ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ამერიკელია. თავისი საელჩოს მუშაობით კმაყოფილია: ყველა ინფორმაციას დროულად გვითარგმნიან და გვაწვდიანო. მაგრამ ასეთივე წარმატებით აქებენ მეზობლებსა და მეგობრებს და მათ, ასე ვთქვათ, ცოცხალი და საინტერესო ამბების წყაროდ ნათლავენ.
- ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკითაა დაკავებული. ხშირად, როცა რაიმეს დაზუსტება მინდა და დეტალების კვლევას ვიწყებ, კითხვებზე პასუხებს ვეღარ ვიღებ. ინფორმაცია კი ძალიან ბევრია. პოლიტიკა ყველას აინტერესებს. ჩემი კარის მეზობელი რამდენჯერაც დამინახავს, ჯერ სასიამოვნო ჟესტით მეკითხება: რაიმე ახალი ხომ არ გაგიგიათო. უარის მიღებისთანავე კი მომახლის: იცით, თურმე... და დაიწყებს. ზოგჯერ, როცა მეჩქარება, დელიკატურად ვაჩერებ ხოლმე: ქალბატონო, თუ გნებავთ, ამაზე ჩაიზე ვილაპარაკოთ-მეთქი. თუ არსად მეჩქარება და კარგ ხასიათზე ვარ, ვდგავარ და ვუსმენ, უფრო სწორად მის მიმიკებს ვაცქერდები, სასაცილოა.
ბოლო ქართული პოლიტიკური ჭორი რა მოისმინეთ, მეზობლისგან კი არა, საერთოდ?
- მე მგონი, მითქმა-მოთქმაში სოროსმა ყველა რეკორდი მოხსნა. ვარდების რევოლუციის ავტორად სოროსს აცხადებენ, შემსრულებლად - თქვენს პრეზიდენტს. მითხრეს, რომ მედიაშიც დიდი ფული ჩაიდო. უფრო სწორად, „რუსთავი 2“-ში დიდი ფული ჩაიდო სოროსის. რევოლუციამდე ამ არხით ყველა აღფრთოვანებული იყო.
სხვა თემაზე გადავედით, მე თქვენ პოლიტიკური ჭორი გთხოვეთ.
- მითხრეს, რომ თქვენს პრეზიდენტს ხშირად ხედავენ „მატრიოშკაში“. რამდენჯერმე მეც ვიყავი იქ. სხვათა შორის, ეს ინფორმაცია რომ მოვისმინე, მერე მივედი იქ, დამაინტერესა. მითხრეს, რომ განგაში, რომელიც სააკაშვილმა ერთხელ შუაღამისას გამოაცხადა, სტარტს „მატრიოშკადან“ იღებდაო. ხელისუფლება იქ ქეიფობდა და შეზარხოშებულ სააკაშვილს განგაშის იდეაც იქ გაუჩნდაო. პოპულარული პრეზიდენტი და პირველი ლედი გყავთ. მეც მომწონს ლედის დამოკიდებულება ქართულისადმი და საქართველოსადმი. ძალიან იზიდავს ხალხს, როგორც ჩანს. სანდრა რულოვსი სააკაშვილზე პოპულარულია. ხალხს ის ძალიან უყვარს. პრეზიდენტზე ხან ცუდი მესმის და ხან - კარგი. სანდრაზე კი ცუდი ჯერ არაფერი გამიგია. ხალხი მის დანახვაზეც კი ბედნიერებისგან იბადრება და იცინის. მისი სწამთ. ეს მნიშვნელოვანია. სანდრა ეფექტურია, მას ეტყობა, რომ ევროპიდან არის, არაფერი ეშლება, პიარიც ზომიერი აქვს.
ლედიზე საუბარმა ძალიან გაგიტაცათ...
- რატომაც არა. თქვენს წინა ლედიზე ბევრი მსმენია, ახლოს არ ვიცნობდი, თუმცა, როგორც ჩემი დასავლეთელი კოლეგებისგან ვიცი, კორუფციაში მასაც ედებოდა ბრალი. მისი ბიზნესი თუ ქველმოქმედება არცთუ იმდენად სუფთაა.
საშიშ ინფორმაციას ფლობთ?
- რატომ საშიშს? უბრალოდ, ინფორმაციაა. ახლანდელი ლედი კი მართლა მონდომებულია.
