ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში

ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა. ირაკლი ალასანია ბულგარელ კოლეგასთან თოდორ თაგარევთან გამართავს შეხვედრას. მხარეები საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ISAF-ის მისიას. დაგეგმილია ასევე, საქართველოსა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრების პრესკონფერენცია მედიის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გიორგი რაკოვსკის სახელობის ეროვნულ სამხედრო აკადემიას ეწვევა და სამხედრო სასწავლებლის ხელმძღვანელობას შეხვდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი სოფიის ცენტრალურ სამხედრო კლუბში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში „თავდაცვის სფეროში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების“ (NATO’s Building Integrity) საკითხებს შეეხება. დაგეგმილია ასევე, ირაკლი ალასანიას სიტყვით გამოსვლა ბულგარეთის ატლანტიკურ კლუბში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბულგარეთში მცხოვრებ ქართველებს შეხვდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ალექსანდრე ნევსკის ტაძარსაც ესტუმრებიან და უცნობი ჯარისკაცის მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთში 26 აპრილს დასრულდება.