მამუკა არეშიძე ლავროვის განცხადებაზე: მარტო რუსეთის შანტაჟის აქცენტირება საკმარისი არაა, თავად დასავლეთი რატომ არ დგამს საბოლოო ნაბიჯს?

მამუკა არეშიძე ლავროვის განცხადებაზე: მარტო რუსეთის შანტაჟის აქცენტირება საკმარისი არაა, თავად დასავლეთი რატომ არ დგამს საბოლოო ნაბიჯს?

მარტო იმის აქცენტირება, რომ რუსეთი შანტაჟის ენით საუბრობს, პრობლემას ვერ აგვარებს. თავად დასავლეთი რატომ არ დგამს საბოლოო ნაბიჯს? ამაზეა უფრო მეტი ფიქრი, ანალიზი და მუშაობა საჭირო, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას, რომლითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს მყარი გარანტიები მოთხოვა, რომ კვლავ არ მიუახლოვდება რუსეთის საზღვრებს, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ მიიღებს თავის რიგებში უკრაინას, საქართველოს და, სავარაუდოდ, მოლდოვასაც.

„რუსეთის განცხადება, რასაკვირველია, შანტაჟია. მაგრამ მარტო იმის აქცენტირება, რომ რუსეთი შანტაჟის ენით საუბრობს, პრობლემას ვერ აგვარებს. თავად დასავლეთი რატომ არ დგამს საბოლოო ნაბიჯს? ამაზეა უფრო მეტი ფიქრი, ანალიზი და მუშაობა საჭირო.

„რაც შეეხება ქართველი პოლიტიკოსების განცხადებას, ნაწილობრივ მართალია მათი პოზიცია, მაგრამ ეს პროცესი კარგა ხანია გრძელდება. ბუქარესტის სამიტის შემდეგ დიდი დროა გასული, ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე კი ვითარება არ შეცვლილა. რაც ნიშნავს, რომ უფრო ღრმა ანალიზია საჭირო თუ რატომ ხდება ეს ასე და ზოგადად რა პერსპექტივა გვაქვს. ასე რომ, ამ საქმეში ცალსახა შეფასებები კონტრპროდუქტიულია",-განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ის მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარების გზა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით ვერ შემოიფარგლება. რადგან რუსეთმა კარგად იცის, რომ არსებობენ ნატოს წევრი ქვეყნები რომლებიც ჩვენს გაწევრიანევბას არ ეთანხმებიან. რის გამოც, ამ ეტაპზე, ნატოს გაფართოვებასთან დაკავშირებით შიშის საფუძველი არა აქვს.

„რუსეთმა კარგად იცის, რომ მიუხედავად დასავლეთის განცხადებებისა, რეალურად, მაინც რთულია ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხორციელება. რადგან, არსებობს მთელი რიგი დასავლური ქვეყნები, რომლებიც ჩვენი გაწევრიანების წინააღმდეგნი არიან. მაგალითად გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ა.შ. აქედან გამომდინარე, ამ თვალსაზრისით მისთვის საფრთხის ხარისხი მაღალი არაა", - განაცხადა ანალიტიკოსმა „რეზონანსთან" საუბრისას.

კითხვაზე თუ როგორ მოახერხებს უკრაინა და საქართველო ნატოს წევრობას ამ წინააღმდეგობების ფონზე, ანალიტიკოსი ამბობს, რომ სანამ რუსეთი არ დასუსტდება, ეს ნაკლებადაა შესაძლებელი.

„ვიდრე რუსეთი იმ მდგომარეობაშია, რომ ტოლ-სწორად შეუძლია დასავლეთთან კამათი, მანამდე ნატო-ში ჩვენი გაწევრიანება არ მოხდება. ამისთვის რუსეთში მდგომარეობა მისი დასუსტების მხრივ უნდა შეიცვალოს. ამიტომ, ქართულ მხარეს ამ დროისათვის მუშაობა მართებს. ნატოში გაწევრიანებამდე ჩვენ ძალიან სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რადგან ბევრი პრობლემა გვაქვს როგორც შიდა, ისე რეგიონალური პოლიტიკის თვალსაზრისით, რომლის გადაწყვეტასაც, სამწუცაროდ, საშველი არ დაადგა",-განაცხადა არეშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სტოკჰოლმში განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, ნაღმია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში უკვე აფეთქდა.

