ყველასთვის მოულოდნელად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის პოსტი დატოვა ალექსეი დვინიანმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან უკვე დაასრულა თავისი დიპლომატიური მისია აფხაზეთში. მის ფუნქციას დროებით შეასრულებს მისი მრჩეველი და თანაშემწე მაქსიმ ლიტვინოვი. ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი მიზეზზე, თუ რატომ დატოვა ე.წ. დიპლომატმა პოსტი.
დვინიანი ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის მარტში დაინიშნა. მან რუსი დიპლომატი სემენ გრიგორევი შეცვალა, რომელიც აფხაზეთის ელჩად თითქმის ათი წლის განმავლობაში მუშაობდა.
Эхо Кавказа-სთან საუბარში დვინიანის შემცვლელი მაქსიმ ლიტვინოვი აცხადებს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა გახდა სემიონოვის მოსკოვში მოულოდნელად დაბრუნების მიზეზი. მხოლოდ ის იცის, რომ ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება იყო.
"არ ვიცი, როდის უმთავრდებოდა ელჩობის ვადა, ასე კონკრეტულად არ არის განსაზღვრული, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტს ხელმძღვანელობა... ელჩების გადაყვანა-გადაადგილება სხვადასხვა რამეზეა დამოკიდებული, ზოგს სხვა ქვეყანაში უშვებენ, ზოგს დასაბრუნებლად პირადი მიზეზები აქვს. თუმცა, დვინიანს მსგავსი არაფერი უთქვამს..." - ამბობს ლიტვინოვი 54 წლის ელჩზე, რომელიც რუსული მედიის ცნობით, დიპლომატიურ საქმიანობას 1989 წლიდან ეწევა. აფხაზეთამდე, ის რუსეთის დელეგაციის მისიით გაეროსა და ევროკავშირშიც იყო წარმოდგენილი.
სოხუმში ყოფნისას დვინიანი იხსენებდა, რომ პირველად აფხაზეთში, საბჭოთა კავშირის წლებში, სტუდენტობის პერიოდში ჩავიდა და იქუარობით აღფრთოვანდა.
"შემდეგ უკვე, 2006 წელს ვესტუმრე მას და აღვფრთოვანდი აქაურობით. ამის შემდეგ, კვარტალში ერთხელ ჩამოვდიოდი და ცოტა ხანში, ჩემი მეორე სახლიც ვუწოდე. მალე კი, ელჩად დამნიშნეს... თუმცა, მუშაობის პირველ თვეები ძალიან რთული იყო, შესაძლოა, იმიტომაც, რომ მანამდე ელჩად არასდროს მიმუშავია... მე და ჩემი თანამშრომლები ყველაფერს ვაკეთებდით, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ცხოვრება უკეთესი გაგვეხადა..." - წერს დვინიანი გამოსამშვიდობებელ პოსტში.
გამოცემის ცნობით, მოსკოვიდან მისმა წყარომ აცნობა, რომ დვიანინის ელჩობის მისიის ვადაზე ადრე შეწყვეტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკმაყოფილებას უკავშირდება.
"კერძოდ, ეს რუსეთის დუმის არჩევნების შედეგებს უკავშირდება. 19 სექტემბერს, აფხაზეთში დროებით ან მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ამას მათი მხრიდან დიდი აქტიურობა არ მოჰყოლია".
ე.წ. ელჩი რეგიონში ყოფნის დროს არაერთხელ გაეხვა სკანდალში. გასულ წელს, როდესაც აფხაზეთში რუსი ექიმების ჯგუფი ჩავიდა, გავრცელდა ინფორმაცია რუსი ექიმების გაუპატიურების შესახებ. ე.წ. სამართალდამცავებმა გამოკითხეს ადგილობრივი ექიმი, ეჭვმიტანილი თემურ ვოზბა. თუმცა ამის შემდეგ, ბევრი არაფერი გარკვეულა.
დვინაინი ირწმუნებიდა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და მედიასთან, რომელიც სიცრუის ტირაჟირებით იყო დაკავებული თანამშრომლობას წყვეტდა... თუმცა, ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მოხალისე რუსი ექიმების ჯგუფი, რომელთა კომფორტული დაბინავება საელჩომ ვერ უზრუნლყო, რუსეთში რამდენიმე დღეში, პირადი ხარჯებით დაბრუნდა...
აფხაზეთის მოსახლეობა დვინიანის მუშაობის განხილვისას წინა ელჩის სემენ გრიგორევის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მათი თქმით შედარებით სერიოზული ადამიანი იყო...
"აქ საინტერესოა წავიდა თუ გაუშვეს... რუსი ბიზნესმენებისთვის კრიპტოსამოთხის მოწყობაში, სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი და რა ხდება, წილში არ გაიყვანეს?.. ფაქტია, რომ შეშის ფეჩებისა და გაზის შემოყვანის თეორიული პერსპექტივის იმედით დაგვტოვა. ალბათ საკმაოდ გაისქელა ჯიბეები და თავის მოსკოვის თბილ ბინაში დაბრუნდა. რას ვიზამთ, ასე ექცევიან უპატრონო ქვეყანას" - წერს სოციალურ ქსელში რიმა კვიცინია.
"მე არასდროს მქონია მასთან გადაკვეთა, მაგრამ კომენტარებიდან ვხვდები, რომ ის არავის მოსწონდა. რატომ?.. კრიპტოვალუტის ბიზნესში იყო? იქნებ იმიტომ, რომ სომხების აშკარა მხარდამჭერი იყო?.. პრინციპში ან მას რატომ უნდა მოვწონებოდით, ზოგჯერ პაპუასებსაც კი ვასწრებთ, ან ჩვენ რატომ უნდა მოგვწონდეს, როდესაც მისი ქვეყნის ხელისუფლება, თან გვაღაირებს, თან სუვერენიტეტის დათმობას გვაიძულებს. რბილი ძალის პოლიტიკის პირისპირ ვმარცხდებით" - წერს კიდევ ერთი აფხაზი.