"19 აპრილს რუსთაველის გამზირზე რა ოდენობის ხალხიც შეიკრიბა, იქიდან მცირე ნაწილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" გულმხურვალე მხარდამჭერი, დანარჩენებიდან კი ზოგი ძალით მიიყვანეს და ზოგი - ფულით! სააკაშვილმა 19 აპრილამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, აქციაზე არ მივალო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მივიდოდა და ასეც მოხდა. 19 აპრილამდე კარგად ჩანდა და 19 აპრილსაც გამოჩნდა, რომ ამ აქციის მასპინძელი იყო ვანო მერაბიშვილი. სწორედ მასპინძლურად მოიქცა მერაბიშვილი, რომელსაც სააკაშვილის გამოსვლას ბოლომდე არ მოუსმინა და აქცია დატოვა. ამით მან ხაზი გაუსვა, მე ვარ აქ სიტუაციის ბატონ-პატრონი, მე მოვამზადე ეს აქცია და აწი უჩემოდაც ჩაივლისო. სააკაშვილი იმიტომ მივიდა 19 აპრილის აქციაზე, რომ ვანო მერაბიშვილი არ დაფიქსირებულიყო ამ აქციის და, საერთოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერად!", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილი იმიტომ მივიდა 19 აპრილის აქციაზე, რომ ვანო მერაბიშვილი არ დაფიქსირებულიყო ამ აქციის და, საერთოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერად!".
"19 აპრილს აქციაზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა ნამდვილად არ იყო იმ 40 პროცენტის შესაბამისი, რომელიც "ნაციონალებმა" არჩევნებში დაიწერეს. მეტიც, 19 აპრილის აქციაზე ნათლად გამოჩნდა, რომ უახლოეს მომავალში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" 5-პროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავს! გარდა იმისა, რომ "ნაციონალებმა" მიტინგი ჩაატარეს თბილისში, 19 აპრილს მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მომავალზე გავლენა იქონიოს! სერბეთმა და კოსოვომ ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც სერბეთმა უარი თქვა სერბული ანკლავების გაკონტროლებაზე კოსოვოს ტერიტორიაზე. სერბეთს ამ დოკუმენტით ევროკავშირისაკენ გაეხსნა გზა, მაგრამ, მეორე მხრივ, სერბეთი, პრაქტიკულად, დაემშვიდობა კოსოვოს. აი, ამ ფონზე, მე მეშინია, რომ რუსეთმა, საქართველოს დასავლელი პარტნიორების დასჯის მიზნით, კონტრნაბიჯები არ გადადგას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"შეიძლება რუსეთმა სანქციები დაუწესოს საქართველოს ენერგოსფეროში, შეიძლება, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას შეუშალოს ხელი და ა.შ. სამხედრო ავანტიურას გამოვრიცხავ, მაგრამ სანქციები მოსალოდნელია და საქართველო ფრთხილად უნდა მიუდგეს ამ საკითხს. ის რიტორიკა, რაც 19 აპრილს სააკაშვილსა და მის მომხრეებს ჰქონდათ რუსეთის მიმართ, არა მგონია, საქართველოსათვის სასარგებლო იყოს", - ამბობს რესპონდენტი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ძალიან სერიოზული შიდა დაპირისპირებაა. მერაბიშვილმა გააკეთა კომენტარი, ახალაიასთან მხოლოდ პირადული უთანხმოება მაქვს და არა პოლიტიკურიო, მაგრამ არავითარი პირადული დაპირისპირება ახალაიასა და მერაბიშვილს შორის არ არის, ეს არის სწორედაც პარტიული და პოლიტიკური დაპირისპირება. 1 ოქტომბრის შემდეგ ბაჩო ახალაიამ მოინდომა, "ნაცმოძრაობის" გადამრჩენი და ლიდერი გამხდარიყო და ამიტომაც დაბრუნდა საქართველოში. როგორც ვიცი, "ნაცმოძრაობის" რიგითი წევრების ინიციატივა იყო, რომ ბაჩო ახალაია გამხდარიყო პარტიის მედროშე. პირადად მე, თავიდანვე ვთვლიდი, რომ თუ ვინმეს სჭირდებოდა ბაჩო ახალაიას ციხეში ჯდომა, ეს იყო, პირველ რიგში, ვანო მერაბიშვილი. ერთ რამესაც დააკვირდით: ახალაიას დაპატიმრების პირველ დღეებში "ნაცმოძრაობის" ზოგიერთი წევრი ისე აქტიურობდა მის დასაცავად, კინაღამ საკუთარი ნებით მიუჯდა ახალაიას გვერდით, მაგრამ ცოტა ხანში ეს აქტიურობა შეწყდა. რატომ? იმიტომ, რომ პარტიის ლიდერებისაგან მიიღეს ბრძანება, თავი დაენებებინათ ბაჩო ახალაიას ქომაგობისთვის! დიახ, მერაბიშვილმა ახალაიას სახით სერიოზული კონკურენტი მოიშორა და თვითონ მოინდომა პარტიის სადავეების ხელში აღება", - დასძენს მამუკა არეშიძე.