ლავროვის განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ, მათი განმარტებით, რუსეთი კვლავ შანტაჟის ფორმებს მიმართავს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რუსეთს არ სურს ჩვენი „ნატოში" გაწევრიანება, მაგრამ ისიც იცის, რომ ეს ვერ მოხდება მანამ სანამ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს არ გავიტვალისწინებთ.

"არ არის ახალი, რომ რუსეთს და კრემლს ყველაზე მეტად თუ რამე არ უნდა, ის არის, რომ ჩვენ ვიყოთ „ნატო"-ს წევრი, მაგრამ ზუსტად იცის კრემლმა, რომ ჩვენ ვერასდროს გავხდებით ამ ორგანიზაციის წევრი თუ არ განვახორციელეთ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები და რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით," - აცხადებს დოლიძე.

"ლელოს" წევრი ლანა გალდავა ამბობს, რომ რუსეთის ამგვარი განცხადებები სიახლე არაა, თუმცა საქართველომ თავის მიზნისკენ სწრაფვა არ უნდა შეაჩეროს. მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობა და ორმხრივი სამხედრო ხელშეკრულების გაფორმება.

ლავროვის სხვაგვარი განცხადებების მოლოდინი არ ჰქონია არც მმართველი პარტიის წევრ მიხეილ სარჯველაძეს, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რეალური შიშის საფუძველი არ არსებობს ვინაიდან ცივილიზებული მსოფლიო ამგვარ ულტიმატუმს არ წამოეგება და ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე არ შეექმნება.

"მიუხედავად ამისა ეს დისონანს ვერ შეიტანს იმ გეგმებში რომელიც საქართველოს აქვს, არა მგონია თანამედროვე მსოფლიოს განწყობები იყოს ისეთი, რომ ამ ტიპის შანტაჟს დამორჩილდეს და ამან რამენაირი უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველოს პერსპექტივებზე ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

Katana . "როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რუსეთს არ სურს ჩვენი „ნატოში" გაწევრიანება, მაგრამ ისიც იცის, რომ ეს ვერ მოხდება მანამ სანამ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს არ გავითვალისწინებთ."
:))
აუჰ!.. ეგ არის ერთადერთი მიზეზი, თორემ როგორც კი დასავლეთის რეკომენდაციებს გავითვალოსწინებთ, ეგრევე... "მიგვიღებენ კი არა, შევგრიალდებით ნატოში!" - როგორც ლელა კაკულიამ იწინასწარმეტყველა.
მაგალითად, სასამართლოს რეფორმა რომ ზუსტად დასავლეთის ჭკუაზე განგვეხორციელებინა, ახლა უკვე ნატოში ვიქნებოდით! (ხომ ხედავთ, ალბანეთი რა უცებ მიიღეს, იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა ბანაკის დაშლამდე, საკუთარი მანქანის ყოლაც კი აკრძალული ჰქონდა ენვერ ხოჯას, როგორც კაპიტალისტური გადმონაშთი... მაგრამ უპრობლემოდ მიიღეს ნატოში, იმიტომ, რომ მათ სასამართლო სისტემაში არ ჰყავდათ მურუსიძე!
აი, ეგ არის მთავარი დაბრკოლება ნატოს გზაზე!
თორემ რუსეთს ვინ კითხავს ჩვენს მიღება-არმიღებას?!..
P.S.
ბატონებო, გინდათ ოპოზიციაში იყავით, გინდათ "პოზიციაში", არ მოგბეზრდათ საკუთარი ხალხის დაბოლება და თვალებში ნაცრის შეყრა?!
არ დაიღალეთ?!
ვინმეს მართლა ჰგონია, თითქოს აფხაზეთი და სამაჩაბლო იმიტომ წაგვართვა რუსეთმა, რომ ვძულვართ და ჩვენი გამწარება უნდოდა?
"სამხრეთ ოსეთში", აფხაზეთში, სომხეთში და ახლა უკვე აზერბაიჯანშიც რომ საკუთარი სამხედრო ბაზები ჩასვა და ამიერკავკასია სრულ ალყაში მოაქცია, - თქვენ ვერ ხვდებით, რატომ ქნა ეს, თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ ტყემალზე ვზივართ?



1
2 წლის უკან