პრეზიდენტს რას უწუნებთ?
- პიარს. მას ზედმეტები მოსდის. მაგალითად, ამას წინათ „ბიგ-ბენში“ რაღაცეებს ყიდულობდა, შემთხვევით წავაწყდი ქუჩაში, ჟურნალისტები ელოდნენ. ეს ზედმეტი მომეჩვენა. ადრე ამდენ შევარდნაძეს არ უჩვენებდნენ, ახლა ყველგან სააკაშვილია, სადაც არ უნდა გადართოთ. თუმცა, ჩემს მეზობელს თუ ავიღებთ საზომად, მათ მოსწონთ. იმედია, იმედებს გაამართლებს.
გინდათ თქვათ, რომ შევარდნაძე სჯობდა?
- ასე სენსაციურ განცხადებას ვერ გავაკეთებ. შევარდნაძე ძალიან მატყუარა იყო, ზოგჯერ მეც კი მიჩნდებოდა პროტესტის გრძნობა, მინდოდა, გარეთ გამოვსულიყავი და მეყვირა: ცრუობ!!!
როგორც ჩანს, აქტიური სტუდენტი იყავით.
- გმადლობთ, არა მიშავდა რა. ვაქტიურობდი, ხან სტიპენდიის მომატებას ვითხოვდი და ხან - რას.
ამერიკულ პოლიტიკაში არ ერეოდით?
- როგორ არა, მაშინ მარტივი იყო ყველაფერი. საბჭოთა კავშირისა და ცივი ომის წინააღმდეგ ვიბრძოდით. მაგრამ არ მოგვწონდა ავღანეთში შეიარაღების ზრდა და ასე შემდეგ.
ხუმრობთ?
- დიახ. სინამდვილეში უფრო მეტად სტუდენტური პრობლემებით ვიყავით დაკავებული.
პოლიტიკას ცოტათი რომ გადავუხვიოთ, სად ირთობთ თავს?
- „მატრიოშკაში“ რომ ვიყავი, უკვე მოგახსენეთ. სხვა რა ვიცი, ხან - სად და ხან - სად. მომწონს აქაურობა. ერთხელ „მარშრუტკით“ ვმგზავრობდი და იცით, იქ ვინ აღმოვაჩინე? არც დამიჯერებთ - გამსახურდიას ქვრივი. წინ იჯდა, მოწყენილი და სევდიანი მომეჩვენა. მას მერე ამ ქალბატონს ვაფასებ. რაღაც ისე იჯდა, თითქოს ჩვენთან ერთად არც იყო. უცნაური ჩაცმულობა აქვს, რომ ვუყურებ, სამოციანი წლების მოდა მახსენდება. ეს არ დაბეჭდოთ, უხერხულია.
ახალი ჰობი ხომ არ გაგიჩნდათ საქართველოში?
- მუზებმა შემაწუხეს ბოლო დროს, ვხუმრობ. განსაკუთრებული არაფერი. ბევრს ვმოგზაურობ. ძალიან მომწონს. ქართველები თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. ყველაფერს დაუზარელად გაგიკეთებენ, გიდობას გაგიწევენ, სიამოვნებთ, როცა წარსულის სიმდიდრეებს გაჩვენებენ, ეამაყებათ. მაგრამ, როცა ამ დანგრეულ გზებზე გიწევს სიარული და ეკითხები: წარსული კარგი, მაგრამ ამაზე რას იტყვითო, გიპასუხებენ: ეს ხელისუფლების ბრალიაო. არც ეს მესმის. ალბათ, სჯობს, ცოტა ხალხმაც იაქტიუროს და თავად გააკეთოს ყველაფერი. სამაგიეროდ, არჩევნებზე არ მისცეს ხმა ხელისუფლებას.
ეს მათაც უთხარით?
- არა.
საქართველოში იცხოვრებდით?
- დიდი სიამოვნებით, მაგრამ, ალბათ, მალე აქედან გამგზავრება მომიწევს. თუმცა არა უშავს, დავბრუნდები. ავიღებ თქვენს ფულს - თეთრებს და მტკვარში გადავყრი. ამბობენ, თუ დაბრუნება გინდა, ქვეყანაში ფული უნდა გადაყარო და დაბრუნდებიო.