჭამს, და რამდენ დეციბელს შეადგენს მისი ჭამით გამოწვეული ხმაური.
ლეგენდების რაოდენობით კამო დიდად ვერ დაიკვეხნის. მისი რაციონის შესახებ მხოლოდ ერთი ლეგენდა არსებობს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთი უდრის ბევრს და მოდით, ჩავატაროთ მარტივი ექსპერიმენტი: სასწორის ერთ თფშზე დავდოთ ლეგენდა კამოზე, ხოლო მეორე თეფშზე დავდოთ „რატომღაც ჯერ კიდევ“ პრეზიდენტის ისტორიები და ფრთიანი გამონათქვამები.
ანუ, სასწორის ერთ თეფშზე დევს ამბავი, თუ როგორ მოიგიჟიანა კამომ თავი და ექიმების დასარწმუნებლად როგორ მიირთვა მოზრდილი ულუფა იმისა, რისი ჭამაც არ შეიძლება და თუ ვინმეზე იტყვიან, ჭამაო, ამას არასოდეს ამბობენ პირდაპირი გაგებით. უბრალოდ, გამოთქმაა ასეთი.
მოკლედ, სასწორის ერთ თეფშზე დევს ამბავი კამოზე. მეორე თეფშზე დავდოთ ამბები მიშაზე:
ფორთხვა გორში;
მასაჟი ბერლინში;
სათბურები ბოდრუმში;
საათი მილანში;
ფეხბურთი ლუბლიანაში;
ბრწკენა ბაქოში;
ვერა ქობალია საავადმყოფოში;
გიორგი არველაძე „იმედში“;
კობა ბექაური პარლამენტში;
ალისტრახო ზესტაფონში;
დომენტი ფედერაციაში;
და ა.შ და ა.შ.
ძალიან ბევრია ასეთი და ამის მსგავსი. ზოგი ვიცით, ზოგიც არ ვიცით, მაგრამ გავიგებთ. ზოგსაც ვერ გავიგებთ, მაგრამ დედუქციის მეთოდის გამოყენებით იოლად ვივარაუდებთ, რადგან „წვეთ წყალზე დაკვირვებით, ლოგიკურად მოაზროვნე გონება იოლად დაასკვნის ატლანტის ოკეანისა და ნიაგარას ჩანჩქერის არსებობას, თუნდაც წინასწარ არაფერი იცოდეს ერთის და მეორის არსებობაზე“.
ანუ, რადგან მილანში იყო საათი, აუცილებლად იქნებოდა ბეჭედი პარიზში, საყურე ლონდონში და კულონი რომში. რადგან იყო ბრწკენა ბაქოში, აუცილებლად იქნებოდა „სექსი დიდ ქალაქში“. ასევე, რადგან იყო ახალგორის რაიონი სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში, აუცილებლად იქნებოდა კარიერა რუსეთის უშიშროებაში.
ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ნურავინ შეეცდება ჩემ გადარწმუნებას, თორემ იქით გადავარწმუნებ.
ასეა თუ ისე, ექსპერიმენტი გრძელდება და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ახლავე გეტყვით, თუ რა დასკვნის გამოტანა შეიძლება - მიშა და კამო ერთმანეთს ტოლს არ უდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის საქმენი საგმირონი, რომელთა ერთი, მცირე ნაწილიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, თავისი არსით სწორედ ის არის, რაც პირდაპირი გაგებით არ ითქმის, მაგრამ გამოთქმა კი არის ეგეთი და იქნებ ეს გამოთქმა მაშინ დაიბადა, როდესაც ყველასათვის ცნობილი გახდა, თუ რას მიირთმევდა პატივცემული
სიმონ არშაკის-ძე ტერ-პეტროსიანი, ოღონდ კი ექიმები საკუთარ სიგიჟეში დაერწმუნებინა.
განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ ერთი თავს იგიჟიანებდა, მეორე კი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ჭკვიანიც არის და მოხერხებულიც.
ჰოდა, ეგ ჭკვიანი და მოხერხებული დაეჯახა ტრაილერს.
„კვირა საღამოს უნდა გვქონოდა შეხვედრა, მანამდე ფეხბურთი ვითამაშეთ, რის მერეც პრეზიდენტს ველოსიპედით გავლა მოუნდა, ასეც მოიქცა, მაგრამ ჩვენ აღარ წავყევით, ნეტავ წავყოლოდით. ზუსტად რა და როგორ მოხდა, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, სერიოზული ტრავმა მიიღო“ - ეს დავით დარჩიაშვილის სიტყვებია, რომელიც სააკაშვილს თურქეთში ახლდა.
ფეხბურთის სათამაშოდ ყოფილან! ველოსიპედით გავლა ექსპრომტი იყო, ოღონდ ცდება დარჩიაშვილი, როდესაც ამბობს, რომ „პრეზიდენტს ველოსიპედით გავლა მოუნდა“, უფრო ზუსტი იქნებოდა, თუ იტყოდა, რომ „მიშას თავისებურად მოუარა“.
გეუბნებით, კამოა-მეთქი - ველოსიპედი, ექსპროპრიაცია და გაძლიერებული კვება, იმის კომუნიზმი და ამის ლაზიკა. ოღონდ, ის თავს იგიჟიანებდა და ჭამდა, ეს კი ვერაფრით დაჭკვიანდა (აწი რაღა დროსია), ხოლო ჭამა მისი მოწოდებაა და „ვეფხისტყაოსნის“ მისეულ ინტერპრეტაციას თუ გავიხსენებთ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, თუ როგორ ახსოვს რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია“. რა თქმა უნდა, ახსოვს ასე: „რასაცა შეჭამ შენია“.
ეს პატარა მინდორ-ველი შენია, იმ მინდორზე მდგარი ეს თეთრი შენობაც შენია და ამ თეთრ შენობაში რომ პატარ-პატარა ოთახებია, ერთი ოთახი ნამდვილად შენია. ოთახი გარედან იკეტება და დერეფნებში თეთრხალათიანი ბიძიები დააბიჯებენ. შენ ზოლიანი შარვალ-ხალათი გაცვია და კედლებზე ველოსიპედებს ხატავ.