მიმდინარე მოვლენების შეფასებას აკეთებს ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი.
- 2008 წლის 9 აგვისტოს მოხდა უდიდესი ისტორიული მოვლენა - საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და გამოცხადდა საომარი მდგომარეობა რუსეთ-საქართველოს შორის. ასევე გაერო-ში ამერიკის ელჩმა ამ პროცესებს უწოდა რუსეთის ომი საქართველოსთან და მისი შეწყვეტისაკენ მოუწოდა. ომის ფაქტი აღიარა რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა, შვედეთმა. ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა, რადგან მოხდა ფაქტის კონსტატაცია. გვახსოვს კარგად, აფხაზეთის ომის დროს სისხლი იღვრებოდა, ამის მიუხედავად არცერთ დონეზე არ დაფიქსირებულა, რომ ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი.
ბატონო სვიმონ, თქვენ იყავით გორში წასული. რა ხდება იქ სინამდვილეში?
- აბსოლუტურად მშვიდი სიტუაციაა, თუ შეიძლება ომის პირობებში ამას სიმშვიდე უწოდო. მე გორში მაშინ გახლდით, როცა გორის ტაძართან ბომბი ჩამოვარდა. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 80 პროცენტს აკონტროლებდნენ ქართული საჯარისო შენაერთები. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი გმირმა არტილერისტებმა.
საქართველოს ისტორიას რომ გადავხედოთ, რომელ წლებთან გაავლებთ პარალელს?
- ის, რაც დღეს ხდება, ესაა 1921 წლის მდგომარეობა, მაგრამ ამ ორ მოვლენას შორის სხვაობა ის გახლავთ, რომ დღეს, 1921 წლისგან განსხვავებით, გამოცხადდა მობილიზაცია. მართალია, მაშინ ცნობილი გენერლები, 10 000-ზე მეტი ოფიცერი, ასევე 60 000 რუსეთის სხვადასხვა ფრონტზე ნაომარი ჯარისკაცი გვყავდა, სამაგიეროდ, არმია არ გაგვაჩნდა. დღევანდელი ხელისუფლება 1921 წლის ხელისუფლებისგან ბევრი რამით განსხვავდება. თუკი ის ხელისუფლება მოგებული ბრძოლის მერე გარბოდა, დღეს ჩვენს ხელისუფლებას ჰყავს მონოლითური არმია, რომელიც იბრძვის და იმარჯვებს.
გამარჯვების რა შანსი აქვს ჩვენნაირ პატარა ქვეყანას დიდ რუსეთთან?
- თუ გამარჯვებაზე მიდგა საქმე, გააჩნია, მის სიდიდეს რა პარამეტრებით განვიხილავთ. რუსეთს დღეს არავითარი ძალა არ შესწევს საქართველოს ანექსიისთვის. ჩვენი სამხედრო ძალა, რომელიც ტერიტორიას იკავებს, გაცილებით ძლიერია, ვიდრე ყველა ის შენაერთი, რაც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ჩვენთან საბრძოლველად! ჩვენ, საბედნიეროდ, ძლიერები ვართ როგორც მოტივაციით, ისე პროფესიონალიზმით.
რეზერვისტების რაოდენობა 200 000 კაცია. ყველა ითხოვს ომში მოხალისედ გაწვევას. ჩვენი ჯარი არის ამერიკულ სტანდარტებზე გაზრდილი, რუსის ჯარი კი არაკაცურია, რადგან ის ადამიანის ჩაგვრაზეა აწყობილი. ჩვენ გვყავს ის ჯარი, რომელიც 2007 წელს ერაყში კოალიციის რიგებში ყველაზე მაღალხარისხოვან სამხედრო ძალად აღიარეს. ჩვენ საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცი გვყავს, იმდენი, რომ რუსეთს გადაწონის. რეზერვისტების დამატება საჭირო არ არის. ვიცი, რომ მოხალისეების მიღებაზეც უარი თქვეს, ჯერჯერობით ხალხის დამატება საჭირო არ არის. რუსეთს მხოლოდ ის შეუძლია რომ დაგვბომბოს, ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, ვიცით, რამდენიმე წელი თვით ავღანელები რუსეთის თვითმფრინავებს ვერ აგდებდნენ, ჩვენ კი 10 უმაღლესი კატეგორიის თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ. ცხადია, ამ ომში დიდ ზარალს მივიღებთ, მაგრამ ჩვენი დამარცხება შეუძლებელია.
რა დახმარებებს უნდა ველოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებიდან, რომ ისინი მარტო მხარდასაჭერი განცხადებების გაკეთებით არ შემოიფარგლონ?
- თუკი მოისურვებს საერთაშორისო საზოგადოება ჩვენს დახმარებას, მაშინ ნაკლები ზარალი მოგვადგება, თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ უკან დამხევები მაინც არა ვართ. დღეს რუსეთმა იმიტომ გაბედა ჩვენზე თავდასხმა, რომ მაპ-ი ვერ მივიღეთ. აპრილში მაპ-ი რომ მიგვეღო, ეს ომი არ მოხდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. თუ საერთაშორისო საზოგადოება არ დაგვეხმარება, თავად დაზიანდება!
თქვენი აზრით, ცხინვალის ომი აფხაზეთში ხომ არ პოვებს გაგრძელებას?
- გამორიცხული არაფერია, სენაკში, მარნეულში, ონში, ბოლნისში, კოპიტნარში, ვაზიანში, გორში, ზემო აფხაზეთშიც ჩამოვარდა რუსული ჭურვები. ყველგან ომია. სამწუხაროდ, დაზღვეულნი დღეს არაფრისგან ვართ! რუსეთის ერთადერთი ენა ძალის ენით ლაპარაკია, მათ სხვა ენა არ ესმით. თუ გინდა რუსეთი მოარჯულო, მას მედგრად უნდა დაუდგე!
ბატონო სვიმონ, გვახსოვს კარგად, სააკაშვილი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკების გამართვის შედეგად ცდილობდა, თავად ბრძანეთ, მაპ-ი რომ მიგვეღო, ეს ომი არ დაიწყებოდაო. ხომ არ მიანიშნებს ეს ყველაფერი სააკაშვილის დიპლომატიურ სისუსტეზე?
- მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი სცადა, რომ ომი თავიდან ყოფილიყო აცილებული, რუსეთმა საქართველოს დაჩოქება, დამარცხება გადაწყვიტა და თავს დაესხა. ეს ის ომია, რომელშიც ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
დღეს მიხეილ სააკაშვილი არავის არაფერს უმტკიცებს, უბრალოდ, მან უკვე დაამტკიცა, რომ ის საქართველოს თავგანწირული ერისკაცია!
და არა აქვს დღეს სირცხვილის განცდა იმ სიცრუის და მლიქვნელობის გამო, რასაც ავლენს ყოველ აბზაცში?! .
ამისთანა ისტორიკოსს წარსულზე რა უნდა დაუჯერო, როცა შენს თვალწინ მომხდარზე გაყრის თვალებში ნაცარს!