ვახტანგ კომახიძის ცემა ასლან აბაშიძის მხრიდან ცენტრის მორიგი გამოწვევაა. აჭარის ხელისუფლება ასეთი პროვოკაციებით უკვე დიდი ხანია ცდილობს, კორუმპირებულ რეჟიმთან დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაზარდოს. კომახიძე მათი მორიგი მსხვერპლი გახდა. მანამდე იყო სასტიკად ნაცემი დავით ბერძენიშვილი, კობა დავითაშვილი, კობა ხაბაზი, „კმარას“ აქტივისტები. უფრო ადრე კი უამრავი დაპატიმრებული, ნაწამები და ნაცემი ადამიანი. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, ოღონდ არა ასლან აბაშიძის სცენარით. მისი პრობლემის გადაჭრას უნდა მოეძებნოს საქართველოს კეთილდღეობისთვის მისაღები გზა.
გუშინ ასლან აბაშიძის რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ჭაშმარიტი სახე. „რუსთავი - 2“-ის ჟურნალისტის, ვახტანგ კომახიძის საშინლად დასისხლიანებული სახე ტელეეკრანზეც კი საშინელი სანახავი იყო. ასე ჟურნალისტს აბაშიძის სპეცნაზის წარმომადგენლები გაუმასპინძლდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის აბაშიძეების ოჯახის ბიზნესზე გამოძიებას აწარმოებდა.
ვახტანგ კომახიძე ქედიდან ბათუმისაკენ გზაზე უმოწყალოდ სცემეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტი საგზაო პოლიციელის ბრძანებას დაემორჩილა და მანქანა გააჩერა. მას გაუსწორდა შავებში ჩაცმული ადამიანების ჯგუფი. მანამდე „რუსთავი - 2“-ის ოპერატორი, რომელიც თბილისში ბრუნდებოდა, ავტონომიის სამართალდამცველებმა სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვეს, კასეტა ჩამოართვეს, გადაღებული მასალა კი გაანადგურეს.
თვითმხილველების თქმით, პოლიციამ არაფერი მოიმოქმედა იმისათვის, რომ ჟურნალისტის ცემა აღეკვეთა. კომახიძეს თან ახლდა გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელმაც განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა, მანქანის ჩხრეკის შემდეგ, ვიდეოკამერა და ფოტოაპარატი წაიღეს.
კომახიძეს პირველი დახმარება ბათუმში აღმოუჩინეს. ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც მძიმეს. გუშინვე დაზარალებული ჟურნალისტი რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს.
ჯემალ გოგიტიძე მომხდარით აღშფოთებულია, თუმცა აცხადებს, რომ ჟურნალისტი აჭარაში აგენტურული საქმიანობით იყო დაკავებული.
„თავდასხმის მიზეზი, ალბათ, ჩემი საქმიანობა იყო. საქმე ისაა, რომ აგენტურულ საქმიანობაზე იყო საუბარი გოგიტიძის მხრიდან. ძალიან სულელური, მაგრამ მაინც კანონია მიღებული აბაშიძის ხელისუფლების მიერ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ, რომელიც პირდაპირ არეგულირებს ჟურნალისტის საქმიანობას. მართალია, არეგულირებს ძალიან ცუდად, მაგრამ იქ მაინც წერია, რომ ჟურნალისტს აქვს უფლება, მოიპოვოს ინფორმაცია აჭარის ტერიტორიაზე. მე მხოლოდ ამას ვაკეთებდი. მე ვაგროვებდი ინფორმაციას ასლან აბაშიძის სანათესავოს ქონების შესახებ და მათი ნათესაური კავშირების შესახებ. დაახლოებით 40 უმაღლესი თანამდებობის პირი არის ასლან აბაშიძის ნათესავი. მათ აქვთ უზარმაზარი ქონება“, - განაცხადა გუშინ „რუსთავი - 2“-ის პირდაპირ ეთერში ვახტან კომახიძემ.
ჟურნალისტმა გუშინვე დაასახელა იმ ადამიანთა ნაწილი, ვინც, მისი თქმით, თავდასხმაში მონაწილეობდა. „მე მაქვს მასალები იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებოდა ასლან აბაშიძე არძინბას ხელისუფლებას საქართველოსთან ომში. რაც შეეხება თავდამსხმელებს, ასეთ ჯგუფებს შავოსნებს ეძახიან. ვაჟა თაბაქიძე არის ბათუმის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე. მისი შვილი სტიოპა თაბაქიძე თავის მეგობარ ანდრო ზოიძესთან ერთად არის ამ ჯგუფის ხელმძღვანელი. 20-20 კაციანი ჯგუფებია შექმნილი და ვაჟა თაბაქიძე უზრუნველყოფს მათ ოპერატიულ საქმიანობას. ისინი ღამით მორიგეობენ და ასრულებენ ამ ტიპის სამუშაოებს“, - განაცხადა დაზარალებულმა ჟურნალისტმა.
„რეზონანსმა“ ვერ მოახერხა დაკავშირება ვახტანგ კომახიძის მიერ დასახელებულ ადამიანებთან., მათ, ალბათ გამოძიებისთვის ბევრ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.
გენერალური პროკურატურის შესაბამისი სამმართველოები ვახტანგ კომახიძის აჭარაში ცემის ფაქტთან დაკავშირებით სათანადო რეაგირებას და სისხლის სამართლის საქმის დროულად აღძვრას ითხოვენ აჭარის სამართალდამცავი ორგანოებიდან.
როგორც პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, საქართველოს გენერალური პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული.
გუშინვე ამ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია გამართა ბაქოდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი განცხადებით, ის ათი დღის ვადას აძლევს აჭარელ სამართალდამცავებს, გამოავლინონ ამ ვანდალიზმის ავტორები. „საქართველოს კონსტიტუცია მავალებს, დავიცვა არა მარტო ჟურნალისტების, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებები. ვაფრთხილებ ყველას, რომ არავის არ შერჩება ასეთი თავხედობა“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში შეაქვს საკანონმდებლო ინიციატივა აჭარის უშიშროების სამინისტროს გაუქმების შესახებ. „აჭარის უშიშროების სამინისტრო უნდა გაუქმდეს და გაუქმდება. ორი უშიშროების სამინისტრო ერთ ქვეყანაში არ არის საჭირო. მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ უშიშროების სამინისტრო იქ ხშირ შემთხვევებში დაკავებულია იმით, რომ ეწევა ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ და ადგილობრივ წვრილმან ჯაშუშებს მოვეპყრობით ზუსტად ისევე როგორც მოვეპყრობით უცხოელ ჯაშუშებს. საქართველოში არსებობს ერთი კონსტიტუცია, ერთი ხალხი და ერთი უშიშროების სამსახური“.
სააკაშვილი აცხადებს, რომ მას მართლაც სურს აჭარაში წესრიგის დამყარება და დაამყარებს კიდეც. პრაქტიკა აჩვენებს, რომ სააკაშვილი ასეთ თემებზე იშვიათად ხუმრობს.